მეჯვრისხევის საფერავი
26-05-2014
მეჯვრისხევის საფერავი
ვაზის უნიკალური ჯიშები

ამჟამად მეჯვრისხევის საფერავი ერთეული ვაზის სახით მხოლოდ 50-60 ოჯახს აქვს შემორჩენილი, მოცულობითი ნარგავები ძირითადად, ხეივნის სახითაა, საიდანაც ყურძენსა და ღვინოს 15-მდე ოჯახი აწარმოებს.

საქართველოში არაერთი უნიკალური ვაზის ჯიში ხარობს. მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი  მოგვითხრობს ერთ-ერთ ასეთ ჯიშზე, რომელიც მეტად მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი:


- მეჯვრისხევის საფერავი საქართველოს ვაზის ჯიშების არც ერთ საკოლექციო ნაკვეთში არ არის დაცული. არადა, გორის ახლოს, სოფელ მეჯვრისხევში, დიდი ხანია ხარობს. მისგან ადგილობრივები მაღალხარისხიან ვარდისფერ
ღვინოს აყენებენ. მაისის დასაწყისში ამ სოფელში მცირე კვლევა მოეწყო უნიკალური ჯიშის საკოლექციო ნაკვეთებში დამაგრებისა და მისი ღვინის პოპულარიზების მიზნით (კვლევა მოაწყო ასოციაცია "ელკანამ"). შიდა ქართლის ეს ისტორიული სოფელი მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და ძველად მეჯუდასხევი რქმევია. მართალია, სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზეა, მაგრამ აქ
მევენახეობა-მეღვინეობისთვის იდეალური პირობებია. მოკვლევისას სოფლის ოცამდე მკვიდრი გამოვკითხეთ, მათი ვენახები დავათვალიერეთ და ღვინის ნიმუშები გავსინჯეთ.

- რა გაირკვა კვლევის შედეგად?

- ამჟამად მეჯვრისხევის საფერავი ერთეული ვაზის სახით მხოლოდ 50-60 ოჯახს აქვს შემორჩენილი, მოცულობითი ნარგავები ძირითადად, ხეივნის სახითაა, საიდანაც ყურძენსა და ღვინოს 15-მდე ოჯახი აწარმოებს. თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, თეთრ ღვინოსთან ერთად, 300-500 ლიტრ მეჯვრისხევის საფერავის ღვინოსაც აყენებს. ამ ჯიშს ხომასურიანთ საფერავსაც ეძახიან - მეჯვრისხევში ხომასურიძეების გვარის არაერთი წარმომადგენელი ცხოვრობს, ისინი აქ ოდესღაც რაჭიდან ჩამოსახლებულან. ამ გვარის უხუცესებმა გვითხრეს, რომ მეჯვრისხევის, ანუ ხომასურიანთ საფერავი შესაძლოა, ამ გვარის წარმომადგენლებს რაჭიდან ჩამოეყოლებინათ... თუმცა, ეს ვარაუდი ჯერ დასამტკიცებელია.

ადგილობრივების დაყენებული ღვინო მეჯვრისხევში ძალიან პოპულარულია. ჯიშის სახელდების მიუხედავად, ღვინო, როგორც წესი, ვარდისფერი ან ღია წითელი შეფერილობისაა. აქვს კამკამა, სუფთა და მიმზიდველი ფერი. საოცრად სურნელოვანია, ბროწეულისა და მოცხარის ტონები დაჰკრავს. გემოში მკვეთრად იგრძნობა მაღალმჟავიანობა, თუმცა, ის ღვინოს სიხალისეს სძენს და ამიტომ ეს ჯიში, მშრალი ღვინის გარდა, რეკომენდებულია ცქრიალა ღვინის დასამზადებლადაც. შვიდი სხვადასხვა ნიმუში გავსინჯეთ და მჟავიანობის თვალსაზრისით ყველა თითქმის ერთი და იმავე კონდიციისა იყო. ლაბორატორიული ანალიზით გაირკვა, რომ ალკოჰოლის შემცველობა ღვინოში 11%-მდეა.

- როდის იწყებენ ამ ჯიშის ყურძნის კრეფას?
- მოსახლეობის თქმით, მეჯვრისხევის საფერავის კრეფა ოქტომბრის პირველი რიცხვებიდან იწყება. ამ დროისთვის ყურძნის შაქრიანობა დაახლოებით 20%-მდეა. 40-50 წლის წინ მეჯვრისხევში ამ ჯიშის დაბლარი ვენახები ფართოდ იყო გავრცელებული. ამჟამად კი სოფელში დაბლარი ვენახი მხოლოდ ორგან აღმოვაჩინეთ: ვახტანგ (იუზა) გოგინაშვილთან შედარებით მოზრდილ, ხოლო გია გოგიაშვილთან - მცირე ნაკვეთზე. მას ვენახი ქართული სტილით, ინდივიდუალურ ჭიგოებზე აქვს გაშენებული, რაც დღეს დიდი იშვიათობაა. ამ ვაზის ხეივანი სულ რამდენიმე ოჯახს აქვს.

- როგორც ამბობთ, ამ ჯიშს დიდი პოტენციალი აქვს...
- დიახ, მართლაც ასეა და იმედია,  მეჯვრისხევის საფერავს მეტ ყურადღებას მიაქცევს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე მარნები. იმის იმედიც მაქვს, რომ ეს უნიკალური ჯიში მომრავლდება საქართველოსა თუ უცხოეთის საკოლექციო ნაკვეთებში. სხვათა შორის, მეჯვრისხევის, ანუ ხომასურიანთ საფერავი 2013 წელს ადგილობრივებმა გორის ღვინის ფესტივალზე წარადგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამ ჯიშის ვენახის ერთ-ერთი მფლობელი, თავისი ღვინითურთ, გადაიღეს მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში "ქართლის მეღვინეები"P. დაინტერესებულ მკითხველს ფილმის ნახვა ქართულ ინტერნეტსივრცეშიც შეუძლია.

ხათუნა ჩიგოგიძე
tamazi
23 დეკემბერი 2017 22:00
es yurdzeni did mosavliania 100kilo yurdzenze85 litr cvens idzleva.uyvars mze da ikrifeba ar oqtombris dasacyisshi aramed oqtombris bolos an noembris dasacyisshi.ar uyvars simagle.me maqvs es yurdzeni mejvrisxevshi da martlac sauketesoa qartul qvinoebs shoris tu pirveli ara.
Eka
21 ოქტომბერი 2015 23:09
didi madloba xatunas am shesanishnavi istoriistvis. Es saferavi chem ojaxshic izrdeba da namdvilad ar vicodi rom mejvrisxeuli saferavi iyo. Mixaria
Guliko mar
21 ოქტომბერი 2015 19:29
Mrcxvenia rom internetit vigeb chvens sofelshi aseti unikaluri jishis yurznis arsebobas, davagemovneb da gVamravleb

რედაქტორის რჩევით