კანფეტის ხე - კვირის პალიტრა

კანფეტის ხე

უცნაურ ხეებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ე.წ. კანფეტის ხე, ანუ ტკბილი ჰოვენია, რომელიც ჩვენშიც იზრდება, მაგალითად, ბათუმსა და სოხუმში. ის დაახლოებით 15 მ სიმაღლის ფოთლოვანი ხეა. მისი სამშობლოა იაპონია და აღმოსავლეთი ჩინეთი, თუმცა ჯერ კიდევ ბაბილონელებისთვის იყო ცნობილი. მისი ნაყოფი არომატული და  ხორციანია, მომჟავო ქიშმიშის გემო აქვს, რის გამოც იაპონურ ქიშმიშის ხესაც უწოდებენ. მისგან მზადდება სხვადასხვანაირი დესერტი თუ საკვები პროდუქტი.

ბაბილონის მეფე აშურბანიპალის თიხის ფირფიტების ბიბლიოთეკაში კანფეტის ხე გამაახალგაზრდავებელ და სისხლის გამწმენდ საშუალებად მოიხსენიება, ხოლო ელადასა და რომში, პრაქტიკულად, ყველას სახლში იზრდებოდა და ბედნიერებისა და წარმატების მომტანად მიიჩნევდნენ. რომის იმპერატორები განსაკუთრებით აფასებდნენ კანფეტის ხის მიერ ძალების აღდგენის უნარს. ხოლო ტიბეტელი ბერები ძველთაგანვე კანფეტის ხეს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევდნენ ათასობით დაავადების წინააღმდეგ. თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კანფეტის ხე დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო მინერალსა და ვიტამინებს. მისგან მომზადებული პრეპარატები კი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც ოფიციალურად  აღიარებულია მედიცინაში.