სურნელოვანი ყავა... ვერანდიდან
09-06-2014
სურნელოვანი ყავა... ვერანდიდან
"ყავის ხესაც ისევე უყვარს სითბო და წყალი, როგორც სხვა ტროპიკულ მცენარეებს"

"მთავარია, მოინდომო და ჯიში შეარჩიო, დანარჩენს ბუნება მიხედავს"


ბოლო ათწლეულია, დედაქალაქის გამწვანება საცხოვრებელი ბინების, რესტორნებისა თუ სასტუმროების მშენებლობას ეწირება და თბილისის მოსახლეობა საკუთარ სახლებში ცდილობს ბაღების გაშენებას. ზოგი ვერანდაზე მოწეული ტროპიკული მცენარის ნაყოფის დაგემოვნებასაც ახერხებს. ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დავით ადეიშვილმა მეხუთე სართულზე სხვა ტროპიკულ მცენარეებთან ერთად ყავის ხეც გაახარა.


ყავის ხის ქართველ მომვლელს "კვირის პალიტრა"შინ ესტუმრა. მასპინძელი   ვერანდაზე
თავისი ხელით მოყვანილი ყავით გაგვიმასპინძლდა.

- გული მეწურება, როდესაც ვხედავ, უსახურ შენობებს როგორ ეწირება უამრავი ნარგავი. ბუნება და მცენარეები განსაკუთრებით მიყვარს. ადრე გლეხმა იცოდა, რა ნერგი დაერგო, როგორ მოევლო და რისთვის გამოეყენებინა, ახლა ყველაფერი შეცვლილია და ახალი ჯიშების დარგვა კი არა, იმას აღარ უვლიან, რაც
შემოგვრჩა. ბევრი არ მოაცდენს ამხელა ფართობს ყვავილებისთვის, მით უმეტეს - ქალაქში. ასეთი ბაღები ევროპაში ბევრი მინახავს და წლების წინ განზრახვა ავისრულე. ჩემმა შემხედვარე მეზობლებმაც მოინდომეს პატარა ბაღების მოწყობა.

- ყვავილებს ბევრი ახარებს, თუმცა თქვენ სხვადასხვა ქვეყნის "საფირმო"მცენარეებიც გაგიხარებიათ, მაგალითად, ყავის ხე, რომელსაც უკვე ნაყოფიც მოუსხამს...
- ჩემს ვერანდაზე არა მარტო ყავა, არამედ  ლიმონი, ზეთისხილი და ბროწეულიც მომყავს. ყავის ხის მხოლოდ ერთი ძირი მაქვს, თუმცა, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში ყველაფრის გახარება შეიძლება, საკმარისია.

- ძნელია მისი მოვლა?

- ყავის ნერგი მეგობარმა მაჩუქა. სიმართლე გითხრათ, ეჭვი მეპარებოდა, რომ გავახარებდი, თუმცა, ძალიან მოვინდომე, ყურადღება არ დამიკლია და შედეგიც მივიღე - მესამე წელიწადს ნაყოფი მოისხა. ზოგჯერ ბლომად ისხამს, თუმცა ყოველთვის - არა. მოვლა არც ისე რთულია. ყავის ხესაც ისევე უყვარს სითბო და წყალი, როგორც სხვა ტროპიკულ მცენარეებს. ზაფხულში ხშირი რწყვა უნდა და რაც მთავარია, სითბო არ უნდა მოაკლდეს. ადგილი უნდა შეურჩიო ზაფხულშიც და ზამთარშიც. რომ აცივდება, ზამთრის ბაღში შემაქვს და განსაკუთრებით ღამის საათებში ვურთავ გათბობას, რომ არ გაიყინოს. პრაქტიკული დანიშნულება ჩემს ყავას არ აქვს, ცოტას თუ გავასინჯებ დაინტერესებულ პირს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, დასავლეთში ვინმემ რომ მოინდომოს, შეიძლება გაახაროს კიდეც ეს კულტურა. ჩაი თუკი მოდის ჩვენში, რატომ არ შეიძლება ყავის ჯიშები მოვიყვანოთ? ძირითადად ორი სახეობაა - არაბიკა და რობუსტა. ჩემი არაბიკაა, რომელიც ასე თუ ისე შეეგუა კლიმატს. მთავარია, მოინდომო და ჯიში შეარჩიო, დანარჩენს ბუნება მიხედავს.

- მცენარის გახარება ნერგით შეიძლება თუ ნაყოფით?

- ჩემი ყავის ხე როგორ გაახარეს, ვერ გეტყვით, მე ნერგი მომცეს, თუმცა მცენარის გახარება ნაყოფით ხდება, ისევე, როგორც სხვა ჯიშებისა.

უტა ბიწაძე
*******
20 ივნისი 2014 14:32
ადვილი გასახარებელია,არ უნდა დიდი ამბავი.ყავის რამდენიმე მწვანე მარცვალს ცოტა ხნით ჩაყრით მარგანცოვკიან წყალში,შემდეგ ჩარგავთ მიწაში,თუ გინდათ იმ მარგანცოვკიანი წყლითაც მორწყეთ. მორწყვა უნდა ჩვეულებრივად ანუ მიწას ნუ გამოუშრობთ და მზის სინათლეზე გქონდეთ,ეს არის სულ.
YAVA
20 ივნისი 2014 13:41
შავიზღვისპირეთში კარგად ხარობს, აჭარის კლიმატი ძალიან მოსწონს,უბრალოდ ზამთარში უნდა შეფუთო,ყინვას ვერ უძლებს,მოსავალსაც უხვად იძლევა,მაგრამ კულტივაციას არ მისდევენ ჯერ, ახალშემოსულია მაინც,საქართველოში....
mancho
09 ივნისი 2014 17:18
ამდენი ტუ ელოლიავე ყავას კი არა ბანანსაც გაახარებ, გატბობას ვუნტებო ზამტარში, ჩვენ იმის ფული არ გაქვს ტავი გავიტბოტ და ეს ყავას ატბობს, მალადეც!
ანუ ოქროს ფასი უჯდება ამას ყავა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა