რა დააშავეს გლეხებმა, ვისაც 1,25 ჰექტარზე მეტი ფართობი აქვს?! - კვირის პალიტრა

რა დააშავეს გლეხებმა, ვისაც 1,25 ჰექტარზე მეტი ფართობი აქვს?!

2014 წლის 7-13 აპრილის "კვირის პალიტრის" ნომერში ვკითხულობთ: "სასოფლო-სამეურნეო ბარათები მთავრობის მთავარ მიღწევად დასახელდა". ამ თემაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ბ-ნი გიორგი ჩხეიძე "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" განხორციელებაზე საუბრობს. ჩვენი აზრით, ამ საკითხში მთავრობას დიდი შეცდომა აქვს დაშვებული. განა არ იციან, რომ როცა კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები დაიშალა, მათი კუთვნილი მიწის მთელი ფონდი სოფლის მცხოვრებლებზე, კომლებზე ოჯახის სახით, თანაბრად გადანაწილდა?!

ასე რომ, სოფლად არ არსებობს მცირემიწიანი და დიდი ფართობის მქონე მიწის მესაკუთრე, გარდა "კულაკების" მცირე ნაწილისა, რომელთაც შეძლეს (ვინ იცის, რა გზით, პატიოსნად თუ არაპატიოსნად) სახელმწიფოსგან მიწის გამოსყიდვა და პასპორტიზება. ასეთები საქართველოში 1% თუ იქნება, დანარჩენ მოსახლეობას იჯარით აქვთ მიწები მიცემული და ყოველ ოჯახ-კომლს მიწის თანაბარი ფართობი უკავია. ამ ფაქტიდან გამომდინარე, არ გვესმის, რის საფუძველზე დაყო მთავრობამ ფერმერები ასეთ კატეგორიებად? ცხადია, გასულ წელს ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების გამგებლების მიერ წარდგენილი ჩვენებების საფუძველზე, თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს მოიჯარეს თუ მეიჯარეს, გლეხს თუ ფერმერს რამდენი ჰექტარი ერიცხება? მთავარია, რომ მას ამ ფართობის დამუშავების საშუალება არა აქვს და რაკი მთავრობა დახმარებას ჰპირდება, - დაუმუშაოს 0-დან 1,25 ჰა-მდე. გამოდის, რომ მთავრობა მხოლოდ შერჩევით სუბიექტებს ეხმარება?! შარშან სწორედ ასე გაკეთდა ჩვენთან.

ყოველ ოჯახს ცხრა ჰექტარი სავარგული უკავია, ამათგან მხოლოდ რამდენიმემ მიიღო ე.წ. სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი, წელს კი საერთოდ ამოგვაგდეს პროექტიდან, რადგან, თურმე 1,25 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობის მქონეთა კატეგორიაში ვითვლებით?! კიდევ ვიმეორებთ: დაგვიმუშავეთ 0-1,25 ჰა-მდე ფართობი და დანარჩენებს, როცა მოვღონიერდებით ეკონომიურად, მაშინ მივხედავთ.

სწორედ ამ მიზეზით (9 ჰექტარი რომ გვაწერია იჯარით) ფერმერების დახმარების პროექტიდან ამოგდება, მთავრობის შეცდომად მიგვაჩნია. ამ კატეგორიის ბენეფიციარს (გლეხს თუ ფერმერს) არც მესამე და არც მეოთხე წელს ექნება მიწის დამუშავების საშუალება, რადგან ამ პირველ და მეორე ეტაპზე, ვერ შეძლებს ეკონომიკურად მოღონიერებას და კვლავ სხვისი ხელის შემყურე დარჩება.

იოსებ უსტარაშვილი,

საგარეჯო, სოფელი უდაბნო