სიყვარული კედარსაც უნდა - კვირის პალიტრა

სიყვარული კედარსაც უნდა

"კედარს სიგრილე სჭირდება. ახალი ნერგი ძალიან ქორფა და სათუთია და ზედმეტი მზის სხივიც მოქმედებს"

"მთელი თვე კედრის თესლს გულმოდგინედ ვუვლიდი და შრომაც დამიფასდა"

ალბათ იმ რაოდენობის თესლიდან, რაც მკითხველს საჩუქრად გადაეცა, ყველა ვერც გაიხარებდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ცუდი შედეგი ნახევარზე ნაკლების აღმოცენებაც არ იქნებოდა, რადგანაც საქმე გვაქვს ბუნებასთან და ისეთ სათუთად გასახარებელ კულტურასთან, როგორიც კედარია

"კვირის პალიტრის" პროექტში "ჩემი კედარი" მკითხველი აქტიურად ჩაერთო და ბევრმა სცადა ჰიმალაის კედრის თესლის გახარება. თუმცა არაერთმა მათგანმა მოგვწერა, რომ მათი კედრის თესლი არ გაღვივებულა, მკითხველებს ისიც აინტერესებთ, კიდევ დაელოდონ თუ არა თესლიდან მწვანე მასის ამოწვერას.

14 აპრილს, შევიძინე თუ არა, "კვირის პალიტრის" მორიგი ნომერი (სადაც თავადვე ვწერდი ჩვენი რედაქციის პროექტის - "მოდი, ერთად გავაშენოთ ტყე!" - "დარგე შენი ხე!.." შესახებ), კედრის თესლი, რომელიც გაზეთს საჩუქრად მოჰყვა, მაშინვე ქოთანში ჩავრგე. მერე მთელი თვე გულმოდგინედ ვუვლიდი, - ვცდილობდი, ქოთანში მიწა არ გამომშრალიყო, მაგრამ არც ისე, რომ მისთვის წყალი ჭარბად დამესხა.

შრომა დამიფასდა - მიწიდან პატარა მწვანე ყლორტმა ამოჰყო თავი, რამაც ძალიან გამახარა...

თავდაპირველად მიწიდან ამოწვერილ ყლორტს თავზე ქუდივით ეხურა თესლის ქერქი, რომელიც ნელ-ნელა, ზრდასთან ერთად, თავისით მოსძვრა. დღეს კი ასე გამოიყურება: პატარა ღეროს თავზე გვირგვინად ფუნჯის ფორმის მწვანე მასა ადგას... კედარს, რომელიც უზარმაზარ და ულამაზეს ხედ უნდა იქცეს, დილა-საღამოს ყურადღებას არ ვაკლებ...

თუმცა, ზოგიერთი მკითხველი გვირეკავს, საიტზეც გვწერს, რომ კედრის თესლი არ აღმოცენდა, ან თუ აღმოცენდა, მალევე მოიწყინა და გახმა.

ალბათ იმ რაოდენობის თესლიდან, რაც მკითხველს საჩუქრად გადაეცა, ყველა ვერც გაიხარებდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ცუდი შედეგი ნახევარზე ნაკლების აღმოცენებაც არ იქნებოდა, რადგანაც საქმე გვაქვს ბუნებასთან და ისეთ სათუთად გასახარებელ კულტურასთან, როგორიც კედარია.

ჩვენ დავუკავშირდით სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის აგრონომს, როსტომ მათურელს (კედრის თესლი სწორედ ამ სანერგემ გვაჩუქა) და ვკითხეთ, რა შეიძლება გამხდარიყო თესლის აღმოუცენებლობის მიზეზი.

- სავარაუდოდ, თესლს წყალი მოაკლეს და მიწაში გამოიფიტა ან ბევრი წყალი მოუვიდათ. მოკლედ, სათანადო მოვლა დააკლდა.

- გვეუბნებიან, წყალს არ ვაკლებდით, მაგრამ შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთო...

- შესაძლებელია, მაგრამ ასევე შეიძლება ზომიერად წყლის მიწოდება ვერ მოახერხეს და ზედმეტმა წყალმა, სავარაუდოდ, დაალპო თესლი. ვიმეორებ, თესლის განუვითარებლობის მიზეზი უმთავრესად დატენიანების მოკლებაა...

- შეიძლება მიზეზი ტენის დაკლება კი არა, ნიადაგი და ჰავაც იყოს?

- ჰავა და ნიადაგი უკვე აღმოცენებულ ნერგზე მოქმედებს... მთავარი მაინც ტენია, ნორმალურად რომ ჰქონოდა ტენი, დაფესვიანება მაინც მოხდებოდა. ჰავასა და ნიადაგს შეიძლება მერე ემოქმედა.

- ერთმა მკითხველმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ქოთანში 5 თესლი ჩარგო, მათგან სამი ამოვიდა, გაიზარდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ სამივე გაფუჭდა.

- შესაძლოა, მასზე ტემპერატურამ იმოქმედა. კედარი წიწვოვანი მცენარეა და უმეტესად სიგრილე სჭირდება. სავარაუდოდ, ახალი ნერგი მზის სხივმა გააფუჭა. ის ძალიან ქორფა და სათუთია და ზედმეტი მზის სხივიც მოქმედებს. მოჩრდილვა უნდა. ალბათ ფანჯრის რაფაზე ედო, მზეს არ მოარიდა და სხივმა დაწვა.

- ესე იგი, კედრის თესლს აღმოცენებაც უჭირს და ნერგის გაზრდაც რთულია...

- კი, სათუთია და თავიდან სერიოზული ხელშეწყობა უნდა. გაზრდა ძალიან უჭირს 2 წლამდე, მერე კი სწრაფად მიდის სიმაღლეშიც და სისქეშიც... ვიმეორებ, დასაწყისში ნიადაგი არ უნდა გამოშრეს და გამოიფიტოს, ამიტომ ტენი სულ სჭირდება, მაგრამ ზომიერად.

- ზოგიერთმა ივარაუდა, - თესლი ალბათ უცხოეთიდან შემოიტანეს, ძველი იყო და ამიტომაც არ აღმოცენდაო.

- ეს ვერსია თავიდანვე გამოსარიცხია. თესლი, რომელიც ჩვენ გადმოგეცით, სართიჭალაში, ჩვენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ჩვენივე მუშების მიერ აღებული გახლდათ და სავსებითY ვარგისი... საერთოდ, თესლს გირჩიდან ვიღებთ. გირჩის თავი და ბოლო არ ვარგა - იმ ადგილებში განლაგებული თესლი განუვითარებელია, ამიტომ მას შუა ნაწილიდან ვიღებთ. თესლი, რომელიც მოგაწოდეთ, სწორედ გირჩის შუა ნაწილიდან იყო მოპოვებული. კედრის თესლის ვარგისიანობის განსაზღვრა ადვილია - მას 5-6 თვე აქვს შენახვის ვადა, ნიორივით არის, ვადის გასვლის შემდეგ იპარება.

- ვინც კედრის თესლი ქოთანში ჩარგო და კვლავაც მისი აღმოცენების მოლოდინშია, რას ეტყვით მათ?

- თესლი, რომელიც ქოთანში აპრილში ჩაირგო და არ აღმოცენდა, აწი აღარც ამოვა. მისი დათესვისა და აღმოცენების დრო უკვე გასულია, აღარ გაღივდება. სწორედ აპრილი იყო მისთვის შესაფერისი და ხელსაყრელი პერიოდი. თქვენ თქვენი მაგალითები მითხარით და მე ჩემსას გეტყვით: ჩვენმა თანამშრომელმა თბილისში იყიდა "კვირის პალიტრა", რომელსაც კედრის თესლი მოჰყვა და დათესა. ორ კვირის წინ კი მითხრა, რომ მისი კედარი აღმოცენდა... ჩემს სოფელშიც მითხრეს, რომ გაზეთიდან მიღებული თესლი აღმოცენდა. მართალია, ბევრი ადამიანი არ შემხვედრია, ვინც გაზეთიდან მიღებული თესლი ქოთანში ჩარგო, მაგრამ ვინც შემეხმიანა, კედარმა ყველასთან გაიხარა. ჩვენს მეურნეობაში მასობრივად რომ არ აღმოცენდეს კედრის თესლი, ასეთი არ მომხდარა.

მოკლედ, ვისთანაც ის აღმოცენდა, ვურჩევთ, ამ ზაფხულს თქვენი ნერგები მზის სხივებს მოარიდოთ.

P.S. ჩვენ 14 აპრილის ნომერში დაწვრილებითი ინსტრუქცია გამოვაქვეყნეთ, როგორ უნდა გაგვეღვივებინა კედრის თესლი. თუმცა ალბათ უფრო გარკვევით უნდა მიგვეთითებინა, რომ მისი გახარება ძნელი საქმეა. მაგრამ "კვირის პალიტრის" პროექტი გაგრძელდება. ჩვენ შემოდგომაზეც შევეცდებით მოვაწყოთ აქცია, გაისადაც და მკითხველს კვლავაც შევთავაზოთ ამა თუ იმ მცენარის თესლი. ვისთანაც კედრის თესლი არ გაღივდა, გული არ გაიტეხოთ, ჩვენ ერთად დავრგავთ და გავახარებთ სხვა მცენარეებს. ვისთანაც კედარმა გაიხარა, მათთან ერთად, რა თქმა უნდა, მომავალ წელს გავაშენებთ კედრის კორომს...

ლალი ფაცია