კითხვა-პასუხი
23-06-2014
კითხვა-პასუხი
მკითხველთა შეკითხვებს უპასუხებს ვეტერინარი ექიმი ქეთი კვირკველია:

- რამდენად საჭირო და აუცილებელია ძაღლისთვის ფრჩხილების დაჭრა?
გუგა გავაშელი, თბილისი

- როდესაც ძაღლს  ხშირად ვერ ასეირნებთ, აუცილებლად სჭირდება ფრჩხილების დაჭრა - ჯერ ერთი, ფრჩხილებთან ერთად, ცხოველს სისხლძარღვებიც ეზრდება, თანაც, ფრჩხილები შეიძლება ჩაუბრუნდეს ბალიშებში და სხვადასხვა სახის ინფექცია გამოიწვიოს. ამიტომ უნდა ვეცადოთ ძაღლის ფრჩხილების სიგრძის გაკონტროლებას. ზოგიერთ ძაღლს მუქი ფერის ფრჩხილები აქვს, ზოგსაც ღია. ღია ფერის ფრჩხილში თუ გახედავთ, კარგად დაინახავთ, სადამდე მიდის
სისხლძარღვი. ფრჩხილი უნდა მოიჭრას სისხლძარღვამდე, იმის იქით თუ მოაჭრით, შეიძლება სისხლდენა დაეწყოს. საერთოდ, სისხლძარღვი ძაღლსაც და კატასაც ფრჩხილში აქვს. როცა ბუნებაში გადიან, მიწას ან ხეს ფხაჭნიან და თავისით იქლიბავენ ფრჩხილებს, ბინაში კი ამას ვერ ახერხებენ და ფრჩხილებიც ძალიან ეზრდებათ.

- რა სიხშირით უნდა დავბანოთ ძაღლი?
კატო მჭედლიშვილი, თელავი


- თუ ცხოველს თვეში ერთხელ მაინც დავბანთ, ბევრ პრობლემას ავიცილებთ. უპირველესად, ცხოველი უფრო ჯანმრთელი იქნება. ჭუჭყიანი ცხოველის ბეწვი და კანი გაპოხილია და მასში ბაქტერიები თუ პარაზიტები ადვილად მრავლდებიან, და ვერც ბინაში დავიცავთ ჰიგიენას. თუ ძაღლს თვეში ერთხელ დავბანთ ანტიპარაზიტული შამპუნით, ბევრ პრობლემას მოვუხსნით. თვეში ერთხელ, წელიწადის ნებისმიერ დროს აბანავეთ ძაღლიც და კატაც. ოღონდ ცხოველს ყურებსა და ცხვირ-პირში შამპუნი და წყალი არ უნდა ჩაუვიდეს, ამიტომ ყურები ბამბებით დავუცვათ. თქვენი ოთხფეხა მეგობრის დასაბანად თბილი წყალი და შამპუნიც საკმარისია.


შარშან ჩვეულებრივი წესით დავაყენე ღვინო, მაგრამ რატომღაც ტკბილი გამოვიდა. რა უნდა გავაკეთო, წლეულსაც რომ იგივე არ განმეორდეს?
ნუგზარ ბეჟუაშვილი, ქარელი


- როგორც ჩანს, თქვენმა ღვინომ დუღილი შეწყვიტა ტემპერატურის დაცემის გამო. ამ შემთხვევაში შაქარი ვერ ასწრებს ბოლომდე დაშლას და ღვინო სიტკბოს ინარჩუნებს. არ არის გამორიცხული, ჰაერის ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ღვინოში დუღილი განახლდეს. ამიტომ მაშინვე სცადეთ ხელოვნურად, კულტურული საფუვრის საშუალებით განაახლოთ დუღილი.

აქამდე მეგონა, რომ ჭიამაია მხოლოდ ლამაზი მწერი იყო, არადა, მეგობარმა მითხრა, რომ მავნე მწერების მტერი ყოფილა. მართალია?
ლალი გველესიანი, თბილისი


ჭიამაია, რომელსაც წითელ ამობურცულ-მომრგვალებულ სხეულზე შვიდი შავი წინწკალი აქვს, ადამიანის "მეგობარი" მწერია. ეს ლამაზი ხოჭო ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, ანადგურებს ცრუფარიანებსა და სხვა პატარა ზომის მავნე მწერებს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ავსტრალიიდან აფხაზეთში სპეციალურად შემოყვანილმა ჭიამაიას სახეობებმა როდოლიამ და კრიპტოლემუსმა შეაფერხეს ციტრუსების საშიში მავნებლების - ღარიანი და ფქვილისებრი ცრუფარიანას გამრავლება.
ჭიამაისებრთა ოჯახის 2000-მდე სახეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მართალია, უმთავრესი სახეობები სასარგებლოა, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც მცენარეული საკვებით იკვებებიან და სოფლის მეურნეობისთვის ზიანი მოაქვთ.
ჩვენში გავრცელებული წითელი შავკოპლებიანი ჭიამაია ბუგრებისა და სხვა მცირე ზომის მავნებლების მტერია, ამიტომ მას გაფრთხილება სჭირდება.

აბზინდას ყველა იცნობს, ვისაც ბუნებასთან კავშირი აქვს, მაგრამ, როგორც შევიტყვე, ის შესანიშნავი ანტიპარაზიტული და ბაღ-ბოსტნის მავნებელთა საწინააღმდეგო საშუალებაა, ჩემს ბაღში კი მუხლუხოებმა ნარგავები დამიზიანეს. როგორ უნდა მოვამზადოთ ნახარში?
ცოტნე ბულია, სამეგრელო


- ვისაც ერთხელ მაინც მოუწყვეტია აბზინდის მონაცრისფრო, წვრილ-ყვითელი ყვავილებით დაფარული ყლორტები, მას არასოდეს შეეშლება იგი სხვა მცენარეში დამახასიათებელი მძაფრი სუნის გამო.
ფოთოლჭამია მუხლუხოების საწინააღმდეგოდ ნახარშს ასე ამზადებენ: 1კგ კარგად დამჭკნარი აბზინდის მიწისზედა ნაწილს ადუღებენ 10-15 წუთს მცირე რაოდენობის წყალში, წურავენ და უმატებენ იმდენ წყალს, რომ 10 ლ გახდეს. მანამდე მასში ურევენ 1კგ ქათმის ნაკელს (წყალშერეული). ეს ნაყენი 1-2 დღე უნდა გაჩერდეს და მერე შეერიოს აბზინდის ნახარში. მერე ყველაფერი ერთად გაიწურება და გაზავდება 10 ლიტრამდე.
ამგვარი ნარევით 2-ჯერადი შეწამვლის შემდეგ (7-დღიანი ინტერვალით) ერთი ფოთოლჭამიაც აღარ დარჩება მცენარეზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები