ჟამი "მეფის" ყვავილობისა... - კვირის პალიტრა

ჟამი "მეფის" ყვავილობისა...

"ვარდი აუცილებლად მზიან ადგილას უნდა დავრგოთ. ჩრდილში სუსტი იზრდება, ადვილად ავადდება და უღიმღამოდ ყვავის"

ვარდი მართლაც ყვავილთა მეფეა და მისი "მეფობის" დროც სწორედ ახლა დგას.... საქართველოში ეს მცენარე ძალიან პოპულარულია და განსაკუთრებულად უყვართ. ვისაც თუნდაც პატარა მიწის ნაკვეთი აქვს, ისე როგორ დატოვებს, რომ ერთი ძირი ვარდი მაინც არ გაახაროს...

ეს მცენარე განსაკუთრებულად გვიყვარს და ვუვლით კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ მისი მოვლის მეთოდებსა და ხერხებს გავიხსენებთ, მით უფრო, რომ მკითხველი ამას ხშირად გვთხოვს.

გვესაუბრება საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი მაია ქურდაძე.

- ვარდს, როგორც კულტურულ მცენარეს, მუდმივად სჭირდება მოვლა და "აღზრდა". თუ გვინდა, რომ ყვავილთა მეფე მეფურად გამოიყურებოდეს, საკადრისადაც უნდა მოვუაროთ.

- ამისთვის რა უნდა გავაკეთოთ?

- ვარდი აუცილებლად მზიან ადგილას უნდა დავრგოთ. ჩრდილში სუსტი იზრდება, ადვილად ავადდება და უღიმღამოდ ყვავის.

ვარდს მორწყვა უყვარს, ოღონდ ნიადაგი წყალს კარგად უნდა ატარებდეს, დამდგარ წყალს ვერ იტანს. ძლიერი ქარისგანაც ადვილად უზიანდება ფოთლები და ყვავილები, შესაძლოა, ტოტებიც დაემტვრეს, ამიტომ უნდა დავიცვათ ქარისგანაც. გაზაფხულზე ვარდს სასუქს უყრიან (ეს შეიძლება იყოს გადამწვარი ნაკელი ან მინერალური აზოტიანი სასუქი), ზაფხულში კი კომბინირებული მინერალური სასუქი სჭირდება.

გასხვლა ვარდისთვის აუცილებელია. ბუჩქი აქტიურად იზრდება და კარგად ყვავის. ვსხლავთ ზამთრის ბოლოს ან ადრიან გაზაფხულზე - თებერვალ-მარტში, სანამ დაბერილი კვირტები ზრდას დაიწყებს. უკვე გაშლილი კვირტების დროს გასხვლა აფერხებს ზრდა-განვითარებას და, შესაბამისად, ყვავილობასაც.

- ყველა ჯიშის ვარდი ერთნაირად ისხვლება?

- არა, სხვადასხვაგვარი ვარდი სხვადასხვა წესით უნდა გაისხლას. დღეს ვისაუბრებთ მეტად გავრცელებული ჩაის ვარდისა და ხვიარა ვარდის გასხვლაზე.

ჩაის ვარდი ახლად განვითარებულ  ტოტებზე ყვავილობს. წინა წლის ტოტები ხევდება, უხეშდება და ისე იტოტება, რომ ყვავილი შეიძლება ბევრიც ჰქონდეს, მაგრამ დაკნინებული. ამიტომ ჩაის ვარდი ყოველწლიურად დაბალზე უნდა გავსხლათ, რათა ძლიერი ტოტები გაეზარდოს და უხვად იყვავილოს. მიწის პირიდან არა უმეტეს 20-25 სმ-ზე უნდა გადავჭრათ კარგად გალესილი ბაღის მაკრატლით (ან დანით). გარდა ამისა, აუცილებლად ძირში უნდა მოვჭრათ გაშავებული, გადატეხილი, გულში დაჭიანებული ან კანდაზიანებული ყველა ტოტი. უნდა დავუტოვოთ მხოლოდ კარგად განვითარებული, მსხვილი, შარშანდელი ტოტები, არა უმეტეს სამი-ოთხისა. შარშანდელ ტოტებს იმით იცნობთ, რომ შედარებით თხელი კანი და მწვანე ან მოწითალო ფერი აქვს. კიდევ უფრო ძველი, გახევებული ტოტები ძირში გადაჭერით ან მოხერხეთ, ნუ დაგენანებათ. ასევე ძირში მოჭერით ტოტები, რომლებიც ბუჩქის შიგნითა მიმართულებით იზრდება, ამოარჩიეთ და დატოვეთ მხოლოდ გარეთა მიმართულებით მოზარდი სწორი ტოტები. ყურადღება მიაქციეთ, რომ გადაჭრილ ტოტზე ბოლო, ზემოთა კვირტიც ბუჩქის შიგნითა მიმართულებით კი არ იზრდებოდეს, არამედ "გარეთ იყურებოდეს".

ასე ფორმირებული ტოტები ერთმანეთს არ შეუშლის, აერაციაც (ბუნებრივი ვენტილაცია) კარგი ექნებათ და მზის შუქიც შეუფერხებლად მოეფინებათ, რაც მცენარეს აძლიერებს, ძლიერი მცენარე კი დაავადებებსაც  უკეთ უძლებს.

ხვიარა ვარდი, სხვა ვარდებისგან განსხვავებით, არა წლევანდელ, არამედ წინა წლის ტოტებზე ყვავილობს ინტენსიურად. მისი გასხვლისას ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ყველა ტოტი არ უნდა დავუმოკლოთ. ასეთ ვარდებს აჭრიან ძველ, გადაბერებულ, ზედმეტად ჩახშირებულ ტოტებს, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლის, აგრეთვე - დაგრეხილ და არასასურველი მიმართულებით გაზრდილ ტოტებს და სუსტებსა და დაზიანებულებს. დარჩენილ რამდენიმე ძლიერ ტოტს შეგვიძლია სასურველი მიმართულება მივცეთ და საყრდენზე ავაკრათ.

- ვარდი ხშირად ავადდება. როგორ ვუმკურნალოთ?

- ის ადვილად ავადდება ნაცრით, განსაკუთრებით - წვიმიან პერიოდში. ამიტომ კარგი იქნება, თუ შესაბამისი ფუნგიციდით შეწამლავთ (სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ჰერბიციდების ჯგუფის ქიმიური პრეპარატები). ეს იგივე პრეპარატებია, რაც ვაზს სჭირდება. ალბათ ვარდის კოკრებზე ბუგრიც ხშირად შეგიმჩნევიათ. მათ წინააღმდეგ უნდა გამოიყენოთ ინსექტიციდი (ქიმიური ნივთიერებები მავნებელი მწერების მოსასპობად), რომელსაც მცენარეთა დაცვის მაღაზიებში შეგირჩევენ...

თუ არ დაიზარებთ და ვარდს ასე მოუვლით, თავისი დიდებული ყვავილობით დაზამთრებამდე დაგატკბობთ.

- ცოტა ხნის წინ მკითხველმა მოგვწერა - ვარდი უნახავს, რომლის ყვავილში სხვადასხვა ფერის ფურცლები იყო. მართლა არსებობს ასეთი ჯიში?

- ვარდის ჯიშების გამოყვანაზე საუკუნეებია მუშაობენ მოყვარული და პროფესიონალი სელექციონერები. ეს საქმე გენურმა ინჟინერიამ უფრო გააადვილა. ათასობით ჯიშია ცნობილი. ერთადერთი, წმინდა ცისფერი ან ლურჯი ვარდის გამოყვანა ვერავინ მოახერხა. სურნელოვანი ვარდები უფრო ძვირად ფასობს, ისე კი, ყველა კულტურული ვარდი ადამიანის გამოყვანილია, ისინი რამდენიმე სახეობის ასკილისგან არის მიღებული. სხვადასხვა შეფერილობის ვარდი კი საკმაოდ დიდი ხანია, ცნობილია. ამ ჯიშებიდან ჩვენში შეიძლება შეხვდეთ მასკარადს და„სამბას. პოპულარულია ნოსტალგიაც. სელექცია ძვირი მეცნიერებაა, ამიტომ ჩვენთან ამაზე არ მუშაობენ. შეგიძლიათ უკვე გამოყვანილი ჯიშის ვარდები დარგოთ. გული რომ არ დაგწყდეთ, აჭრილი ვარდის ადვილად გაფერადებას გასწავლით - შეგიძლიათ, წყალში ჩააწყოთ და სახლი უჩვეულო სილამაზის თაიგულით გაახალისოთ.

რამდენიმე ფერის საკვები საღებავი  ვიწრო ჭურჭელში, ცოტა წყალში ცალ-ცალკე გახსენით და ერთმანეთთან მჭიდროდ დააწყვეთ. შემდეგ თეთრი ფერის გაუშლელი ვარდის ღერო ბოლოში სიგრძეზე  რამდენიმე ნაწილად გაჭერით და ნაწილები სათითაოდ ჩაუშვით სხვადასხვა ფერის ხსნარში. რამდენიმე საათში თქვენი ვარდის ფურცლები სხვადასხვაფრად შეიღებება. შემდეგ ამოიღეთ, სიგრძეზე გაყოფილი ღეროს ნაწილი მოაჭერით და ყვავილი სუფთა წყალში ჩადეთ.

ლალი ფაცია