მემამულის კალენდარი - კვირის პალიტრა

მემამულის კალენდარი

ივნისი

ზაფხულში ნიადაგს ხშირ-ხშირად სჭირდება გაფხვიერება. არ უნდა დავუშვათ, რომ მიწამ პირი შეიკრას - როგორც კი ნიადაგის ზედაპირი გამაგრდება, მასში წარმოქმნილი ე.წ. კაპილარების საშუალებით ქვედა ფენებიდან ტენი ორთქლდება და ეს მცენარეებს პრობლემებს უქმნის. ამიტომ ნიადაგი რაც შეიძლება ხშირად გააფხვიერეთ. ამას სხვანაირად მშრალად რწყვასაც უწოდებენ. თუ საშუალება გაქვთ და მორწყავთ, ხომ კარგი, თუ არა და, რეგულარულად აფხვიერეთ მიწა.

ამ პერიოდში სასურველია დამატებითი თხიერი სასუქის (წუნწუხის) შეტანა. მრავალწლიან კულტურებს შეაცალეთ შტამბსა და ტოტებზე განვითარებული ამონაყარები, შეწამლეთ მავნებელთა და დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით.

ხენდროს წააწყვიტეთ ზედმეტი ულვაშები, დატოვეთ მხოლოდ ნერგებად საჭირო რაოდენობა.

ბაღჩაში გადარგეთ ყაბაყის, ნესვის, კომბოსტოსა და პამიდვრის ნერგები. შემოაყარეთ მიწა კარტოფილს, გააფხვიერეთ რიგთაშორისები, გამოხშირეთ ნათესები. შეგიძლიათ განმეორებით დათესოთ თვის ბოლოკი და ქინძი.

ვენახში საქმეს რა გამოლევს! შეაცალეთ შტამბსა და მრავალწლიან მხრებზე განვითარებული ზედმეტი უნაყოფო და დაზიანებული ამონაყარები და ნამხარი (ფოთლის იღლიაში განვითარებული ყლორტები).

ამოსული ბალახი გათიბეთ, ხოლო შემდეგ მოთოხნეთ. ნათიბი შეგიძლიათ პირუტყვს აჭამოთ, ხოლო ნათოხნი მიწა ვაზებს მიუტკეპნეთ ძირში. ამის შემდეგ ვაზი შეწამლეთ შესაბამისი საშუალებებით: ჭრაქის დროს ბორდოს ხსნარით ან მისი შემცვლელებით, ნაცრის საწინააღმდეგოდ შეაფრქვიეთ გოგირდი. შეფრქვევისას საბერვლიდან გოგირდთან ერთად გამოსული ჰაერის ჭავლი ხელს უწყობს დამტვერვას. ეს კი კარგი მოსავლის წინა პირობაა.

გახსოვდეთ! სამკურნალო საშუალებების შეფრქვევა და შესხურება ხდება მხოლოდ უქარო და მშრალ ამინდში.