ყვავმა კაკალი უტურაშვილებთან გააგდო - კვირის პალიტრა

ყვავმა კაკალი უტურაშვილებთან გააგდო

"უშრომლად არაფერი კეთდება. ყველაფერს ადამიანის გამრჯე ხელი ქმნის"

"ხელგაწვდილი არ ვართ და არ ვწუწუნებთ, არიქა, სახელმწიფომ გვიშველოსო"

ალბათ, ბევრს ახსოვს, როგორ დაიყო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ, სამოქალაქო კონფლიქტების წლებში ქალაქების ეზოები და შემოგარენი პატარ-პატარა "ბოსტნებად" და ტერასებად, სადაც ხალხს ბოსტნეული და ბაღჩეული მოჰყავდა. ასე მოინახა ნაწილობრივი გამოსავალი საკვების მასობრივი დეფიციტის პირობებში. ამ გამოსავალმა მართლაც ბევრ ადამიანს გადაატანინა ძნელი დრო, როცა მთავარი არსებობის შენარჩუნება იყო. ამავე პერიოდში მოეწყო სანაკვეთო მეურნეობები თბილისის გარეუბნებშიც - ხრიოკ ადგილებზე, სადაც სარწყავი წყალიც არ იყო და მეურნეები კასრში დაგროვილი წვიმის წყლით რწყავდნენ მოსავალს. ცხოვრების საარსებო პირობების გაუმჯობესების კვალდაკვალ ნაკვეთები ბევრმა მიატოვა. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისაც თავისი გარჯით აყვავებული მიწის პატარა ნაჭრის მიტოვება არც უფიქრიათ. ამით არაფერი წაუგიათ, მოგებით კი ბევრი მოიგეს, - არა მხოლოდ ჯანსაღი ეკოლოგიური პროდუქტი, არამედ ის სულიერი სიმშვიდე, რასაც მიწასთან სიახლოვე გვანიჭებს. ამ ნაკვეთებში დილიდან მზის ჩასვლამდე მოფუსფუსე ადამიანი ყოველთვის ისეთი, სავსე გულით გხვდება, რომ შენც კარგ ხასიათზე გაყენებს.

ამიტომაც მოვკიდე ხელი ჩემსა და ახლობლის ბავშვებს და შავნაბადასთან ახლოს, ზემო ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთების დასათვალიერებლად წავიყვანე. მართალია, აქ მიწა ნაყოფიერად არ ითვლება, მაგრამ სანაკვეთო მეურნეობების პატრონებს ეს აინუნშიც არ ჩაუგდიათ და ვინც იშრომა, მშვენიერი ხეხილიც გააშენა. ამწვანებული ეზოების დანახვაზე ბავშვებს თვალები გაუფართოვდათ; იქვე დაბმული ხბორების მოფერებაც სცადეს. ამასობაში ერთ ნაკვეთში მდგარი პატარა სახლიდან ლელა უტურაშვილი გამოვიდა და მიგვიპატიჟა:

- როცა ჩემი მეუღლე თავისუფალ დროს გამონახავს, ისიც აქეთ გამორბის. აბა, მარტო ვერც ხეხილს გავაშენებდი, ვერც პირუტყვს მოვუვლიდი. ქალაქში, კორპუსებში რომ დავსახლდით, რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ძროხა მეყოლებოდა ან ქათამს გავზრდიდი. ახლა კი ნაკვეთში უკვე 4 სული მეწველი ძროხა და 2 ხბო მყავს. გარდა ამისა, ქათმები და წიწილებიც მოვაშენეთ.

- თქვენც იმ წლებში დაიწყეთ ამ ნაკვეთის მოწყობა, როცა ჩვენში პროდუქტის დეფიციტი იყო?

- კი, დაახლოებით 20 წლის წინ. ასე ბევრი მოიქცა. მაშინ ქარს მიჰქონდა აქაურობა. არ იყო სარწყავი წყალი, ყამირი მიწის დამუშავება ძალიან მძიმე იყო, მაგრამ როცა პირველად მწვანილი მოვკრიფეთ და ჩვენმა დარგულმა პამიდორმა მოისხა, ამან ყველაფერი გადაწონა. გვეგონა, ძალიან გავმდიდრდით და აღარაფერი გაგვიჭირდებოდა. აქ ნერგის გახარებაც არ იყო იოლი და ამიტომ პირველად ის ხე დავრგეთ, რომელიც ყველგან გაიხარებს - გარგარი. ისეთი გაიზარდა, თაფლივით ნაყოფი დაისხა. მაშინაც ძალიან გვიხაროდა, მისი პირველი ნაყოფით კალათა რომ ავავსეთ. შემდეგ კი უამრავი ხილი გავაშენეთ: ტყემალი, ალუბალი, ალუჩა, ვაშლი, ატამი... სხვათა შორის, ალუჩაც და ტყემალიც ყველანაირ ნიადაგში კარგად ხარობს. ახლა იმდენი ალუჩა გვაქვს, ოჯახში ხომ გვყოფნის, მაღაზიებშიც ვაბარებთ. კაკალი კიდევ ისეთი დაგვითესა ყვავმა, ასწლოვანი ჯიშიანი კაკლები რომ უდგათ, ისინი გვეუბნებიან, ნეტავ იმ ყვავს ჩვენს ეზოში რატომ არ მოაფიქრდა ასეთი კაკლის დათესვაო, ისეთი თხელი კანი და ნოყიერი თეთრი ლებნები აქვს...

- ყვავმა კაკალი როგორ უნდა დათესოს?

- ყვავი კაკალს რომ მოიტაცებს, მერე ზემოდან ქვაზე დაანარცხებს დასამტვრევად. ეს ჩვენი კაკალი ეტყობა ვერსად დაამტვრია, ადგა და ნაკვეთში ჩამოგვიგდო. ისიც ისეთი ძალით დაეცა იმ სიმაღლიდან, მიწაში ჩარჩა და ამოვიდა. ამ კაკლის თესლს ახლა ჩვენ ვარიგებთ.

-  ნაკვეთში პამიდვრისა და კარტოფილის ჩითილებიც გაქვთ.

- შილდიდან გახლავართ და ეს პამიდორი ჩემი კახური ვარდისფერი პამიდორია. მართალია, ქართულ პამიდორს არაერთი მავნებელი ემტერება, მე ცოცხალი თავით მაინც არ შეველევი. ჩვენს ნაკვეთებში კარტოფილიც კარგი მოგვდის. მასაც ბევრი მავნებელი ჰყავს, მაგრამ ვებრძვით. კოლორადოს ხოჭოსგან ხელითაც კი ვასუფთავებთ. მართალია, ეს ადვილი შრომა არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, სანდოა და სუფთა, შხამს არ ვასხამთ. თუმცა ყველაზე ნაყოფიერი და მადლიანი ჩვენს ნაკვეთში ვაზი გვაქვს. უგემრიელეს შავ ღვინოს ვაყენებთ. რქაწითელი ახლა გავაშენეთ, მაგრამ ერთი ისეთი  უცნობი ჯიში, მაღლარი ვაზი გვაქვს, მხოლოდ ორ ძირზე მოკრეფილი ყურძნისგან 150 ლიტრი ღვინო დავწურეთ. ღვინოსაც ვყიდით. რატომ არ უნდა გავყიდოთ? სუფთა ღვინო გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მოწეული ყურძნით ვაყენებთ, ადამიანს წამლად ერგება.

- მაგრამ თქვენი ნაკვეთის ყველაზე დიდი სიმდიდრე, ალბათ, მაინც მეწველი ძროხებია...

- პირუტყვის მოვლას დიდი შრომა სჭირდება, სამაგიეროდ, რძით თავსაც ინახავენ და ჩვენც გვინახავენ. ღორის ყიდვასაც ვაპირებთ, ნაკვეთში იმდენი ნარჩენი გვრჩება, ღორის გაზრდა არ გაგვიჭირდება. ასე რომ, ხელგაწვდილი არ ვართ და არ ვწუწუნებთ, არიქა, სახელმწიფომ გვიშველოსო. გარდა ამისა, როცა ნაკვეთში პატარა შვილიშვილი მოგვყავს, მისი ბედნიერი სახის დანახვაზე ჩვენც ვხარობთ.

- მომხმარებელთა ერთ-ერთი გაერთიანება ამტკიცებს, რომ გლეხურ ყველში მავნე ნივთიერებებია.

- ცელოფანის პარკში თუ ჩადებ და დილიდან საღამომდე მზისგულზე დადებ, ყველი კი არა, ქვა გაფუჭდება. სანამ ხბო ერთი თვის მაინც არ გახდება, ძროხის მოწველა და ამ რძისგან ყველის ამოყვანა არ შეიძლება, ეს ხსენია და არა რძე. გარდა ამისა, პირუტყვი მარტო საკუთარი თავისთვის კი არ უნდა გამოიყენო, რძე ხბოსაც სჭირდება, რომ გაიზარდოს. პირუტყვსაც მოვლა და მოფერება სჭირდება. უშრომლად არაფერი კეთდება. ყველაფერს ადამიანის გამრჯე ხელი ქმნის.