საქართველო გენეტიკურ "ოქროს მარცვლებს" მთელი მსოფლიოდან დაიბრუნებს - კვირის პალიტრა

საქართველო გენეტიკურ "ოქროს მარცვლებს" მთელი მსოფლიოდან დაიბრუნებს

"ჩვენი ქვეყანა მდიდარია კულტურული მცენარეების მრავალფეროვანი რესურსებით"

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო გენეტიკური რესურსების საცავში საქართველოს ყუთიც ინახება

სელექცია - მცენარეთა გენეტიკური გაუმჯობესება ადამიანმა დაახლოებით 12 ათასი წლის წინ დაიწყო ე.წ. "ნაყოფიერი ნახევარმთვარის ქვეყნებში" (დღევანდელი ერაყი, სირია, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, ლიბანი, სინაის ნახევარკუნძული). მას ამ დროს უკვე შეეძლო სასურველი მცენარეების გამორჩევა, თესლის შეგროვება და სადგომის მახლობლად დათესვა. ცდილობდა, ველურ მცენარეთა თვისებები (სხვადასხვა დროს მწიფდება, თესლი ადვილად სცვივა და შორს იბნევა...) თავის სასარგებლოდ შეეცვალა. დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინ ადამიანები ველური ხორბლის მტვრევად ღეროსა და ცვენად მარცვალში უკვე არჩევდნენ შედარებით მტკიცეღეროიან ხორბალს და თესავდნენ. დღეს მცენარის სელექცია უკვე ერთი მცენარის უჯრედიდან მეორე სახეობის მცენარის უჯრედში გენის გადანერგვასაც მოიცავს.

რა ეტაპზეა ჩვენში სასელექციო მუშაობა, ამის შესახებ აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორი  დავით ბედოშვილი  საუბრობს:

- სხვა ხალხებივით, ჩვენი წინაპრებიც ცდილობდნენ გაუმჯობესებული ჯიშების მიღებას. მით უფრო, რომ ჩვენ სულ 500 კმ-ზე ვართ იმ "ნახევარმთვარის ნაყოფიერი ქვეყნებიდან". ეს ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო. იმის საჩვენებლად, როგორ გამოჰყავდაGთ პირველი ჯიშები, შეიძლება ინდიელებისა და კარტოფილის ამბავი გავიხსენოთ. ველური კარტოფილი მწვანე შეფერილობისაა, წამლავს და კლავს კიდეც ადამიანს. ინდიელები მიხვდნენ, რომ ზამთარგამოვლილი ველური კარტოფილის ბოლქვის ჭამამ ადამიანს არ ავნო (ყინვა კარტოფილში შემავალ ალკალოიდებს შლის). კარტოფილი დათესეს და ზამთრის შემდეგ ჭამეს. შემდეგ დაიწყეს იმ ბოლქვების შერჩევითი დათესვა, რომლებიც ყინვის შემდეგ პირველი ტკბებოდა... ასე მიიღეს ჯიში, რომელიც მომწამვლელი აღარ იყო.

ნამდვილი სასელექციო მუშაობა XIX საუკუნის  II ნახევრიდან დაიწყო. ეს არ ყოფილა ჯიშთა შეჯვარება, უბრალოდ, ადამიანები მიხვდნენ, რომ თუ საუკეთესო თესლს გამოარჩევდნენ და დათესავდნენ, მოსავალიც საუკეთესო იქნებოდა... მეცნიერული სელექციის საფუძველი მენდელის გენეტიკის კანონებია. ისინი ადასტურებენ, რომ შესაძლებელია ერთი ჯიშის დედამცენარისა და მამამცენარის სასარგებლო ნიშნების (გენების) შეჯვარება და "საერთო შვილში" გადატანა (ჰიბრიდიზაცია). ამით უკეთესი თვისებების მქონე მცენარეს მივიღებთ. ამჟამად გავრცელებული ჯიშების აბსოლუტური უმრავლესობა ამ გზით არის მიღებული. კაცობრიობამ მცენარეთა გენეტიკური რესურსების უდიდესი მნიშვნელობა გააცნობიერა და ერთი სახეობის "მშობელი მცენარეების" გენების შეჯვარებით საუკეთესო "შვილი მცენარეების" შექმნა დაიწყო. ეს აუცილებელია, რადგან ერთ დღეს ჯიშთა მრავალფეროვნება ამოიწურება, აღმოჩნდება, რომ არსებულს განახლება და ახლის დამატება სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ დედამიწის მოსახლეობა იზრდება და ახალ კვებით რესურსს მოითხოვს. ამავე მიზნით ხდება მცენარეთა გენეტიკური მოდიფიცირება - ერთი სახეობის მცენარიდან მეორე სახეობის მცენარეში გენების გადასმა.

- რის წინააღმდეგაც საზოგადოება ილაშქრებს.

- მაგრამ გენეტიკური მოდიფიკაცია ყოველთვის მიმართულია რომელიმე კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად. გენმოდიფიცირებულ ჯიშებს შორის ბევრი შეიცავს ბაქტერიულ გენს, რომელიც ზოგიერთ მწერს ტოქსიკური ცილით ებრძვის, ანუ ამ ჯიშებს ვეღარ აზიანებენ ეს მწერები. აქვე მინდა ვთქვა, რომ  XX  საუკუნის დასაწყისიდან, პრაქტიკულად ყველა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის დანერგვამ რაიმე ზიანი მოუტანა კაცობრიობასა და გარემოს. მაგალითად, სასუქები აბინძურებს ნიადაგს, წყალსატევებს, უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით მავნე აღმოჩნდა პირველი ინსექტიციდი (დუსტი), რომლის წარმოება 1942 წელს დაიწყო. ის კანის კიბოს იწვევდა. ერთი მაგალითი: ვიეტნამის ომიდან დაბრუნებულ სამხედროებში დიდი იყო მელანომის (კანის კიბოს) რისკი. გაირკვა, რომ ამერიკელი ჯარისკაცებისთვის მკბენარის ასარიდებლად შხაპში დუსტს ურევდნენ. ამიტომაც აიკრძალა ის 1983 წელს. ბევრი დაავადება, მათ შორის სიმსივნური, დაკავშირებულია გარემოს ჰერბიციდებით (სარეველა მცენარეების მოსასპობი საშუალებები) მოწამვლასთან. ასეთი დაავადებების სიხშირე თითქმის 40%-ით შემცირდა შვედეთში, სადაც ჰერბიციდების მოხმარება შეიზღუდა და სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების ნარჩენებსაც მიხედეს.

ზიანის მიუხედავად, კაცობრიობა ვერ ამბობს უარს ამ ტექნოლოგიებზე. მთავარი მიზეზი მოსახლეობის სწრაფი ზრდა და 1 მილიარდამდე გაჭირვებული ადამიანის არსებობაა. მალე დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისთვის 9 მილიარდს გადააჭარბებს.

პროგრესს, კარგთან ერთად, ყოველთვის ახლავს უარყოფითი მხარეც. საინტერესოა "ოქროს" ბრინჯის მაგალითი: ყვითელი ნარცისიდან გადაცემული ბეტა-კაროტინის გენი ბრინჯის მარცვალში A ვიტამინს წარმოქმნის და მას ყვითლად ღებავს. "ოქროს" ბრინჯი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოსახლეობის გაჭირვებული ფენებისთვის შეიქმნა, რომელთა ყოველდღიური მენიუ (ძირითადად, თეთრი ბრინჯი) ძალიან ღარიბია ამ ვიტამინით, ამიტომ ბავშვებში თვალის დაავადებებია გავრცელებული.

ვირუსული დაავადების მიმართ გამძლე ტრანსგენი გამოიყენეს პაპაიაშიც, რამაც ეს კულტურა განადგურებას გადაარჩინა.

გენმოდიფიცირება ხშირად ჩვენშიც იწვევს დიდ კამათს - მისი მოწინააღმდეგეები ხაზს უსვამენ, რომ სხვადასხვა ორგანიზმის გენების შერევა იწვევს ახალი კანცეროგენური და ალერგიული ნივთიერებების წარმოქმნას. ისინი ამბობენ, რომ  გენმოდიფიცირებული ჯიშებიდან ტრანსგენები ველურ და სარეველა მონათესავე სახეობებში გავრცელდება და ეს ძალიან საშიშია. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ შემიძლია ის მაგალითიც მოვიყვანო, რომ" უცხო" გენების შერევა ბუნებაში იშვიათი არ არის. ცნობილია, რომ თვით ადამიანის გენომის 8% ვირუსების გენების იდენტურია, 18% - პურის საფუვრის (ანუ სოკოსი), 47% - ხილისა და ბუზის, 65% - ქათმის და 88% - თაგვის... გენეტიკური მოდიფიკაციისას ახალი კანცეროგენური და ალერგიული ნივთიერებების წარმოქმნა ჯერჯერობით მეცნიერულად დამტკიცებული არ არის, თუმცა, არც მთლიანად უარყოფილია. განვითარებულ ქვეყნებში გენმოდიფიცირებულ მცენარეებს ველურისგან საიზოლაციო მანძილით ზღუდავენ, ან არ თესავენ იმ ადგილებში, სადაც ადგილობრივი ფლორა მდიდარია ველური მონათესავე სახეობებით.

- ჩვენთან რა ტემპით ვითარდება სელექცია?

- 1980-იან წლებში საქართველოში ფართოდ იყო გაშლილი მცენარეთა სელექცია, რომლის შედეგი მრავალი გამოყვანილი ჯიშია. სამწუხაროდ, სელექციური კვლევა 1990-იანი წლების ბოლოს თითქმის შეწყდა. ამჟამად ეს პროცესი განახლდა. საქართველო ძალიან მდიდარია ხორბლის, ქერის, მუხუდოს, ოსპის, ვაზის, თესლოვანი და კურკოვანი ხილისა და სხვა კულტურების ადგილობრივი გენეტიკური რესურსით. ჩვენი წინაპრების გაკულტურებული მცენარეების გენოფონდი უნიკალური სიმდიდრეა, რადგან მასში მრავალი ძვირფასი გენია თავმოყრილი, საიდანაც ახალი ჯიშების გამოყვანა შეგვიძლია. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან არსებობს მცენარეთა გენეტიკური ბანკი, რომელშიც თესლის 3 ათასამდე ნიმუშია დაცული. აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე მუხრანში შექმნილია ცოცხალ მცენარეთა კოლექცია, რომელშიც 300-მდე ვაზისა და 100-ზე მეტი ხეხილის ადგილობრივი ჯიში და ფორმა მოიყრის თYავს. ნერგების გარდა აქ იქნება საძირეებიც, რომელზეც ჩვენი მეცნიერები მოიძიებენ და დაამყნობენ ადგილობრივი ჯიშის საუკეთესო კალმებს. მათ შორის, გადაშენების გზაზე დამდგარისაც.  ბევრმა არ იცის, რომ ადგილობრივი ქართული თესლი, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მცენარეთა თესლი, უცხოეთის ქვეყნების გენეტიკურ ბანკებშიც ინახება. XIX-XX საუკუნეებში შეგროვილი ნიმუშები საბჭოთა პერიოდში უმთავრესად სანქტ-პეტერბურგში, ვავილოვის მემცენარეობის ინსტიტუტში ინახებოდა. ბევრი ნიმუში ევროპისა და აშშ-ის გენბანკებშიც აღმოჩნდა.  ჩვენი პროექტის ამოცანა ამ გენბანკებში ჩვენი გენეტიკური მასალების მოძიება და საქართველოში დაბრუნებაა. ამ ნიმუშებს მოვიძიებთ, განვაახლებთ, შევისწავლით და კოლექციებში დავიცავთ. იმ გენბანკებში დაცული ზოგიერთი თესლის ნიმუში შესაძლოა ჩვენში უკვე აღარც არსებობდეს. ზოგადად მარცვლეულს კაცობრიობისთვის ოქროს ტოლფასი მნიშვნელობა აქვს, - ის შეიძლება შეინახო, სანამ მისი გაყიდვის საჭიროება არ დადგება და გაყიდო მაშინ, როცა მისი ფასი ყველაზე მაღალი იქნება.

მარცვლეულმა კულტურებმა უდიდესი როლი შეასრულა კაცობრიობის განსახლების საქმეში - იქ, სადაც იყო სიმინდი, შეიქმნა ამერიკა, სადაც იყო მუხუდო, შეიქმნა ევროპა, სადაც ბრინჯი - ჩინეთი. რაც შეეხება სოიას, მისი თითქმის მთელი გენეტიკური რესურსი თავმოყრილია ჩინეთში, რომელიც სოიის გაკულტურების ცენტრია. ეს ქვეყანა კატეგორიულ უარს აცხადებს ამ რესურსების თავისუფალ გაცვლაზე.

2000-იანი წლების დასაწყისში ამერიკამ ჩინეთთან ხელშეკრულება დადო, რომლის მიხედვით, აშშ-სა და ჩინეთს უნდა გაეცვალათ სოიის მათ ხელთ არსებული გენეტიკური მასალები. აშშ-მა ეს პირობა  შეასრულა, ჩინეთმა კი არა. ეს ფაქტი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ახლაც ამწვავებს და ხშირად განიხილება სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრებზე. ამან ამერიკა იძულებული გახადა, სხვა გზები ეძებნა სოიის ახალი ჯიშების მისაღებად. ჩინეთმა კი ძალიან კარგად იცის, რა "ოქროს" ფლობს.

სვალბარდის მსოფლიო საცავი

ჩრდილოეთის ყინულოვან  ოკეანეში, ნორვეგიის შპიცბერგენის კუნძულებზე შექმნილია მცენარეთა გენეტიკური რესურსების მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო სვალბარდის საცავი. ის მთის ფერდობში 120 მეტრ სიღრმეში შედის და მიწის მუდმივი მზრალობის პირობებში, დაბალ ტემპერატურას ინარჩUუნებს. ყუთებში ჩაწყობილი თესლი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იგზავნება. მათ შორის არის საქართველოს ყუთიც, რომელშიც ჩაწყობილია აგრარული უნივერსიტეტის გენბანკში დაცული ნიმუშების დუბლიკატები. თუ ჩვენი კოლექცია დაზიანდა რამე მიზეზით, შეგვიძლია ჩვენი ყუთი გამოვითხოვოთ და კოლექცია აღვადგინოთ.