შრომით მოწეული ბარაქა და იმედი - კვირის პალიტრა

შრომით მოწეული ბარაქა და იმედი

"ჩვენ კიტრს შხამქიმიკატებით არ ვწამლავთ, მხოლოდ და მხოლოდ ნაკელს ვაყრით"

"რამდენიმემ დიღომშიც დათესა ჰიბრიდული და გენმოდიფიცირებული კიტრი"

ახლა გახურებული კიტრის სეზონია, მაგრამ კიტრის ფასმა  მაინც არ დაიწია. ეს უნიკალური და გემრიელი პროდუქტი სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. მაგრამ ჩვენთან მოყვანილი სხვა ბოსტნეულისა თუ ბაღჩეულის მსგავსად, სამწუხაროდ, უკვე კიტრის ის ჯიშებიც იყიდება, რომელიც ქართულ ჯიშებთან ვერაფრით მივა. ტრადიციული ჯიშები კი უფრო და უფრო მცირდება. რა არის ამის მიზეზი, შეეხო თუ არა კიტრს გენური ინჟინერია, ამის გასაგებად სოფელ დიღომს მივაკითხეთ. იქ მოყვანილი კიტრი და პამიდორი დიდი ხანია ცნობილია კარგი გემოთი და საბედნიეროდ, დღესაც ასეა. ამ თემაზე ციალა ბროლაძე გვესაუბრა - ცნობილი დიღმური კიტრი მის ოჯახში თაობებს მოჰყავდათ.

- ამ სოფელში დავიბადე, აქ ვარ გაზრდილი და ისევ აქ დავბრუნდი, ასე ვთქვათ, თბილისის ყველაზე კომფორტული უბნიდან, ვაკიდან, სადაც ჩემი მეუღლე ცხოვრობს. სანამ დედ-მამა ცოცხალი მყავდა, სათბურს ისინი ამუშავებდნენ, მე კი ამ საქმის გაძღოლამ მათი გარდაცვალების შემდეგ მომიწია. ქვეყნის გაჭირვებას მეუღლის ავადმყოფობაც დაერთო და რა უნდა მექნა, სამი შვილი მყავდა მისახედი, შევაღე მამისეული სათბურის კარი და არც დამიკეტავს...

ამ მიწაზე რის მოყვანაც შეიძლება, ყველაფერი მომყავს. რაც მეტს ვშრომობ, მეტი ბარაქა მაქვს და ამის გამო, მეტი იმედიც. როცა ჩემი შვილიშვილი სათბურში შევა და შხამქიმიკატებით მოუწამვლელ კიტრს პირდაპირ ძირზევე მიირთმევს, ამ სიამოვნებას არაფერზე გავცვლი. მართალია, კიტრს დიდი შრომა სჭირდება, ძალიან ნაზი და ძნელად შესანარჩუნებელია, მაგრამ შრომის გარეშე არც არაფერი გამოდის.

- სათბურშიც იგივე შრომა სჭირდება კიტრის მოყვანას, როგორც ღია ადგილებზე?

-  სათბურს კიდევ დამატებითი სირთულეები აქვს, მორწყვით დაწყებული, გათბობით დამთავრებული. მაგალითად,

ზაფხულში, როცა მზე დააჭერს, სათბური ისე ვარვარებს, გამთენიისას თუ არ მორწყავ ბაღჩეულს, მერე სველი მიწიდან ოხშივარი ავარდება და მოსავალს დაწვავს.

სათბურს უპირატესობაც აქვს - ყველა სეზონზე შეიძლება ბაღჩეულის დათესვა და ისეთი მოსავლის მოყვანა, რომ ფეხზე დაგაყენოს, ცხადია, თუ მთელ წელიწადს კიტრის სარეველასა და დაავადებებს ებრძვი.

კიტრს მრავალი დაავადება უტევს: ბუგრი, თეთრი პეპელა თუ კიტრის სოკო.  თუ დროზე არ მიაშველე წამალი, ძირიანად ამოაგდებს. ზოგჯერ კიტრს ფესვებზე კიტრის სოკო "კარტოფილა" ისე დაეკიდება და ისე გადაუგვარებს, კარტოფილის ფესვებს დაამსგავსებს. ძალიან რთული დაავადებაა კიტრის თეთრი პეპელაც. მართალია, ნაყოფს კი არა, ფოთოლს ჭამს, მაგრამ ნაყოფი ისე ჭკნება, გეგონება, ცეცხლი აქვს შენთებულიო. ზედ ისეთი წებოვანი სითხე რჩება, რომ თითები ეწებება.

მყიდველები რომ ჩივიან, დიღმის კიტრი ძვირი ღირსო, ამ ყველაფერთან ბრძოლაა საჭირო, თითოეული ძირი უნდა დაიარო, დაავადებული ნაყოფი და ფოთოლი მოაძრო, მერე კი წამალი შეასხა. ჩვენდა ჭირად, ზოგჯერ ეს წამალი საწამლავი გახდება ხოლმე. ერთხელ, კიტრი რომ შევწამლე, მეორე დღეს გამხმარი დამხვდა, უფრო სწორად, გაქვავებული - ფოთლები მთლიანად გაშეშებული ჰქონდა.

- ამბობენ, დიღმის კიტრი იმიტომ ღირს ძვირი, რომ სხვაგან მოყვანილზე გემრიელიაო.

- ეს სათბურისთვის ათეული წლების განმავლობაში გამოყვანილი ქართული შუშა კიტრის ჯიშებია. ამ ჯიშის კიტრის თესლს სეზონის პირველივე დასხმული კიტრისგან ვიღებთ და ვინახავთ, რათა მომდევნო სეზონზეც ასევე სწრაფად დაისხას, თანაც ეს ნაყოფი აუცილებლად კიტრის ფესვებთან ახლოს უნდა იყოს გამოსხმული.

თუ თესლს კიტრის წვერზე გამოსხმული ნაყოფისგან აიღებ, მაშინ მომდევნო სეზონზე დათესილი კიტრიც მხოლოდ კენწეროში დაისხამს. ნაყოფიდან თესლი მაშინ უნდა აიღო, როცა მწიფეა, უკვე გაყვითლებული და დავარგებულია. მერე სათესლე კიტრი ცოტა ხანს კიდევ ჩრდილში უნდა დადო, რათა სიმწიფე დასრულდეს. ამის შემდეგ ვიღებთ თესლს, ვრეცხავთ, ვაშრობთ და ვინახავთ.

დიღმის კიტრს გემოს ის პატარა საიდუმლოც აძლევს, რაც ყველა დიღმელმა იცის, - ჩვენ კიტრს შხამქიმიკატებით არ ვწამლავთ, მხოლოდ და მხოლოდ ნაკელს ვაყრით. ზამთრობით ცხენის ნაკელს, ე. წ. ფეიმანს, ზაფხულობით კი საქონლის ნაკელს. ასეთი ბუნებრივი სასუქი კიტრს იმდენი სჭირდება, რომ მიუხედავად იმისა, დიღმელებს პირუტყვი გვყავს, დამატებით ვყიდულობთ კიდეც. ფეიმანს ზაფხულში არ ვიყენებთ, - ძალიან მხურვალეა და კიტრს დაწვავს.

კიტრი სწრაფად ისხამს, აღმოცენებიდან 45 დღეში, სათბურში კი რადგან თბილა, ადრე მწიფდება კიდეც და ერთ დილას ყვავილიდან გამოსული კვირტი მეორე დღეს იმხელაა, ჭამა შეიძლება. ვისაც ჩვენებური კიტრი უგემია, იცნობს კიდეც. თუმცა, ვერ დავმალავ - დიღომშიც დათესა რამდენიმემ ჰიბრიდული და გენმოდიფიცირებული კიტრი. ჰიბრიდული ჯიში უშველებელი იზრდება და გემოთი ქართულს ვერც კი შეედრება; თანაც თესლიც არა აქვს, მომდევნო სეზონზე აუცილებლად უნდა იყიდო, ერთი პატარა მარცვალი 30 თეთრი ღირს. გენმოდიფიცირებული კიტრი მით უფრო ვერ მოვა ქართულთან.

ამ უბედურებას, როცა ყველგან გენმოდიფიცირებული მოსავალი ყრია, ერთი რამით მოეღება ბოლო, - როცა ჩვენს პროდუქციაზე დაიწერება, რომელია გენმოდიფიცირებული და რომელი - ნამდვილი.

მაშინ ისიც ამოისუნთქავს, ვინც წვალობს და ქართულ ჯიშს ინარჩუნებს. ისე კი, დღეს ხალხს შეიძლება ის კიტრიც შეაპარო, რომელიც სათბურის სოკოსავით უკვე მიწაზე კი არა, თივაზე ითესება და იზრდება.

- რა ბრძანეთ?

- დიახ.  სოფელში ზოგი გაოგნებული ჩამოვიდა თურქეთიდან - ეს რა ვნახეთ, იქ კიტრს თივის ბარდანებზე თესავენ და მოჰყავთო.

- გაზის გაძვირება, ალბათ, შემოსავალს შეამცირებდა, სათბური ხომ ბუნებრივი აირით თბება...

- მოგება მაინც არის. ტყუილად ვინ იმუშავებს?! მაგალითად, 200-კვადრატულმეტრიან სათბურს შეიძლება თვეში ზამთარში 1.500 ლარის გაზიც მოხმარდეს, მაგრამ თუ სათბური კარგად მოვლილია, ყოველ კვირაში თითო დაკრეფაზე კიტრით 4 ტომარა მაინც ივსება. როცა ზამთარში კიტრის ფასი სულ მცირე, 5 ლარია, უკვე ეს გვარიანი მოგებაა.

სათბურის გარდა, კურდღელი  მოვაშენე, მალე მრავლდებიან და ხორცი სულ გვაქვს... თანაც ძალიან საყვარლები და ლამაზები არიან. ბუნება ადამიანს ვალში არ დარჩება, თუ იშრომებს, საკვების გარდა, სულიერ საზრდოსაც აძლევს. ამ ბაჭიების დანახვა ყოველ დილით ისე მახალისებს, ხანდახან დაღლილს, დარდიც მავიწყდება. ესეც ხომ სიცოცხლეა!

მეურნე გვირჩევს

როცა კიტრი ითესება, მიწა უკვე ნაკელით განოყიერებული უნდა იყოს. შემდეგ როგორც კი კიტრი 2-3 ფოთოლს გაიკეთებს, ერთი ყლორტის გარდა ყველას ვაცლით და ნაკელწყლით (შესქელებული სითხე) ვრწყავთ. ნაკელწყალს ასე ვამზადებთ: 200-ლიტრიან კასრს დაახლოებით სანახევროდ ვავსებთ ნაკელით, შემდეგ ვასხამთ წყალს და ვაჩერებთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი არ გახდება. კიტრის ძირებში ამ მასას თითო ლიტრობით ვასხამთ, პერიოდულად, მთელი წლის განმავლობაში. ეს სასუქი, კიტრს შხამებით არ ავსებს და მის გაზრდა-მოყვანას უწყობს ხელს.