მიწა - მხსნელი თუ "მკვლელი"?!
09-06-2014
მიწა - მხსნელი თუ "მკვლელი"?!
ჩვენში გამოყენებული შხამქიმიკატების 60% გარემოს დაბინძურებას "ხმარდება"!

საქართველოში გზების გასწვრივ ნიადაგის დაბინძურება კატასტროფულია!



მიწა! ყველაფერს, რაც ადამიანს აცოცხლებს - სადაც უნდა ვშრომობდეთ და ვცხოვრობდეთ, მიწის ამოუწურავი სიმდიდრიდან ვიღებთ. სამაგიეროდ, მას ჩვენ ვეპყრობით დაუდევრად, ვწამლავთ. ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქციელი, ყველაზე მძიმე შედეგებით, ჩვენვე გვიბრუნდება. სხვა გზა არ გვაქვს - მიწის სიყვარული და მოვლა უნდა ვისწავლოთ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რა იწვევს მასობრივ დაბინძურებას (და არა მხოლოდ ნიადაგში), მიწის რომელ მონაკვეთზე გროვდება
შხამები, რასაც აუცილებლად უნდა მოვერიდოთ.
ცოდნასა და გამოცდილებას გვიზიარებს პროფესორი ზაურ ჩარქსელიანი, რომელიც თავის თანამშრომლებთან ერთად, ნიადაგის დაბინძურების საკითხზე მრავალი წელია მუშაობს:


- აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი გარემოსა და, მათ შორის, ნიადაგს ათეული წლების განმავლობაში იკვლევდა, ამიტომ უფლება მაქვს, ვთქვა: ზოგადად, დედამიწის დაბინძურების სამწუხარო
რეალობასთან ერთად, ქართველებს ერთი ცუდი ზნეც გვჭირს - ვერ ვაცნობიერებთ და არც გვინდა ვიცოდეთ, რა ზიანს ვაყენებთ ჩვენი საქციელით გარემოს. ვისაც ადარდებს, რას ვუშვრებით ჩვენს ბუნებას, იმან კარგად იცის, რომ საწარმოო ნაგვის გარდა, საკუთარ ეზოებსა თუ ბუნებაში იმდენ საყოფაცხოვრებო ნაგავს ვყრით, რომ მისი გასუფთავების შანსი მრავალი წლით დავკარგეთ.

გეგონება, მოწამვლასაც საკუთარი ნებით ვესწრაფვით - იმდენ პესტიციდს ვაყრით მცენარეს, რომ გახანგრძლივების ნაცვლად, ეს მოსავალი სიცოცხლეს ამოკლებს. არადა, ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ჩვენთანაც მკაცრად არის განსაზღვრული მათი გამოყენების ნორმები. ამის შესახებ მიახლოებითი სტატისტიკური მონაცემიც არსებობს. ზოგადი გათვლებით, ჩვენში გამოყენებული შხამქიმიკატების 60% გარემოს დაბინძურებას "ხმარდება"!
პესტიციდებით იმიტომ დავიწყე, რომ ჩვენი ხელით გაბნეულ ამ შხამს ნიადაგი უკანვე გვიბრუნებს - უპირველესად, მოსავლით, მერე კი - წვიმებისა თუ თოვლის სახით... არადა, გარემოში მათ გარეშეც უამრავი შხამია. ყველასთვის ნაცნობმა საბედისწერო ჩერნობილმაც ჩვენი ნიადაგები საშინლად დააბინძურა - დალექილი ნივთიერებების მთლიანი დაშლის პერიოდი დაახლოებით 300 წელიწადია, აფეთქებიდან კი მხოლოდ 28 წელია გასული და ჯერაც ამ ნივთიერებების ნახევარდაშლა მიმდინარეობს. ამის გარდა, მოქმედებს ნიადაგის დაბინძურების სხვა უამრავი ფაქტორიც, რომლებსაც განვითარებულ ქვეყნებში დაუღალავად ებრძვიან - მსოფლიო თავდასაცავ საშუალებებზე გამალებით მუშაობს, ჩვენში კი 2010 წელს ინსტიტუტიც გაუქმდა და ნიადაგიდან დაბინძურების სინჯებსაც აღარ იღებენ...

- არადა, ხომ ვიცით, ჩვენი ნიადაგი როგორ არის დაბინძურებული. მაგალითად გარდაბნის თბოელექტროსადგური ან კაზრეთიც კმარა, სადაც მიწაში რადიონუკლიდებისა თუ მძიმე ლითონების შემცველობა მეტად მაღალია... იქიდან მძიმე ლითონები მოსავალში, მერე კი ადამიანის სხეულში გადადის...
- არა მხოლოდ იქ, სადაც თბოელექტროსადგურია ან მადნეული მუშავდება და მიწა დაბინძურებისგან დაუცველია, არამედ ერთი შეხედვით უვნებელ ადგილასაც ისე შეიძლება იყოს ნიადაგი დაბინძურებული, რომ ამის უცოდინარობა უმძიმესად აისახოს ადამიანზე. პროფესორ ივანე გახოკიძესთან ერთად წლების განმავლობაში ვსწავლობდით ნიადაგებს საავტომობილო ტრასების გაყოლებაზე, სადაც მანქანების გამონაბოლქვის გამო შხამიანი ნივთიერებები და მძიმე ლითონები ტრასის მიმდებარე ზოლის 500-მეტრიან მონაკვეთში ილექება. გორი-ნატახტრისა და ყველა იმ ტრასის გასწვრივ, სადაც ტრანსპორტის უზარმაზარი ნაკადი მოძრაობს, მიმდებარე 500-მეტრიან ზოლში, მარჯვნივაც და მარცხნივაც (ანუ 1 კმ სიგანეზე) მოსავლის მოყვანა ნიშნავს, რომ შხამით იკვებები, მოსავლის გაყიდვა კი შხამით ვაჭრობაა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პროდუქტის ერთჯერად მიღებას, მაგრამ თუ ვინმეს ასეთ ადგილებში მოსავალი მუდმივად მოჰყავს და მოიხმარს, თავის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის...
ავტომობილების გამონაბოლქვი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ჩვენთან საწვავის ხარისხს, შეიცავს სიცოცხლისთვის სახიფათო ნივთიერებებს - ტყვიას, თუთიას, კადმიუმს. ეს ნივთიერებები ილექება ტრასის მარცხნივ და მარჯვნივ 500-მეტრიან ზოლებში, შეიწოვება მოსავალში, იქიდან - პირუტყვისა და ადამიანის ორგანიზმში. როცა ამ არეალში დაკლულ პირუტყვს ვიკვლევდით, მავნე ნივთიერებების უდიდეს რაოდენობას ვნახულობდით. ადამიანის მიღებული შხამების დოზებს კი ჯანმრთელობის სამინისტროს გადავცემდით.

- სამინისტრო რას აკეთებდა?
- არაფერს. ამ მონაცემებზე შემდეგ აღარავინ საუბრობდა. ისინი იკარგებოდა.

- მრავალწლიან კულტურებშიც გადადის ეს შხამები?
- ცხადია. მაგალითად, კახეთში, ტრასის ზოლში გაშენებული ვენახები ტრასის მიღმა გაშენებულთან შედარებით ძალიან იყო დაბინძურებული. გამონაბოლქვში არსებული ტყვია, გარდა იმისა, რომ ვაზი მას ფესვებითაც ისრუტავს, მტევანზე ილექება და ღვინოშიც გადადის.

უფრო მეტად ზიანდება ერთწლიანი კულტურები - ის ამ შხამებს სრულად შეიწოვს ნიადაგიდან და პირუტყვსა და ადამიანში გადააქვს. ამიტომ შემთხვევით როდი ვახსენე ეკოლოგიის ცოდნა, რითაც ქართველები ვერ დავიკვეხნით. აქ ვიგულისხმე ჩვენი ხალხის დიდი მისწრაფება, კულტურები ლამის ტრასაზე დათესოს ან თუნდაც გასაყიდად გამოიტანოს. ეს, ალბათ, იმითაც აიხსნება, რომ ტრასაზე მასობრივი მოძრაობის წყალობით პროდუქტი იყიდება. შესაძლოა, ამ პროდუქტის  ერთხელ მიღებამ არ გვავნოს, მაგრამ ტრასებზე მაღაზიების გახსნა თუ კულტურების მოშენება საზიანოა იმათთვის, ვინც იქ მუდმივად დგას ან იქ მოწეულ პროდუქტს მუდმივად მიირთმევს.

სხვათა შორის, ყველას გვინახავს, როგორ კრეფენ ტრასასთან მდგარი მცენარეების ნაყოფს. ეს არ შეიძლება! კაკალიც კი აგროვებს ლებნებში უდიდესი რაოდენობის გამონაბოლქვის შხამს. მცენარის ფოთლები ჰაერიდან შხამებს შეისრუტავს, უკან კი ჟანგბადს გვიბრუნებს, რისთვისაც დაირგო გზის პირებზე. უდიდესი შეცდომაა, რომ არა მხოლოდ ტრასებზე, არამედ ქალაქშიც გავჩეხეთ ხეები. თუკი ოდესმე ვინმე ჩვენს ტრასებთან ნიადაგის მინარევებისგან დაცვას მოიწადინებს, სასურველია, ტრასის განაპირას გადამრჩენი ხეები ორ შრედ დარგოს: ბუჩქოვანი ზოლი ძირს დალექილ გამონაბოლქვს "შეისუნთქავს", მაღალი და ფოთლოვანი კი - სიმაღლეზე გაბნეულ მინარევებს შეიწოვს.

- ბრძანეთ, ინსტიტუტი გაუქმდაო... ვინ უნდა დააკვირდეს პროცესებს?!

- იმედი მაქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ეს აუცილებელია. ჩვენს ნიადაგში ძალიან საშიში ნივთიერებებია დალექილი. მაგალითად, კადმიუმი, ტყვია, თუთია, დარიშხანი, ქრომი... ისინი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. დადგენილია, რომ ბავშვს, რომელიც თუნდაც ფეხბურთს თამაშობს მიწაზე, რომელშიც ტყვიის მაღალი შემცველობაა, ფსიქონევროლოგიური ცვლილებები აღენიშნება... ისიც ვიცით, როგორ მოიმატა დაავადებებმა. არადა, მასთან ბრძოლა შეიძლება. ჩვენმა მეცნიერებმა შექმნეს მოსავალში მავნე მინარევების გამანეიტრალებელი ნივთიერებები, მაგრამ თუკი ნიადაგის კვლევა არ დაიწყო, მეცნიერების ამ უნიკალურ მიღწევას აზრი არ აქვს...
luxo
10 ივნისი 2014 17:33
გზის პირა ნიადაგებზე და მასზე ველურად, თუ კულტურულად მოყვანილ, საკვებად გამოსაყენებელ პროდუქტებში რომ, ოგანიზმისათვის მავნე ნითიერებები გროვდება ცხადია, მაგრამ, როგორ მოვიქცეთ? ტრასებს რომ თავი გავანებოთ, სოფლებისა და ქალაქების ტერიტორიის ორმოცი პროცემტი გზებსა და ქუჩებს უკავიათ, და თუ გზების მიმდებარე ხუთას მეტრიანი პერიმეტრი,უვარგისია მცენარეთა მოსაყვანათ, ხომ არ ვიფიქროთ კაცობრიობის რიცხობრივ შემცირებაზე, თუ ამაზე არსთა გამრიგე იზრუნებს თავად?! ერთ დროს ბულგარეთში, აეროდრომების ასაფენ -დასაფრენ ზოლებს შორის არსაბულ ტერიტორიასაც კი, იყენებდნენ ბახჩეული კულტურების მოსაყვანად, სად არის გამოსავალი?

რედაქტორის რჩევით