"არ შეწამლავ და, შესაძლოა, მოსავალი სრულად განადგურდეს" - კვირის პალიტრა

"არ შეწამლავ და, შესაძლოა, მოსავალი სრულად განადგურდეს"

"ძლიერმოქმედი სისტემური პრეპარატები ნიადაგს კლავს"

"ძველად ჩვენში გარემო გაცილებით ჯანსაღი იყო, სოკოვანი დაავადებები კი საერთოდ არ არსებობდა"

"ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით რომელ ბიზნესმენს რაც მოეპრიანება, ის პრეპარატები შემოაქვს"

"ვაზის მოვლა უდიდეს შრომასა და თავგანწირვას მოითხოვს, რაც ყველას არ შეუძლია", - ამბობს მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი, რომელსაც საკუთარი მეურნეობა აქვს მცხეთაში და კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომელიც გლეხკაცის შრომას თან ახლავს.

- ვაზს ძალიან ბევრი დაავადება და მავნებელი უჩნდება: სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებები, ნაყოფის, ფესვების, კვირტის, ფოთლისა და ყლორტების მავნებლები... მევენახეობა-მეღვინეობაში სხვადასხვაგვარი მიდგომა არსებობს, შესაბამისად, მეურნეებიც სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ.

წამლობის გარეშე ვაზის მოსავალი თითქმის მთლიანად დაიღუპება. მართალია, არსებობს უწამლავი ვაზის ჯიშებიც, მაგრამ მათი გამოყენება მეღვინეობაში შეუძლებელია, თანაც, ამგვარი ვაზის ჯიშები დიდი ხარისხით ვერ დაიკვეხნის.

- ყველაზე გავრცელებული ჩვენთან შაბიამნით შეწამვლაა.

- სპილენძის შემცველი პრეპარატები: შაბიამანი, კოსაიდი, ბორდოს ნარევი, კუპროქსატი და სხვები ჩვენში აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ეს პრეპარატები, პირველ ყოვლისა, მიმართულია სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. მათ შორის ყველაზე მეტად ვაზის ჭრაქია გავრცელებული. ეს ვერაგი დაავადებაა და მოსავლის სრულად განადგურებაც შეუძლია. ჭრაქის გარდა, სპილენძის შემცველი პრეპარატები გამოიყენება სხვადასხვა სახის სიდამპლის წინააღმდეგაც.

გამოცდილი მეურნე წამლობის მინიმალური რაოდენობით მეტ და ხარისხიან მოსავალს მოიწევს, ვიდრე გამოუცდელი, რომელიც წამლობას უფრო ხშირად მიმართავს. გააჩნია, რამდენად კარგად იცნობს მეურნე საკუთარ ვენახსაც და საერთო ვითარებასაც.

- შაბიამანი უარყოფითად არ მოქმედებს გარემოსა და მოსავალზეც?

- რა თქმა უნდა, შაბიამანში შემავალი აქტიური ნივთიერება სპილენძი ფერადი ლითონია. მაგრამ ვაზის სოკოვან დაავადებებთან ბრძოლა აუცილებელია. თუ მეურნე შეწამვლას რეგლამენტირებულად მიმართავს, მაშინ იგი გარემოს გაცილებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს. არსებობს იმის რისკიც, რომ შეწამლულ ყურძენში ქიმიური ნაერთები აღმოჩნდეს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალი ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაშია. ჰერბიციდი ნიადაგის სტრუქტურისა და სიცოცხლისუნარიანობის პირდაპირი მტერია და შესაძლოა, ვენახში შეტანისას ყურძენშიც მოხვდეს. ჰერბიციდების გარდა, ღვინის ხარისხზე ძალიან მოქმედებს ის სისტემური პრეპარატები, რომლებიც დღეს უკონტროლოდ გამოიყენება, განსაკუთრებით, ოჯახურ მეურნეობებში. ხშირად ღვინო დაუწმენდავი რჩება ან სხვა პრობლემა აქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ვაზის შესაწამლ პრეპარატებთან.

- ჩვენს წინაპრებს როგორ მოჰყავდათ მოსავალი, თუ მაშინ ჰაერი და მიწა უფრო ჯანსაღი იყო და ქიმიკატების გარეშეც იოლად გადიოდნენ?

- ძველად ჩვენში გარემო მართლაც გაცილებით ჯანსაღი იყო, სოკოვანი დაავადებები კი საერთოდ არ არსებობდა. ეს დაავადებები და უმთავრესი მავნებელი ფილოქსერაც ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდა, შემდეგ კი სწრაფად გავრცელდა, რასაც დარგში ნამდვილი კატასტროფა მოჰყვა. ცნობილია, რომ ძველად ჩვენში ვაზი არ იწამლებოდა და მოსავალიც ხარისხიანი იყო.

მავნებელი დაავადებების წინააღმდეგ წამლობის დაწყებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტი დროის შერჩევას. ხშირად ერთი დღეც კი გადამწყვეტ გავლენას ახდენს შედეგზე. ზოგჯერ ვაზის შეწამვლისთვის პრევენციულ ზომას უნდა მივმართოთ, ზოგჯერ კი პროფილაქტიკურს. არსებობს ძალიან კარგი ლიტერატურა მევენახეობის შესახებ, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, ამ შემთხვევაში მეურნე შესანიშნავად გაართმევს თავს მავნებელ დაავადებებსაც და სხვა, მეტ-ნაკლებად დიდ პრობლემებსაც. თუმცა, ბოლო დროს ჩვენს ქვეყანას მძიმე სენივით მოედო უწიგნურობა, რამაც თავისი კვალი მევენახეობა-მეღვინეობასაც დაატყო.

მეურნეებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: როგორ არის ეს საკითხი მოგვარებული უცხოეთში? - ევროპაში ვაზის შეწამვლა მკაცრად არის რეგლამენტირებული. ჩვენს ქვეყანაში კი რომელ ბიზნესმენს რაც მოეპრიანება, ის პრეპარატები შემოაქვს, თან ყოველგვარი გამოცდის გარეშე. არის რამდენიმე კომპანია, რომელიც, ასე თუ ისე, ახერხებს კეთილსინდისიერად მუშაობას, მაგრამ ვითარება ამ მხრივ მაინც უკონტროლოა. შემოუტანიათ ძველი, ვადაგასული პრეპარატები, რამდენჯერმე კი საქართველოში ევროპის ქვეყნებში აკრძალული პრეპარატებიც შემოვიდა. წარმოიდგინეთ, ამ ათიოდე წლის წინ კახეთსა და იმერეთში ასეთი პრეპარატების წყალობით ათეულობით ჰექტარი ვენახი გახმა. ეს სფერო სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკონტროლოს.

- რას ურჩევდით ახალბედა ფერმერებს, რომ უფრო კარგი, ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მოიწიონ?

-  დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში უკვე არაერთი მეურნე მისდევს ბიომევენახეობასა და მეღვინეობას, მათგან ძალიან ბევრი სასარგებლო რჩევის მიღება შეიძლება. გარდა ამისა, არსებობს სპეციალური საკონსულტაციო სამსახური, რომელიც უკვე წლების განმავლობაში საქმიანობს. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერმოქმედი სისტემური პრეპარატები ნიადაგს ანადგურებს და კლავს. არადა, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ამაღლების გარეშე, რეგულარული და ხარისხიანი მოსავლის მიღება შეუძლებელია - ეს თითოეულმა გლეხმა და ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს.

რჩევები დამწყები მევენახეებისთვის

მევენახეები ვაზს ხშირად წელიწადში თორმეტჯერ, ან ცამეტჯერაც წამლავენ, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებებისგან დასაცავად.

ჭრაქის შესაწამლად შაბიამანია საჭირო, ხოლო ნაცრის წამალი გოგირდია. თუმცა, დღეს არსებობს ისეთი შესაწამლი საშუალებები, რომლებიც შაბიამანსა და გოგირდს ერთდროულად შეიცავს.

ყურძენი არ იწამლება, როცა ყვავილშია, რაც ივნისში, დაახლოებით ერთ კვირას გრძელდება.

წამალი უნდა შეესხუროს ვაზის ფოთოლს (ორივე მხრიდან) და მტევანს. ყურადღება მიაქციეთ, რომ წამლის წვეთები ფუჭად არ გაიბნეს - ეს დანაკარგია.

ნაცარს ასე მოვაშორებთ

ვაზის ნაცარი ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა, ის ჩვენში 1850 წელს ამერიკიდან შემოვიდა. ნაცრის წამლობის გარეშე ვენახში გაწეული შრომა წყალში გადაყრილია, დროული ღონისძიებებით კი შეგიძლიათ მთლიანად შეინარჩუნოთ მოსავალი.

ნაცრის განვითარებას შესაბამისი ტემპერატურა (20-24 გრადუსი) და ჰაერის ტენიანობა (60-80%) უწყობს ხელს. წინასწარ ვენახის შეწამვლას აზრი არა აქვს, მაგრამ დიდი ყურადღებაა საჭირო, რათა ნაცრის გამოჩენა არ გამოგვეპაროს.

ფოთოლზე თავდაპირველად ჩნდება მოთეთრო ლაქისებრი ფიფქი, რომელიც ნაცარს წააგავს. ლაქები თანდათან ერთდება და შესაძლებელია, მთლიანად დაფაროს. ფოთოლი ყვითლდება და ცვივა. ავადდება ნორჩი ყლორტები, ხოლო შემდგომ მარცვალიც მთლიანად იფარება ფიფქით. ნაყოფი აღარ იზრდება, წვენის მიწოლის გამო სკდება და ხმება.

ნაცრის გაჩენისთანავე დაავადებული ფოთლები უნდა შევაცალოთ, შემდეგ კი აუცილებლად შევწამლოთ. ნაცრით დაავადებული ვენახის სამკურნალოდ უამრავი საშუალება გამოჩნდა: კარატანი, ბაილეტონი, ტოპსინ-მ, სეროცინი და სხვ., მაგრამ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანია გოგირდის შეფრქვევა.

გოგირდით ვენახის შეფრქვევა ხდება 4-5-ჯერ: პირველი - ყვავილობამდე, მეორე - ყვავილობის დროს, მესამე - დაყვავილების შემდეგ, მეოთხე - როცა მარცვალი გამონასკვულია, ანუ ისრიმობის დაწყებისას, მეხუთე კი საჭიროების მიხედვით ყურძნის შეთვალებამდე.

გახსოვდეთ! შესაფრქვევად ვარგისია წმინდად დაფქული გოგირდი. შეფრქვევაც ზურგის ან ხელის საბერველით ხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე