არა შხამებს! - კვირის პალიტრა

არა შხამებს!

მოსავლის ბიოლოგიური მეთოდებით დაცვა შესაძლებელია!

"გლეხობას წარმოდგენა არ აქვს, რომ მოსავლის მისაღებად საჭირო სულაც არ არის, შხამქიმიკატებით მცენარეც მოწამლონ და თავიც მოიწამლონ"

მარჩენალ ბუნებას იმდენი მავნებელი ჰყავს, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია. ადამიანი მათ გამუდმებით ებრძვის, რადგან ერთ დღეს მწერმა მთელი წლის ნაშრომი შეიძლება ისე გადაუჭამოს, გრამიც აღარ დაუტოვოს, ანდა რომელიმე მცენარის დაავადებამ ხელი ააღებინოს მთელ მოსავალზე. ქალბატონ ლია რეხვიაშვილს ვესტუმრე საწარმოში, სადაც მცენარის მავნებლებსა და მის დაავადებებთან ბრძოლის ბიოლოგიურ (ბუნებრივ) საშუალებებს ამზადებენ. ეს ღვაწლმოსილი მეცნიერიც მთელი სიცოცხლე მცენარის მავნებელს ანადგურებდა და გლეხს შველოდა.

სამწუხაროდ, ჩვენმა გლეხმა მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური საშუალებების შესახებ არაფერი იცის. რაც მალე მივიტანთ ამ ცოდნას მასთან, მით უკეთესი იქნება გლეხისთვისაც და ჩვენთვისაც.

- როცა ჩვენში საბაჟოზე მცენარეთა კონტროლის საქმე უკან წავიდა, მოსავალსაც ცუდი დღე დაადგა. ადრე კი საზღვრებზე არაფერს გამოატარებდნენ შეუმოწმებლად, რამე დაავადება რომ არ შემოჰყოლოდა. თესლსა და ნარგაობას ძალიან ადვილად მოჰყვება მავნებელი მწერების ჭუპრები, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები. კერძო პირებმა ყველაფრის შემოტანა უკონტროლოდ დაიწყეს, რასაც მძიმე შედეგიც მოჰყვა, - უამრავი მცენარეთა დაავადება, განადგურებული მოსავალი და... ადამიანის მსხვერპლიც კი:

რამდენიმე წლის წინ სამტრედიაში, კერძო მეწარმემ ბაღჩეული მცენარეების შესაწამლად ბამბის დეფოლიატი შემოიტანა. ეს შხამქიმიკატი ბამბის ფოთლებს ანადგურებს და შლის, რათა ბამბის მოსავალი სუფთად აიღონ, სამტრედიაში კი ხალხმა ბაღჩეული შეწამლა. ბაღჩეულის განადგურებას ვინ დაეძებს, ამას ბავშვის სიკვდილიც მოჰყვა. ამ უბედურების შემდეგ დაიწყეს გამოკვლევა, რა შემოიტანეს სამტრედიაში.

მცენარეს მავნებელი და დაავადება უსწრაფესად ედება და ყველაფერს ანადგურებს. თანაც ამ შედეგის გამოსწორება ათეული წლების განმავლობაში შეუძლებელია. ისინი ღრღნიან ფოთლებს, კვირტებს, კოკრებს, ყლორტებს, ტოტებს, ნაყოფსა და თესლს... ზოგ ბოსტნეულს მიწაშივე უნადგურებენ ფესვებს და ზეზეულად ახმობენ... ისეთი მავნებლებიც არსებობენ, რომლებიც მცენარეების განადგურების შემდეგ სხვა საკვებზე გადადიან, მაგალითად, კალიები ან მავთულა ჭიები... ნაყოფჭამია მავნებლები ნაყოფს ისე გამოჭამენ, გლეხს დამპალი ფუტურო რჩება ხელში... მოკლედ, მავნებელი ისედაც ხომ უამრავი იყო და მათ ახალ-ახალი, უფრო საშიში სახეობები დაემატა. თანაც ზოგიერთთან ბრძოლის საშუალებაც არ გვაქვს, რადგან მეცნიერებს სამივლინებო ხარჯებსაც არავინ უნაზღაურებს, რომ წავიდნენ, გამოიკვლიონ მავნებლის გავრცელების არეალი და მასთან ბრძოლის გეგმა დასახონ. არადა, ახალი სახეობების მავნებლებმა აუნაზღაურებელი ზარალი მოგვაყენეს. მაგალითად, პამიდვრის ჩრჩილმა, რომელიც ჩვენში აქამდე არ ყოფილა, სრულად გაანადგურა ქართული პამიდორი. გლეხმა კი ზოგჯერ არც იცის, რატომ დარჩა მისი ნაჯაფარიდან მხოლოდ გაშვლეპილი ტოტები; ანუ როგორც თავად ამბობენ, "წესიერად ერთი პამიდორიც ვერ მოწყვიტეს". ჩვენს მამა-პაპას ეს ჩრჩილი არ უნახავს და აბა, როგორ დაიცავს მოსავალს. არადა, მასთან ბრძოლა შეიძლება, თანაც ბიოლოგიური საშუალებებით.

- სხვა კიდევ რომელი საშიში უცნობი მავნებელი გამოჩნდა ბოლო წლებში?

- გამოჩნდა დაავადება, რომელსაც "კარტოფილის კიბოს" ეძახიან. ეს არის სოკო, რომლის შესახებაც წლების წინ არაფერი ვიცოდით. ბოლო წლებში წყალტუბოს საკურორტო ზონაში რუსეთიდან შემოზიდეს კარტოფილი, რომელსაც ეს დაავადებაც შემოჰყვა. კარტოფილი მომსახურე პერსონალმაც მიირთვა, ზოგიერთმა კი ლენტეხის რაიონში წაიღო და დათესა. ეს ჯიში მალე მთელ რაიონში გავრცელდა, შესაბამისად, "კარტოფილის კიბოც". ახლა ლენტეხს, ფაქტობრივად, თავისი კარტოფილის მოსავალი აღარ აქვს. ეს დაავადება ჩვენი მეკარტოფილეობის ძირითად ზონაში, სამხრეთ საქართველოშიც გამოჩნდა - ახალციხესა და ადიგენში. "კარტოფილის კიბოს" შტამი იმდენად გამძლეა, რომ კუჭ-ნაწლავის გავლის შემდეგაც არ კვდება, 30 წელიწადი ცოცხლობს და მას ნიადაგიდან ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი ამოძირკვავს.

- ამას არაფერი ეშველება?

-  გლეხობაში უნდა დავდიოდეთ და ვასწავლიდეთ, რომ როცა მოსავალს რაიმე ანადგურებს, თესლბრუნვა და ნაკვეთმონაცვლეობა აუცილებელია. ეს ნიშნავს, რომ ნაკვეთში, სადაც კარტოფილი დაავადდა, მეორე წელიწადს ისეთი კულტურა უნდა დაითესოს, რომელსაც "კარტოფილის კიბო" ვერაფერს დააკლებს და არა ისევ ჯიუტად კარტოფილი, რომელიც მაინც არ ივარგებს. როგორც ადამიანს უხდება ჰაერის გამოცვლა, ისე უხდება მცენარეს ნაკვეთმონაცვლეობა. ამგვარ მეთოდებზე გლეხობას წარმოდგენა არ აქვს. ისიც  არ იციან, რომ მოსავლის მისაღებად საჭირო სულაც არ არის, შხამქიმიკატებით მცენარეც მოწამლონ და თავიც მოიწამლონ, რომ ამისთვის ბიოლოგიური (ბუნებრივი) საშუალებებიც არსებობს.

- რატომ ხდება ასე?

- ამას მრავალი მიზეზი აქვს, უპირველესად კი, გლეხი შხამქიმიკატებს იმდენად შეეჩვია, სხვა საშუალებების მოხმარება თუ შეიძლება, ვეღარც წარმოუდგენია. უცხოეთში ფერმერებს დარგის სიახლეებს ხშირად აცნობენ უნივერსიტეტები, სადაც მეცნიერები უახლეს კვლევებზე მუშაობენ. საბედნიეროდ, მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიურ საშუალებებს ჩვენში უკვე იყენებს რამდენიმე მსხვილი ფერმერი, რომლებმაც იციან, რომ ბიოლოგიურად ჯანსაღი მოსავლიდან მეტ სარგებელს მიიღებენ და შთამომავლობაც ჯანმრთელი ეყოლებათ.

- ეს ცოდნა მართლაც აუცილებლად უნდა მივიდეს გლეხამდე. უფრო კონკრეტულად, რა არის ეს საშუალებები, როგორ მზადდება ისინი?

- რამდენიმე წლის წინ, კარტოფილის მინდვრის  ფიტოსანიტარიული მონიტორინგის დროს, ვიპოვე მკვდარი კოლორადოს ხოჭო. ვიფიქრე, რომ თუ მისი სიკვდილის მიზეზს დავადგენდი, ის შეიძლებოდა ამ მავნებელთან საბრძოლველად გამომეყენებინა. გამოვყავი ამ ხოჭოს ნივთიერებები, ის სოკოთი იყო მკვდარი. მერე ეს სოკოც ცალკე გამოვყავი და მისი გამრავლება დავიწყე. ჯერ მცირე პეტრის ფინჯანში, მერე უფრო დიდ ჭურჭელში, იქიდან კი მრავალტონიან ავზში. ამ ავზიდან შეიძლება ახლა ავიღოთ ამ ცოცხალი ორგანიზმებით სავსე ერთი ლიტრი სითხე, შევურიოთ 50 ლიტრამდე წყალს და კოლორადოს ხოჭოთი დაავადებული საკმაოდ დიდი ფართობი შევწამლოთ. ასეთი "საწამლავი" მხოლოდ მავნებელი ხოჭოს რაოდენობას შეამცირებს და სხვას არაფერს დააზიანებს.

- ვთქვათ, მე ვარ გლეხი და შევატყვე, რომ მოსავალი მინადგურდება, მაგალითად პამიდორი... შეიძლება ჩემი დაზიანებული პამიდორი ლაბორატორიაში მივიტანო, გავარკვიო, რა დაავადება აქვს და მერე ბიოლოგიური საშუალებებით გამოვაჯანმრთელო?

- ეს ასეც უნდა მოხდეს. თუ არ იცი, რა დაავადებაა, მისი წამალიც ვერ გეცოდინება. გლეხები წუხან, - პამიდორი თუ ვენახი რამდენჯერმე შევწამლე, მაგრამ არაფერი ეშველაო. მთავარია, გლეხმა მოინდომოს და ისწავლოს, რომ არსებობს სხვა გზაც უხვი მოსავლის მისაღებად, რომ ამით საკუთარ თავსაც დაეხმარება და ქვეყანასაც...