საწოვარიანი "ფერმერი" - კვირის პალიტრა

საწოვარიანი "ფერმერი"

ამ პატარა ბიჭუნას დათა ჰქვია, გვარად ბოისაა. სულ რაღაც წლისა და 8 თვის არის, მაგრამ უკვე ბევრ რამეს ახერხებს. ამჯერად ჩვენი ყურადღება იმით მიიქცია, რომ საწოვარათი და თოხით ნაკვეთში გულმოდგინედ მუშაობს. პატარა დათა კალათბურთელ ანატოლი ბოისას ვაჟია. მართალია, ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს და მის ნაცვლად მამამისს ვესაუბრეთ, სამაგიეროდ, თოხს ისე იქნევს, როგორც "სტაჟიანი" გლეხი.

- ჩემს სიმამრსა და სიდედრს საგურამოს ზემოთ, არაშენდაში აგარაკი აქვთ. ნაკვეთი დიდია და ნაწილს ჩემი სიდედრი ამუშავებს. მშვენიერი ბოსტანი აქვს: მოჰყავს კიტრი, პამიდორი, მწვანილი... მოკლედ, დათას ბებია ამ საქმეს სერიოზულად უძღვება.

- თქვენ თუ ეხმარებით ოჯახის წევრებს მიწის დამუშავებაში?

- რა თქმა უნდა, რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ. ჩემთვის თოხითა და ბარით მუშაობა პრობლემა არ არის.

- პატარა დათას, როგორც ვატყობთ, თოხნა ძალიან მოსწონს...

- კი, თუ დაინახავს, რომ ბებო ნაკვეთში მუშაობს, მაშინვე მის დასახმარებლად გარბის. თოხნის, ბარავს, რწყავს და ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს... ნაკვეთში მუშაობას ბებიამ შეაჩვია, თუმცა თვითონაც აქტიური ბავშვია.

- როგორც ჩანს, ნაკვეთში საქმიანობა თავადაც სიამოვნებს.

- კი, ასეა. უნდა, რომ ყველაფერში ჩართული იყოს. ისე, თოხნა მართლა ძალიან მოსწონს, ამ დროს მაგრად მხიარულობს.

- კარგია, რომ არ უკრძალავთ და ამ სურვილს არ უკლავთ... ზოგიერთი მშობელი შვილს ამის საშუალებას არ აძლევს... მოკლედ, დათა მომავალი ფერმერია...

- ჰო, ჯერ ფეხბურთსა და კალათბურთს მივაწვებით და თუ არაფერი გამოგვივიდა, ფერმერობა გარანტირებული გვაქვს.

ლალი ფაცია