სარწყავი სისტემები ნანგრევებიდან აღდგა - კვირის პალიტრა

სარწყავი სისტემები ნანგრევებიდან აღდგა

საქართველოში მელიორაციული მიზნებისთვის ახალი წყალსაცავები მოეწყობა

"ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენც ვმუშაობთ, სატუმბ სადგურებს ვაკეთებთ, რათა ხალხს როგორმე პრობლემა შევუმსუბუქოთ... ამ ზაფხულს მოსახლეობას 100%-იანი თუ არა, ახლანდელი 6-კუბიანის ნაცვლად, 24-კუბიანი წყალმომარაგება მაინც ექნება"

მოურწყავად მოსავალი არ მოდის, ამიტომ მელიორაცია პრიორიტეტული დარგია და, შესაბამისად, მთავრობებიც სუბსიდიებს გამოყოფენ. ძველადაც კი, ძლიერ სამეფოებს საირიგაციო სისტემები აუცილებლად გამართული ჰქონდათ. დღევანდელი საქართველო სარწყავი სისტემების ნაკლებობამ ძალიან შეაწუხა. "პრობლემების წინაშე დავდექით და  მათი მოგვარება დავიწყეთ", - ამბობს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა. ის წუხს, რომ 2006 წელს დარგი დაიშალა და მელიორაციის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთხ დამოუკიდებელ შპს-დ იქცა, რამაც ეს სფერო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.

- 2006 წლიდან შვიდმა უყურადღებო წელიწადმა ინფრასტრუქტურა გაანადგურა: სარწყავი სისტემების არხები მიწით ამოივსო, სადრენაჟო კოლექტორები წლობით გაუწმენდავი დარჩა. იქამდე მივედით, რომ ყველა სარწყავი სისტემა აღსადგენი აღმოჩნდა.

-  საქმე საიდან დაიწყეთ?

- ჯერ ყველაფერი დავიბრუნეთ. დღეს კი ყველა სისტემა უკვე წესრიგშია, სათავე ნაგებობები და პირველი რიგის გამანაწილებლები მოქმედებს.

ამას გარდა, მოვამზადეთ პროგრამა, რომელიც წყალსაცავების მშენებლობას ითვალისწინებს. მეცნიერებს მტკნარ წყალთან დაკავშირებით ცუდი პროგნოზი აქვთ. ქვეყანა წყალუხვი გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ მტკნარი წყალი შეიძლება გამოგველიოს. ეს ყურადსაღები პროგნოზია.

- რა აძლევს მეცნიერებს ასეთი ვარაუდის საფუძველს?

- მდინარეების ხარჯი იკლებს...

- არადა, ბოლო დროს ბევრი ნალექი მოდის და საოცარი წყალდიდობებია...

- კი, მაგრამ ის წყალიც მდინარის კალაპოტებს ჩაივლის და არაფერი რჩება. ამიტომ გვინდა, მოსულმა ნალექმა კი არ ჩაიაროს, არამედ ის სადმე დავაგუბოთ და წყალსაცავები შევქმნათ. სამ მთავარ მდინარეზე (მტკვარი, იორი, ალაზანი) უკვე დავიწყეთ მუშაობა.

- სამივე ჩვენი ქვეყნიდან გაედინება და მინგეჩაურის წყალსაცავში ჩადის...

- დიახ, ასეა. ძირითად მოცულობას ზაფხულში ვკარგავთ. თუ ჩვენი პროექტი მთავრობამ მოიწონა, იმ წყლის დიდ მოცულობას ჩვენთან დავაკავებთ და ზაფხულში სათანადო მარაგი გვექნება.

ამ ეტაპზე ორი პროექტია გაკეთებული - მდინარე არხაშენის (გარდაბნის ახლოს) და თეძმის (კასპის რაიონი) ახალი წყალსაცავები. მიმდინარეობს უკვე არსებულის - ნარეკვავის წყალსაცავის აღდგენა-რეაბილიტაცია. ამის შემდეგ ქართლში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება.

- საქართველოში კიდევ სად გვაქვს გამოუყენებელი წყალსაცავები?

- დედოფლისწყაროს რაიონში არის დალის მთის წყალსაცავი. ის ჯერ მელიორაციაში არ გამოუყენებიათ. მოვახერხეთ და ჩვენს ბალანსზე გადმოვიტანეთ, დავარეგისტრირეთ. ახლა ტექნიკურ დასაბუთებას ვამზადებთ, მას სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. წყლის მელიორაციისთვის გამოსაყენებლად სარწყავ სისტემას მოწყობა უნდა. საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, სექტემბერში დავიწყებთ თეძმის წყალსაცავის მშენებლობას. ეს სამწლიანი პროექტია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ასეთი მასშტაბისა საქართველოში ალბათ არაფერი აშენებულა.

- მაღლობ სოფლებში, სადაც სარწყავი სისტემა ვერ აღწევს, სარწყავ წყალს სატუმბებით აწვდიან. ეს ტექნიკური მოწყობილობები რა მდგომარეობაშია?

- სარწყავი სისტემები თვითდინებისაა, მაგრამ საბჭოთა დროს იყო წყლის მექანიკური აწევის სადგურებიც. მაგისტრალურ არხზე მდგარი სატუმბი მექანიზმები წყალს არხზე მაღლა მდებარე ფართობებზე ქაჩავდა, ანუ იქაურობა მექანიკურად ირწყვებოდა. ეს სადგურები დიდ ფართობს ემსახურებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე შემორჩა.

- მიწის მორწყვა ყველაზე მეტად ქართლში, კონფლიქტის ზონაში, გამყოფ ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას უჭირს...

- იქ გვაქვს ორი სარწყავი სისტემა, ტირიფონისა და სალთვისის სათავო ნაგებობები. ოსური მხარე წყალს არ გვაძლევს და არც წყალსაცავში აგროვებს. სისტემა *24 კუბმ/წმ სიმძლავრის არხზეა გათვლილი, მაგრამ ახლა მხოლოდ 6 კუბზე, ანუ ერთ მეოთხედზე მუშაობს. წყლის საშინელი დეფიციტია გამყოფი ზოლის მონაპირე სოფლებში. ჩვენ მხოლოდ ამ 6 კუბის ოპტიმალურად განაწილებას ვახერხებთ.

- როდის შეიძლება გამოსწორდეს მდგომარეობა?

- ოსურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენც ვმუშაობთ, სატუმბ სადგურებს ვაკეთებთ, რათა ხალხს როგორმე პრობლემა შევუმსუბუქოთ. სპეციალური პროგრამით რამდენიმე სოფელს წყალმომარაგებას გავუუმჯობესებთ. პროექტი მზადაა და ვაპირებთ ტენდერის გამოცხადებას. ამის შემდეგ შევძლებთ წყლის ნადარბაზევის წყალსაცავში აქაჩვას და ამ ზაფხულს მოსახლეობას 100%-იანი თუ არა, 24-კუბიანი წყალმომარაგება მაინც ექნება. ოღონდ წყალი რაციონალურად უნდა ხარჯონ, რომ ყველას შეხვდეს. წყალს ახლა მათ ნიქოზის სატუმბი სადგური აწვდის. ამ სადგურის ხარჯს, რომელიც 1,5 მილიონს აღწევს, ხელისუფლება იხდის.

მოსახლეობის სურვილით, კახეთის რეგიონშიც ვაკეთებთ ორ სატუმბს, რომლის ხარჯს ქველმოქმედები ფარავენ.

- როგორც ირკვევა, კახეთს სარწყავი წყალი ყველაზე უკეთ აქვს.

- დიახ. ხანდახან, გვალვისას, როცა ალაზანში წყლის დონე იკლებს, მაშინ უჭირთ ხოლმე.

- ფერმერებს კიდევ რას ეტყოდით?

- წლეულს ქობულეთში სადრენაჟო სისტემა ავამუშავეთ, რომელიც 3000 ჰა-ს სავარგულად გახდის. ეს ქალაქისთვისაც კარგია, რადგანაც წყალი ხალხს ეზოებს უტბორავდა.

მუშაობის დაწყების პირველ წელს 24 ათასი ჰა გავასარწყავეთ, შარშან 50 ათასზე ავედით. წლეულს 88 ათასამდე ჰა-ს გასარწყავებას ვფიქრობთ. რაც შეეხება დაშრობას - წლეულს 40 ათას ჰექტარს დავაშრობთ დასავლეთ საქართველოში.

- დაწინაურებული სოფლის მეურნეობის ქვეყნებში მიწას ჩვენნაირად აღარ რწყავენ.

- თანამედროვე მსოფლიო სრულიად ახალ სარწყავ სისტემებს იყენებს: წვეთოვანი მორწყვა, დაწვიმებითი სისტემები და სხვ. ამის დანერგვას დიდი ფული სჭირდება. ქართველი ფერმერი დღეს ამისთვის ფინანსურად მზად არ არის. ზოგიერთ 100-200-ჰექტრიან მეურნეობებს ამ ახალ სარწყავ ტექნოლოგიებზე გადასვლა სურთ. გამოყოფილია თანხა სადემონსტრაციო მოედნების მოსაწყობად, სადაც ფერმერები და გლეხები თანამედროვე მეთოდებს გაეცნობიან. შემდეგ კი თვითონ გადაწყვეტენ, გადავიდნენ მსგავს სისტემებზე თუ არა.

ლალი ფაცია