კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

შვილიშვილს ვუყიდე თუთიყუში, რომელსაც ძალიან შეეჩვია. გავიგეთ, რომ ეს ჩიტი მავნებელი ყოფილა ორსულისთვის (ოჯახში მყავს ფეხმძიმე რძალი). ამიტომ გვინდა თუთიყუში გავაჩუქოთ, მაგრამ პატარას რომ ვუთხარით, იტირა. როგორ მოვიქცეთ?

ვაჟა ჩხენკელი, თბილისი

- ის, რომ თუთიყუში ფეხმძიმე ქალს ვნებს, ჭორია და მეტი არაფერი. არ გირჩევთ, ცრურწმენას დაუჯეროთ და თუთიყუში გააჩუქოთ, - ნუ ატკენთ გულს თქვენს პატარას.

ხეხილის ბაღში ვაშლისა და მსხლის ნარგავებზე შევამჩნიე ნაცრისფერი და ყვითელი ფერის წარმონაქმნები, რომლებიც ადვილად იფხიკება. რა დაავადებაა ეს და როგორ ვებრძოლოთ?

ვანო სესიაშვილი, გურჯაანი

ხეხილის ბაღში შტამბსა და ძირითად ტოტებზე ჩნდება ლიქენები. ამის საწინააღმდეგოდ დაავადებული ადგილები დაასველეთ, ჩამოფხიკეთ და შეათეთრეთ კირის რძით. კარგია, თუ შეთეთრებამდე შეასხურებთ რკინის შაბიამნის ხსნარს (300-500 გ 10 ლ წყალზე)

აუცილებელია თუ არა გავრეცხოთ ხილი ან ბოსტნეული, რომელიც ჩვენს ეზოშია მოკრეფილი? ამით ხომ ხილ-ბოსტნეული არომატს კარგავს...

თინიკო ცაგარელი, ხაშური

- ვერ დაგეთანხმებით. თუ ვთქვათ, თქვენს ნაკვეთში მოკრეფილი მარწყვის 4-5 მარცვალს გარეცხავთ (რაც უნდა ხასხასად გამოიყურებოდეს) და ნარეცხი წყლის წვეთს მიკროსკოპით დავათვალიერებთ, გამაოგნებელ შედეგს მიიღებთ. შეიძლება მასში აღმოაჩინოთ სხვადასხვა ჭიის რამდენიმე კვერცხი და ისეთი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, როგორიცაა მუცლის ტიფი. ასე რომ, ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა გაირეცხოს.

უხდება თუ არა გოგრას, პამიდორს და ლობიოს ძირზე მიწის შემოყრა და ხშირად გაფხვიერება?

ელისო აქირთავა, ზუგდიდი

- ნიადაგის გაფხვიერება ყველა კულტურისთვის აუცილებელია, ხოლო შემოყრა ესაჭიროება იმ მცენარეს, რომელსაც უნარი შესწევს დამატებითი ფესვების გამოღებისა. ასეთია პამიდორი და კარტოფილი. გაფხვიერება პირველი მორწყვის შემდეგ სასურველია ყველა კულტურისთვის. ამით ხელს ვუშლით ნიადაგში არსებული წყლის აორთქლებას.