ხურმის ჩირი "რა ხილია" - კვირის პალიტრა

ხურმის ჩირი "რა ხილია"

ხურმას ფასი განსაკუთრებით რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ დაედო

ხილის ჩირს საქართველოში, ძირითადად, კუსტარულად, საოჯახო მეურნეობებში, მცირე რაოდენობით ამზადებენ. არადა, სხვადასხვა ხილის ჩირზე მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. შესაბამისად, იმპორტით დიდი რაოდენობით შემოდის როგორც ეგზოტიკური ხილის ჩირი, აგრეთვე, დამზადებული ისეთი ხილისგან, რომელიც საქართველოშიც უხვად მოდის: ლეღვისგან, შავი ქლიავისგან, ატმისგან და სხვ. ბევრ ქვეყანაში განსაკუთრებული მოთხოვნით თურმე ხურმის ჩირი სარგებლობს და საკმაოდ ძვირადაც ფასობს. მეწარმეები ამბობენ, რომ საქართველოს შეუძლია ხურმის ჩირის ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს, მაგრამ ამისთვის ბევრი ტექნოლოგიური პრობლემა უნდა გადაიჭრას.

ზურაბ ხურცილავა, მეწარმე: "ჩირის დამზადება თითქმის ყველა კურკოვანი ხილისგან შეიძლება. ახლა ჩვენთან ხილის სეზონი იწყება და ეტაპობრივად, სახლის პირობებში შეგვიძლია მცირე რაოდენობით ჩირის დამზადება და ზამთრისთვის შენახვა.

ხილის კანგაცლილი და თხელ ნაჭრებად დაჭრილი ნაყოფი ხის ვარცლზე უნდა დავაწყოთ და მზისგულზე დავდგათ. მწერებისგან დასაცავად კარგი იქნება, თუ ჩირს თხელ, ბადისმაგვარ ქსოვილს გადავაფარებთ. მზით დაჩირებული ხილი უფრო სასარგებლო და კალორიულია, ვიდრე ხელოვნურ საშრობებში. პირველ შემთხვევაში კალორიულობა იმატებს და 280 კკალ-ს აღწევს 100 გრამ პროდუქტზე, ხოლო საშრობებში - 60 კკალ-ზე რჩება.

მზეზე ხილის დაჩირებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, შემდეგ კი სასურველ კონდიციამდე მიყვანილი ნაყოფი შეგვიძლია გრილ, მშრალ და დახურულ ადგილას შევინახოთ.

საქართველოში ხილის ჩირს ძირითადად კუსტარულად, საოჯახო მეურნეობებში ამზადებენ, ხშირად სანიტარიული ნორმების უგულებელყოფითაც. თავის დროზე ამ გარემოებამ მიბიძგა, ხურმის ჩირის წარმოება დამეწყო და მომხმარებლამდე სუფთა, შეფუთული მიმეტანა. პირველ ჯერზე მე და ჩემმა მეგობრებმა დასავლეთ საქართველოდან 100 კგ ხურმის ჩირი ჩამოვიტანეთ, კონტეინერებში დავაფასოეთ, ეტიკეტირების შემდეგ კი სავაჭრო ობიექტებს შევთავაზეთ. პროდუქტი ძალიან სწრაფად გაიყიდა. გარდა იმისა, რომ შეფუთული უფრო მისაღები აღმოჩნდა მომხმარებლისთვის, მისი ხანგრძლივად შენახვაც გახდა შესაძლებელი. კანგაცლილი ხურმა ძალიან მგრძნობიარეა ნებისმიერი ქიმიური ნივთიერების მიმართ და ერთი წვეთიც საკმარისია, რომ ლპობა დაიწყოს. რამდენჯერმე ჰიპერმარკეტებს ამ მიზეზით დიდი რაოდენობით დაუფასოებელი ხურმის ჩირი გაუფუჭდათ. ჩვენ კი შევძელით, დიდი ხნის განმავლობაში პირველადი სახით შეგვენახა ეს პროდუქტი.

- თავად როდის გადაწყვიტეთ ჩირის წარმოება?

- იმ 100 კილოგრამის სარფიანად გაყიდვის შემდეგ გადავწყვიტეთ, გლეხებისგან თავად ჩაგვებარებინა ხურმის ნაყოფი და ჩირიც თავად გვეწარმოებინა. ხურმის ჩირისთვის იდეალური ტენიანობა 30-35%-ია. მოვაწყვეთ საშრობი, სადაც მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობაა. საშრობში დამზადებულ ჩირს უკეთესი ფერი აქვს და ამიტომ კომერციულად უფრო ხელსაყრელია, მას მოწითალო შეფერილობა აქვს. მზეზე გამომშრალ პროდუქტს უფრო მაღალი კალორიულობა და უკეთესი გემო აქვს, მაგრამ უფრო მუქია და მომხმარებელს ნაკლებად მოსწონს. გარდა ამისა, ხურმის მზეზე დაჩირებას თუ ორი კვირა სჭირდება, საშრობში სამ დღეში შეგიძლია პროცესის დასრულება. როცა ხურმა სიმწიფეში შედის და დარბილებას იწყებს, სწორედ მაშინ უნდა გაითალოს, ყუნწით აიკინძოს სქელ ძაფზე და საშრობში მოთავსდეს.

- რამდენად მომგებიანია ხურმის ჩირის წარმოება?

- დავიწყოთ იმით, რომ ხურმას შეწამვლა არ სჭირდება, ეს ეკონომიასაც გვაძლევს და ბიოლოგიურ სისუფთავესაც. განსაკუთრებით განვითარებულია ხურმის ჩირის კულტურა იაპონიასა და ჩინეთში. რამდენიმე ათეული კერძი და ნუგბარი მზადდება ხურმის ჩირით.

ხურმის ჩირზე მოთხოვნა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა. რუსეთში ხურმის ჩირის ფასი კილოგრამზე დაახლოებით 10 დოლარს აღწევს. მაღალია მოთხოვნა სომხეთშიც, რადგან იქ კონიაკისთვის ხურმის დაყოლების ტრადიცია არსებობს. სხვათა შორის, რაც ხურმის ჩირი საექსპორტო პროდუქციაში გამოჩნდა, სამეგრელოში ხალხი ხურმის მიტოვებულ ბაღებს დაუბრუნდა და მათი მოვლა დაიწყო.

ხურმის პლანტაციის გაშენება ჩვენც გვინდა. სოფლის მეურნეობაში თუ რამეს აქვს პერსპექტივა, ხურმა ერთ-ერთია. სახელმწიფო იმით მაინც უნდა დაგვეხმაროს, რომ შექმნას საინფორმაციო ბაზები, რათა მეტი გავიგოთ ამ კულტურის, მისი წარმოების შესახებ. შემდეგ კი იაფი კრედიტები გასცეს, რათა ქვეყანაში ხურმის სანერგე მეურნეობები განვითარდეს.