"ჩემი კარ-მიდამო შენსას ჯობია..." - კვირის პალიტრა

"ჩემი კარ-მიდამო შენსას ჯობია..."

ეზოების გალამაზება განსაკუთრებულ დანახარჯს არ მოითხოვს

*როგორ გავალამაზოთ პატარა ეზო

*როგორ შევარჩიოთ მცენარეები

*როგორ გამოვიყენოთ რელიეფი ტერასისთვის

*როგორ მოვუაროთ ცოცხალ ღობეებს

*როგორ მოვაწყოთ საქეიფო ადგილი

ვისაც ევროპის ქვეყნებში უმოგზაურია, თვალში მოხვდებოდა იქაური ეზოების სილამაზე. საკუთარი მიწის ნაკვეთის გამშვენიერებას ყველა ცდილობს, როგორც ქალაქად, ისე სოფლად - იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად შეძლებულია პატრონი.

საქართველოში, მოსახლეობის უმრავლესობას ბევრი პრობლემა აქვს და თავს ვერ აძლევს უფლებას, ეზოებისთვის პროექტები დაუკვეთოს.

ლიკა ქურციკიძე ლანდშაფტის არქიტექტორია, ამბობს, როცა ბევრი საქმე მექნება, მაშინ ქვეყნის საქმეც კარგად წარიმართებაო.

- ეზოს მოვლის კულტურა, აღმოსავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოში ტრადიციულად უფრო მაღალია.

- ალბათ, იმიტომ, რომ დასავლეთში უფრო დიდი ეზოები აქვთ, აღმოსავლეთში კი ქართველი გლეხი მიწას დეკორატიული მცენარეებისთვის არასდროს მოაცდენდა. ჯერ ბოსტნეულს, ხეხილს, ვაზს გაახარებდა და თუ დარჩებოდა ადგილი, მერე დარგავდა დეკორატიულ მცენარეს.

მთავარია, სივრცის სწორად ათვისება  - სად უნდა ჩაიკეტოს ეზო ხეებით, ბუჩქებით, სად დარჩეს თავისუფალი ადგილი. ეზოს დაგეგმარებას ცოდნა სჭირდება, როგორ და სად განალაგონ მაღალი ხე, დაბალი ბუჩქი, მარადმწვანე, ფოთლოვანი მცენარეები და ყვავილები. ზოგი მცენარე შორიდან მოგტაცებთ თვალს, ზოგის სილამაზე მხოლოდ ახლოს მისვლისას აღიქმება. მათი ერთმანეთთან შეხამებისთვის ბოტანიკის საფუძვლების ცოდნაც საჭიროა.

- სხვადასხვანაირი მცენარის გვერდიგვერდ დარგვა არ შეიძლება?

- ვთქვათ, ორი მცენარის ერთმანეთთან განთავსება მინდა - სილამაზისთვის, მაგრამ შესაძლოა, ერთს მჟავე ნიადაგი სჭირდება, მეორეს კი ტუტე. ნიადაგის პირობას თუ შეუქმნი და ქოთანში დარგავ, შესაძლოა მორწყვის რეჟიმი აღმოაჩნდეთ განსხვავებული. ფაქტორი უამრავია.

ვისაც ეზოს გალამაზება უყვარს, უმეტესად ასე იქცევა: მეზობელმა დარგო ყვავილი და მასაც სურს ისეთივე გაახაროს, რადგან მცენარე მოსწონს.

- თქვენი დამკვეთები ჭირვეულები არიან?

- საკმაოდ. ეს მინდა, ის მომწონს - ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, თუმცა, ბევრს ესმის, რასაც ეუბნები. ზოგჯერ ესა თუ ის მცენარე ბაზარზე არ არის, დეკორატიული მცენარეების უმრავლესობა ხომ უცხოეთიდან შემოაქვთ...

- დღეს ცოცხალი ღობეები მოსწონთ...

- დიახ, ბოლო დროს მათზე მოთხოვნა გაიზარდა. არადა, სახლების უმრავლესობა დიდი გალავნებით არის გარშემორტყმული, ეს უსაფრთხოებისთვისაც კეთდება და უცხო თვალისგან დასაცავადაც. უცხოეთში კი ყველაფერი გამჭვირვალეა, ღობეები უმეტესად დაბალია და სივრცეს არ კეტავს. თუმცა, აქაც დაიწყეს დაბალი ცოცხალი ღობეების გაკეთება. ზოგჯერ პატრონს ბეტონისა თუ ქვის კედელი აღიზიანებს და მისი მწვანით დაფარვა სურს. ამ შემთხვევაში მცოცავ მცენარეებს ვთავაზობ.

- ისე, მცოცავი მცენარეების ბევრს ეშინია. ამბობენ, გველი და ჭიანჭველა იცისო...

- ასე, იმასაც ამბობენ, რომ ეზოში წიწვიანი მცენარეების დარგვა არ ვარგა. ჭიანჭველის გასაქრობად ფეტვის ბურღულის მარცვალს ყრიან. მას სხვა მწერის კვერცხი ჰგონია და იმ ადგილს აღარ ეკარება. არსებობს განსაზღვრული პრეპარატებიც. მოკლედ, როცა ცოცხალი ღობე გაქვს, ჭიანჭველის პრობლემა არსებობს.

ვისაც მწვანე კედელი უნდა, სხვადასხვა სიმაღლისა და ფერის შეიძლება გაკეთდეს.

- რა არის ეზოს მოწყობის მთავარი პრინციპი?

- ყველა ეზოს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ თუ პატარა ეზო გვაქვს, უნდა ვეცადოთ, რომ შესასვლელ ნაწილში თავისუფალი სივრცე დავტოვოთ, სადაც მწვანე გაზონის გარდა, არაფერი დაირგვება. პატარა ეზოს მოწყობის პრინციპი ის არის, რომ თუ მაღალ ხეებს დავრგავთ, შუა ნაწილში დაბალი მცენარეები გავითვალისწინოთ. თუ გრძელი ეზო გვაქვს, შეგვიძლია ბევრი სავალი ბილიკი გავკვალოთ, გავითვალისწინოთ სპორტული ან საბავშვო ნაწილიც. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ცხოვრების წესსა და პირობებზეა დამოკიდებული. თუ მასშტაბურ პროექტს ვერ გასწვდებით, შეგიძლიათ ეზო პატარა მცენარეებით მორთოთ.

- ვისაც ეზოში საქეიფო ადგილის მოწყობა სურს, ვთქვათ, მწვადის შეწვა უყვარს, რას ურჩევთ?

- ვურჩევდი, ეზოს ნაწილში გარებუხარი მოაწყონ, იქვე წყალიც უნდა იყოს და დასაჯდომი ტერასაც, სადაც შეიძლება ხვიარა ვარდებისა და გლიცინიების ჩარგვა. ამით სასიამოვნო გარემო შეიქმნება.

თუ ეზოში ხშირად ეწყობა პიკნიკები და ფართობიც მოზრდილია, დიდი ლოდები უნდა დაიყაროს და კოცონისთვისაც გამოიყოს ადგილი, სასურველია, ლანდშაფტთან შეხამებით. მანამდე ჯობს ტერიტორიის გაანალიზება: რა ხედი ჩანს იმ ადგილიდან, ვინ არის მეზობელი, რომელი მხრიდან ჩაუდის ეზოს ქუჩა, სად მდებარეობს ჭიშკარი და სახლში შესასვლელიც.

დამკვეთს ხშირად სურს ტერასების მოწყობა ან ადგილის გასწორება. ამისთვის რელიეფის გამოყენება შეიძლება. მშენებლობისა და რემონტის დროს ეზოში გროვდება სამშენებლო მასალა, კარგია, თუ მას არ გადაყრიან და ამ მასალით ალპინარიუმს გააკეთებენ - პატარა გამწვანებულ კუთხეს, სადაც ალპური მცენარეები მოჰყავთ. აგურისა თუ ბლოკის ნატეხები დრენაჟის ფუნქციას შეასრულებს, როცა ზემოდან მიწა დაეყრება. კარგია, თუ დიდ ქვებსაც გამოვიყენებთ. ალპინარიუმში შეიძლება ჯუჯა ფიჭვებისა და ნაძვების დარგვა, პატარა ჩანჩქერის მოწყობა. ყველაზე კარგია სახლის აშენების პროცესშივე თუ დაიგეგმება ეზოც.

- რა ფართობი მიიჩნევა პატარა ეზოდ?

- პატარა ეზოდ შეიძლება ჩაითვალოს 50-100 კვმ, 20-კვადრატიან ეზოშიც კი მიმუშავია.

- 50 კვადრატში რა შეიძლება გავაკეთოთ?

- პატარა ყვავილები დარგეთ... თუ ეზოში ჩრდილისთვის ხე მინდა და მეზობლის სახლი მიშლის, შეიძლება ჯუჯა ხეების დარგვა: მაგალითად, იაპონური ნეკერჩხალი ძალიან ლამაზია. ბევრი ხე 4-დან 6 მეტრამდე იზრდება და მშვენიერ ჩრდილს იკეთებს. მათ გვერდით გავახარებდი ჩრდილის მოყვარულ ბუჩქებს - ბზას, უთხოვარს. თუ ვარდებიც მენდომებოდა, ამ ბუჩქებში ხედგაზრდილ, შტამბიან ვარდს ჩავაყოლებდი და იქვე ხვიარა ვარდსაც ავიყვანდი. სულ სხვაა მხოლოდ გაზონის - ხასხასა მწვანე მოლისა და გაკრეჭილი ცოცხალი ღობის გაკეთება.

- ვარდთან ყველანაირი მცენარის შეხამება შეიძლება?

- ვარდს მაინცდამაინც არ უყვარს "მეზობლები~, მას ლავანდებს ურგავენ ხოლმე...  ეზოს ხიბლი ემატება, თუ ნარგავები სხვადასხვა დროს ყვავიან.

- რას ურჩევთ მათ, ვინც თავს ლანდშაფტის დიზაინერის დაქირავების უფლებას ვერ მისცემს?

- ერთი-ორი ლამაზი, დეკორატიული ბუჩქი ან ხე შეარჩიონ და ეზოში ჩარგონ. არ ვურჩევ მასშტაბურსა და ფესვთა დიდი სისტემის მქონე მცენარეებს. ბევრი ბუჩქი იკრიჭება ლამაზად: ბზა, უთხოვარი, ტუია. ტროპიკული მცენარე ღია გრუნტში არ უნდა ჩავრგოთ. მცენარეებს სივრცე სჭირდებათ და ამიტომ მისი შეძენისას იკითხონ, რამხელა იზრდება, იკრიჭება თუ არა, ჩრდილი უყვარს თუ მზე, როგორ ნიადაგში ხარობს, ყინვაგამძლეა თუ არა. ძალიან მიყვარს კედარი და თუ ისურვებენ, ჯუჯა კედარიც ჩარგონ.

ლალი ფაცია