კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

ზუგდიდიდან ჩამომიტანეს მაიერის ჯიშის ვაშლი, რომელიც ტოტზე ნაყოფს ვერ ინარჩუნებს. იქნებ გვითხრათ, რისი ბრალია?

ნანა აბულაძე, თბილისი

- ნაყოფის ცვენის უამრავი მიზეზი არსებობს. მათ შორის უმთავრესია ნიადაგის ფიზიკური მდგომარეობა და ნოყიერება. თუ ნიადაგი უსტრუქტუროა, თავის დროზე არ შეგაქვთ შესაბამისი სასუქი და მიკროელემენტები, მცენარეს დაგვიანებით რწყავთ ან ზედმეტი სინესტეა და ა.შ. შეიძლება ნაყოფიც ჩამოცვივდეს, ფოთოლიც და მცენარეც გახმეს. გირჩევთ, მიხვიდეთ მემამულეთა კავშირში და მიიღოთ კონსულტაცია. კარგი იქნება, თუ იმავე მაღაზიაში შეიძენთ მიკროელემენტების კომპლექტს და შეიტანთ ნიადაგში.

თუ შეიძლება მიპასუხოთ, ოზურგეთში სოფელ მთისპირში, დაკრეფილი ადესა არის თუ არა ფრანგული წარმოშობისა?

თენგო შუბლაძე

- სოფელ მთისპირში კი არა, პარიზში მოკრეფილი ადესაც არ გახლავთ ფრანგული ჯიში. იგი ამერიკულია და მისი ნამდვილი სახელი არის "იზაბელა".

რა მიგვანიშნებს, რომ ღორი დაავადდა? თანაც, როგორც კი ერთი ღორი მოკვდება, იწყება ცხოველთა დაცემა.

ვალიკო ვალიშვილი, მცხეთა

- ღორის დაავადებათა შორის აღსანიშნავია თერაპიული, ინვაზიური და ინფექციური დაავადებები. ყველაზე საშიშია ინფექციური დაავადებები, რადგან ინფექცია გადაეცემა მეორე ცხოველს ჰაერის, წყლის, საკვებისა და სხვადასხვა სამუშაო ინვენტარით.

ღორების თერაპიული დაავადებებისგან აღსანიშნავია მოზარდეულის ბრონქოპნევმონიები, გასტროენტერიტები და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეული დაავადებები. თუ ცხოველთა სადგომებში (საღორეებში), ფერმებში არ არის კარგი ვენტილაცია და ნაკელი დროულად არ გააქვთ, გროვდება ამიაკი, რაც იწვევს ღორების სასუნთქი სისტემის დაავადებებს.

თუ საღორეების ქვეშ საფენად არ არის გამოყენებული ხის ან კერამიკული მასალა (ესე იგი, მობეტონებულია), ესეც შეიძლება გახდეს ცხოველთა დაავადების მიზეზი, რადგან ღორები ზამთარში ძალიან მგრძნობიარე არიან დაბალი ტემპერატურის მიმართ. ცხოველთა დარწყულება აუცილებელია სუფთა წყლით. დამდგარი წყალი მიკრობებს შეიცავს და კუჭ-ნაწლავის აშლილობას იწვევს.  ღორის საკვები ქატო არ უნდა შეიცავდეს სუფრის მარილს, რადგან ესეც გამოიწვევს ცხოველთა დაავადებებს.

ინვაზიური დაავადებებიდან აღსანიშნავია ასკარიდოზი, ეზოფაგოტსტომოზი, მეტასტრონგილოიდოზი და ტრიქინელოზი. ეს დაავადებები მიმდინარეობს საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემის ფუნქციის მოშლით, რაც გამოიხატება ხველებით, დიარეით ან შეკრულობით, უმადობით, კბილების კრაჭუნით. Aამ დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ცხოველთა დეჰელმინთიზაცია (ცხოველთა პროფილაქტიკური დამუშავება ინვაზიის გამომწვევის მიმართ) წელიწადში 2-ჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე.

რაც შეეხება ღორის კლასიკურ და აფრიკულ ჭირს, ღორს კლასიკური ჭირი გადაეცემა დაბინძურებული საკვებით, წყლით, ფეკალიით, შარდით, ასევე - ჰაერწვეთოვანი გზით. ავადდებიან როგორც გარეული, ასევე შინაური ღორები.  ტემპერატურა მატულობს 40-41 CO-მდე. ცხოველი მოდუნებულია, ეწყება პირღებინება, კანზე, მუცელსა და კიდურებზე ჩნდება სისხლჩაქცევები და გამონაყარი.

ქრონიკული მიმდინარეობის დროს აღინიშნება ფილტვების დაზიანება, რომელიც სუნთქვის გაძნელებითა და გახშირებით გამოიხატება. ასევე აღინიშნება დიარეა და კახექსია (სიგამხდრე). ქრონიკული მიმდინარეობა ხშირად სრულდება ცხოველთა დაცემით, თუმცა დაავადება შეიძლება გადავიდეს რემისიის ფაზაში. ასეთი ცხოველი კარგავს კონდიციას და მისი შენახვა ეკონომიურად გაუმართლებელია. ის გარემოში 1 წლის განმავლობაში გამოყოფს ვირუსს, რაც სხვა ცხოველთა დასნებოვნების მიზეზი ხდება.

კლასიკური ჭირის მკურნალობა შეუძლებელია. ხდება მხოლოდ პროფილაქტიკა ანუ ვაქცინაცია. მოსახლეობაში გავრცელებულია ცრუ ინფორმაცია, თითქოს ცხოველთა დაცემა ვაქცინაციის შემდეგ ხდება - ეს არასწორია. ვაქცინა ჯანმრთელ ცხოველს უნდა გაუკეთდეს. როცა ავცრით დაავადებულს ან ვირუსის მატარებელს, შედეგი უარყოფითი იქნება.

აფრიკული ჭირის სიმპტომებია: სისხლიანი გამონადენი ცხვირის ღრუდან და ანალური ხვრელიდან, მაღალი ტემპერატურა, კუჭის აშლილობა, კიდურების პარეზი და პარალიჩი, კახექსია. ამ შემთხვევაში არც მკურნალობა, არც ვაქცინაცია არ ხდება. პრევენციის მიზნით ღორების ახალი პარტიის შემოყვანამდე ხდება საღორეების დეზინფექცია. ამისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებები -  korsodin FF-ი, virkon S-ი, jelifept-ი. ღორების დაავადების შესახებ კითხვას უპასუხა სს "ნიკორას" სასაკლაოს ვეტერინარმა ექიმმა ლევან პაპუაშვილმა