კითხვა-პასუხი
26-05-2014
კითხვა-პასუხი
რომელია ყველაზე ეფექტიანი საშუალება ვენახის შესაწამლად ცრუფარიანას წინააღმდეგ და რომელ ფაზაშია მისი გამოყენება სასურველი?
თემურ დვალი, მარნეული


- გაზაფხულზე, კვირტის გაშლის პერიოდში, როცა კვირტებზე ტკიპები ჩნდებიან, მაგრამ ჯერ კვერცხები არ დაუდვიათ, შეწამლეთ ვენახი ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთით: აკარტანი, ანტიო, ზოლონი, კარბოსოსი, მეტაფოსი, მეთილპარატიონი, ვოფატოქსი, ტედიონი, კოლოიდური გოგირდი, ფოსფამიდი, ქლორეტანოლი, ციდიალი, ეტაფოსი.

ბიოლოგიური საშუალებებიდან ეფექტიანად ითვლება თავიანი ხახვის ქერცლის წყლიანი ნაყენი: 200 გ ხახვის ქერცლს დაასხით 10 ლ წყალი, დააყოვნეთ 12-15
საათს და გამოწურვისთანავე მიასხურეთ. ამგვარი ნაყენი ანადგურებს ბუგრებსაც.

მირჩიეთ, როგორ მოვსპო სახლში ბაღლინჯო?

- ბაღლინჯოს მოსასპობად ასე მოიქეცით: აიღეთ 120 გ სკიპიდარი, 120 გ ნავთი, 60 გ 90%-იანი ღვინის სპირტი და 24 გ ნაფტალინი. თხევადი ნივთიერებები შეურიეთ ერთმანეთს და შიგ გახსენით წმინდად დაფხვნილი ნაფტალინი. ნაზავი
შეასხურეთ ყველგან, სადაც შესაძლებელია, რომ ბაღლინჯომ დაიბუდოს.

ცხელ ჩაიში თაფლი კარგავს თუ არა თავის თვისებებს?
მზია თოიძე, თბილისი


- თაფლის გაცხელება 50-600-ზე დაუშვებელია, იგი კარგავს თავის საუკეთესო თვისებებს.

კარტოფილი გათლის დროს ხშირად მთლიანად გაყვითლებულია, შიგადაშიგ გაშავებულიც. შეიძლება მისი გამოყენება?
თინიკო ნიშნიანიძე, ქუთაისი


- არსებობს კარტოფილის ჯიში, რომლის გამოსაყენებელი ნაწილი ყვითელია. გაშავებული ნაწილები ამოჭერით და შეგიძლიათ გამოიყენოთ საკვებად.

თურმე მსხვილფეხა საქონელი ცოფით ავადდება. როგორ მივხვდეთ, რომ საქონელი დაავადდა და როგორ მოვიქცეთ ამის შემდეგ?
ვახტანგ ფარულავა, სამეგრელო


- მსხვილფეხა საქონელი ცოფით ავადდება ცოფიანი გარეული ცხოველის (ტურა, მგელი), შინაური ცოფიანი ცხოველისა (ძაღლი, კატა) და ასევე ვირთხის დაკბენის შედეგად.

ცოფით დაავადებული მსხვილფეხა საქონლის სიმპტომები ორ ვარიანტად განიხილება. ერთ შემთხვევაში გამოხატულია აგზნებითი მდგომარეობა: ცხოველი აგრესიულია, ზმუის, ბღავის, ღრღნის ნივთებს, ჭამს მიწას, განსაკუთრებით ერჩის კატასა და ძაღლს, ეშინია სინათლისა და წყლის, თვალე ბი ჰიპერემიულია (სისხლსავსეა); მეორე შემთხვევაში არის მოდუნებული მდგომარეობა: ცხოველი წევს, სდის ნერწყვი,  დადამბლავებული აქვს კიდურები, ენის კუნთები, რის გამოც ენა პირიდან გადმოვარდნილია.

ასეთი შემთხვევების შესახებ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ სურსათის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ რაიონის ვეტერინარ ექიმს, რომელიც ავადმყოფ ცხოველს ათდღიან ვეტერინარულ ზედამხედველობას უწევს. თუ ამ ათ დღეში ეჭვმიტანილი ცხოველი არ მოკვდა, ცოფი არ ყოფილა, ხოლო თუ ამ ვადაში დაეცა, მაშინ ეჭვს ცოფზე მივიტანთ. გამოსაკვლევად, ცხოველს თავი ეკვეთება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში  ვგზავნით. თუ ცოფი დადგინდა, ცხადდება კარანტინი იმ ოჯახში, უბანში და ვეტერინარი ექიმის გადაწყვეტილებით, სოფელში ტარდება ამ დაავადების ამთვისებელი  ყველა ცხოველის ვაქცინაცია.
აკრძალულია ცოფიანი ცხოველის როგორც დაკვლა, ისე დამარხვა. გვამის უტილიზაციაზე სპეციალურმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ. ნებადართულია მხოლოდ ცოფიანი ნადირის ან ძაღლის მიერ დაკბენილი მსხვილფეხა პირუტყვის დაკვლა დაკბენიდან მხოლოდ 2 საათის განმავლობაში. დაკბენილი ადგილები უნდა ამოიჭრას და გასუფთავდეს.
კითხვას უპასუხა სს "ნიკორას" სასაკლაოს ვეტერინარმა ექიმმა ლევან პაპუაშვილმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით