ჯუჯა კაკალი "დიდია" - კვირის პალიტრა

ჯუჯა კაკალი "დიდია"

"ყვავის მოტანილმა კაკალმა ჩემთანაც გაიხარა, მეც ვუერთგულე, ნაყოფი მეხუთე წელს გამოიღო"

"როცა აღარ ვიქნები, იტყვიან, ერთი გამრჯე ქალი ცხოვრობდა და ეს ბაღი მისი გაშენებულიაო"

"ჩემი გამოცდილებით, შემოდგომაზე დათესილი მეტად ამართლებს და თან მალეც ამოდის"

"დეზერტირების" ბაზართან ახლოს გამყიდველი  5-6 ლარად  ჯუჯა კაკლის ნერგებს ყიდდა. მითხრა, კარგი კაკალია, ნაყოფს მალე იძლევა და  ნიგოზი კი, პრაქტიკულად, ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი კაკლისო. სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ ჯიშით და ბევრი ძებნის შემდეგ მივაკვლიე ადამიანს, რომელიც უკვე წლებია,  ჯუჯა კაკალს აშენებს.

თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონის მკვიდრი ევა ოთარაშვილი წლების განმავლობაში სოფელში ბიბლიოთეკარად მუშაობდა. მშრომელი და გამრჯე ქალი მიწას ებრძვის და ეს საქმე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამასთან, მეფუტკრეობასაც მისდევს და რაც მთავარია, ჯუჯა კაკლის მშვენიერი ბაღი აქვს გაშენებული.

- 2006 წელს ჩემმა ძმამ სამი ძირი ჯუჯა კაკლის ნერგი მომიტანა, საადრეოა და თან ძალიან დიდი არ იზრდებაო. სამივე  ეზოში დავრგე, გაოცდებით და სამი წლის მერე ნაყოფი გამოიღო. თუმცა, სხვადასხვანაირად გაიზარდა. თანაც, პირველად რომ დავრგე, იმის ნაყოფი საშუალოა, მეორესი - ცოტა მსხვილი. მერე ასეთი რამ მოხდა: როგორც თქვენს "მამულ-დედულში" გამოქვეყნებულ სტატიაში ეწერა, უტურაშვილებთან ყვავმა კაკალი გააგდოო, ეს ჩემს ნაკვეთშიც განმეორდა, წარმოიდგინეთ, ჯუჯა ჯიშის კაკალი ჩამოაგდო. იმ ადგილას მერე ბაღი გავაშენე, სახლიდან 200 მეტრში. გაიხარა ყვავის მოტანილმა კაკალმაც, ძალიან ვუერთგულე, ნაყოფი კი მეხუთე წელს გამოიღო.

ბავშვობიდანვე მინდოდა, კარგი ბაღი მქონოდა. მამაკაცად რომ დავბადებულიყავი, ამ ოცნებას უფრო ადრე ავიხდენდი და საჩვენებელი ბაღი მექნებოდა, ისეთი, მეზობელ სოფელში ერთ მონადირე კაცს რომ ჰქონდა. მის სანახავად ხალხი ისე დადიოდა, როგორც მუზეუმში. რაიონში სტუმრები რომ ჩამოდიოდნენ, ჯერ მის ბაღს დაათვალიერებდნენ. უზარმაზარ ტერიტორიაზე ყველანაირ ხეხილს ახარებდა... ერთი მოხუცი კაცის კაკლის ბაღიც მომწონდა, რიყესთან ახლოს ჰქონდა გაშენებული - ერთი 100 ძირი მაინც იდგა.

ამ ბაღის გაშენება იმიტომ მინდოდა, რომ ჩემი მოწეული მოსავლით არა მარტო ჩემს შვილებს, სხვებსაც ესარგებლათ. როცა აღარ ვიქნები, იტყვიან, ერთი გამრჯე ქალი ცხოვრობდა და  ეს ბაღი მისი გაშენებულიაო.

- ოცნება აიხდინეთ...

- ასეა. ოცნება ნელ-ნელა ამიხდა. მართალია, გვიან, მაგრამ ჩემი გაშენებული ბაღი  შვილებს ხომ მაინც დარჩებათ? მას შემდეგ, რაც ჩემმა კაკლებმა  გაიხარა, ავდექი და ჩემთან მოწეული კაკლის ნაყოფიც დავთესე.

- რომელი?

- თავდაპირველად, ჩემმა ძმამ რომ მომცა, იმ კაკლის ნაყოფი დავთესე. შემოდგომაზე, როგორც ნიორს ვრგავთ ხოლმე,  მიწაში მტკავლის გამოტოვებით ჩავთესე. კაკლის ნაყოფს,  ცალ მხარეს წვეტი აქვს, თავიდან წვეტით მიწისკენ ვთესავდი, მერე გამოცდილებამ მიჩვენა, რომ წვერი ზემოთ უნდა ყოფილიყო. გაზაფხულისთვის უკვე ნერგები ამოიყარა და იმ ყვავის მოტანილი კაკალი სადაც ხარობს, იქვე 10-15 ძირი გადავრგე... ზოგიერთ წიგნში კაკლის დასათესად გაზაფხულია მითითებული, მაგრამ  ჩემი გამოცდილებით, შემოდგომაზე დათესილი მეტად ამართლებს და თან მალეც ამოდის. ამ გაზაფხულზე 100 ძირი გავაჩუქე.

- გაზაფხულზე რატომ არ გაამართლა კაკლის დათესვამ?

- გაზაფხულზე დათესილი 15-20 სანტიმეტრზეც ამოვიდა,  ზოგიერთს კი ამოსვლა დააგვიანდა. ეს კი უარყოფითად მოქმედებს გადარგვის ვადებზე. ოღონდ, სანამ გადავრგავ, ორმოები ერთი თვით ადრე უნდა მქონდეს ამოთხრილი.

- მოკლედ, კარგი ბაღი გამოგივიდათ...

- ჯერ პატარა ნერგებია. 2 წლის განმავლობაში კაკალი ფესვს მიწაში იდგამს და იძლიერებს, მერე უკვე სიმაღლეში იზრდება.

- თავიდან კაკლის მოვლა როგორ დაიწყეთ?

- კაკალი მადლიანი ხეა, მოვლას იფერებს. კარგია, თუ გადამწვარ ნაკელს მოაყრით.

- ერთი ძირი რამდენს ისხამს?

- პირველ წლებში ნაკლებად, თუმცა, იმ რამდენიმე ცალი კაკლის ხილვაც დიდი სიხარულია. თითო ძირიდან ორ ვედრომდე ვიღებ. ერთ წელს სეტყვამ იძალა და ნაყოფი დაზიანდა.

ასეთი კაკლის ხეები სიმაღლით 4-5 მეტრამდე იზრდება.  მაგრამ სანამ ხე 6 წლის არ გახდება,  გასხვლა არ უნდა, რომ  ხე სიგანეში წავიდეს. თუ არ გინდათ, მაღალი გაიზარდოს, ახალამოსული ყლორტებიც უნდა მოეჭრას. ამ კაკლის ხიბლი ის არის, რომ ადრე ისხამს.

- კაკლის ხეებს შორის რა მანძილი უნდა იყოს, ანუ ნერგები რამხელა დაშორებით უნდა დაირგას?

- ჩვეულებრივი ჯიშის კაკლისთვის, რომელიც ჩვენთან ხარობს, ხეებს შორის მანძილი 14-12 მეტრი მაინც უნდა იყოს.

ჯუჯა კაკლის ხეები კი ერთმანეთისგან 7-8 მეტრზე ნაკლებით არ უნდა იყოს დაცილებული.

- რით განსხვავდებიან ჯუჯა და ჩვეულებრივი კაკლები?

- უმთავრესად იმით, რომ ჯუჯა ადრე ისხამს. ასე რომ არ ყოფილიყო, კაკლის ბაღის გაშენებაზე არ ვიფიქრებდი და ამ საქმეს ხელსაც არ მოვკიდებდი. 2009 წელს დავთესე პირველად კაკალი და 2011 წელს გადავრგე. სანამ გადავრგავდი, სპეციალისტთან გავიარე კონსულტაცია. გამაფრთხილა, ნერგს გადასარგავად რომ ამოიღებ, ძირი არ დაუზიანოო. ისე დიდად და ღრმად ჰქონდა ფესვი გადგმული, ჩემი მეუღლე ბარით ერთ მეტრზე ჩადიოდა, რომ ფესვები დაუზიანებლად ამოგვეღო. ჩარგვაც ღრმად უნდა, ორმოს პირიდან 15 სანტიმეტრით დაბლა უნდა იყოს ღერძი და ფესვი კიდევ ქვემოთ მაქსიმალურად უნდა წავიდეს.

- ჯუჯა კაკლის ნაყოფი თუ განსხვავდება ჩვეულებრივი კაკლისგან, ან საკმარისად ცხიმიანი თუ არის?

- ოდნავ განსხვავდება, - საშუალო ზომის არის. აქვს მოტკბო გემო და დიდი ცხიმიანობა, ძალიან გემრიელია.

- დამყნობა არ უნდა ნერგებს?

- კაკალს ნაკლებად ამყნობენ. ისე კი, თუ ეს საქმე კარგად არ იცი, დახელოვნებული არა ხარ, ხელი არ უნდა მოჰკიდო.

- თქვენ არ დაგჭირვებიათ ეს პროცედურა?

- არა, მე კაკალს დათესვით ვამრავლებ.

- სპეციალობით ბიბლიოთეკარი ხართ, თან მიწათმოქმედებასა და მეფუტკრეობასაც მისდევთ... მშვენიერი ვარდებიც გქონიათ...

- ეზოს მოვლა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. 38 ძირი ვარდი მქონდა, თუ სადმე წავიდოდი, ყველა მხრიდან კალამი მომქონდა. მერე ამ საქმემ ისე შემიყოლია, რომ ვარდის ძირები გამომყავდა და ვყიდდი. ალბათ, ჩვენს კუთხეში თუკი ვინმეს ყვავილნარი აქვს, ჩემი ვარდებით აქვს გაშენებული. ყველას ვეუბნებოდი, თქვენი ფული არ მინდა, თუ ვარდს არ გაახარებთ და არ მოუვლით, ვარდის ცოდოს ნუ დაიდებთ და ნუ წაიღებთ-მეთქი.

ლალი ფაცია