ფორმულა მებოცვრეობის ფერმისთვის
30-06-2014
ფორმულა მებოცვრეობის ფერმისთვის
როცა მეურნე შრომაშია, ბოცვრების ფერმაც ფორმაშია

მიხეილ პეტრიაშვილი ბოლნისის რაიონის სოფელ ხატისოფელში ცხოვრობს. 29 წლის ახალგაზრდა კაცს ორი წელია, საკუთარ ეზოში ბოცვრების ფერმა აქვს მოწყობილი.

- სახლში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ბაბუა რომ გარდაიცვალა, მერე მე ჩავედი. გარდა იმისა, რომ მებოცვრე გავხდი, მაქვს ვენახი, რქაწითელის ჯიშის ყურძენს ვუვლი. საკუთარ მეურნეობაში ბოცვრებისთვის მე და მამამ შვრია, იონჯა დავთესეთ...

- მებოცვრეობით როდის
დაინტერესდით?

- 3 წლის წინ ტელევიზიით მებოცვრეობაზე გადაცემა ვნახე და გამიჩნდა იდეა, პატარა ფერმა გამეკეთებინა. სამი დედალი და ერთი მამალი ბოცვერი ვიყიდე, მერე და მერე ახალი ჯიშები დავამატე. ახლა 20 დედალი, ანუ მუშა ბოცვერი და 3 მამალი მყავს. თვეში 80-მდე ბაჭია ჩნდება. 20 დედალთან 3 მამალი საკმარისია. ერთი ზედმეტიც კი არის, მაგრამ ჯიშების გამოყვანისას
გვჭირდება.

- ყოველთვე მრავლდებიან?
- მაკეობა 30 დღე გრძელდება. შეიძლება ისეთი შეჯვარების მეთოდიც გამოვიყენო, რომ ბაჭიები ყოველთვე დაყარონ, მაგრამ ეს ბოცვრების ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, ამიტომ წელიწადში მხოლოდ 4-5-ჯერ ვაჯვარებთ.
ბოცვრის ხორცზე დიდი მოთხოვნილებაა. ის დიაბეტური პროდუქტია, ქოლესტერინის შემცველობა უმნიშვნელოა. ადამიანის ორგანიზმი ბოცვრის ხორცს 90%-ით ითვისებს, საქონლის ხორცს კი - 60-70%-ით. კურდღლის ხორცი კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის, ჩვილ ბავშვთათვის. არის მედიკოსების მოსაზრება-რეკომენდაციაც, რომ ბავშვმა პირველად კურდღლის ხორცი უნდა გასინჯოს.

- საქმის წამოსაწყებად თეორიული ცოდნა ხომ იყო საჭირო?
- თეორიული ცოდნა სპეციალური ლიტერატურითა და ინტერნეტით მივიღე. მერე მებოცვრეებიც გავიცანი, დავმეგობრდით და უკვე ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარებით, პრაქტიკით ბევრ რამეს მივხვდი და ვისწავლე...

- ბევრნი ხართ?
- ძალიან ცოტანი. ისეთი ფერმები, სადაც 100 და მეტი დედალი ბოცვერი ჰყავთ, შესაძლოა 10-მდე იყოს. ზოგიეთთან ინტერნეტფორუმზე მაქვს ურთიერთობა, რაღაცებს მეკითხებიან და ვპასუხობ. ერთმანეთს აზრებსაც ვუზიარებთ... თუმცა, ამ საკითხებზე ერთი კარგი ტრენინგი არ მაწყენდა. მოკლედ, საერთო საქმემ რამდენიმე მებოცვრე გაგვაერთიანა.

- რა არის საჭირო ამ სფეროში წარმატებისთვის?
- ჯიშების სწორად შერჩევა უნდა იცოდე. საქმიანობა ისეთი ბოცვრის ჯიშით უნდა დავიწყოთ, რომელიც რენტაბელური იქნება. არ უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი ჯიში, რომელსაც ქართულ ბოცვერს ვეძახით. სამწუხაროდ, ის ბიზნესისთვის მომგებიანი ვერ იქნება.

დიდი დრო და დანახარჯი სჭირდება მის გაზრდას, მისი ხორცად გაყიდვა ზარალია. ამიტომ ზორბა და სწრაფად მზარდი ბოცვრები გვჭირდება, ასეთია ახალზელანდიური და კალიფორნიული ჯიშები, მაგრამ საქართველოში ამ ჯიშების სუფთა რეპროდუქტორი არ არსებობს. ამიტომ ვიყენებთ თეთრი და რუხი გოლიათის ჯიშებს და ასევე, მათთან ფლანდრის ნაჯვარს. 4 თვის ასაკში მისი ხორცი 1,8 კილოგრამს აღწევს.

- როგორ უვლით?
- მოვლა რთულია. დიდი ბოცვრები ხანდახან ექვს კილომდე აღწევენ. მავთულბადის იატაკი მათ დაავადებას (დერმატიტი, ფეხისგულების დაზიანება, წყლულები უჩნდებათ, რომელიც სკდება და შემდგომ ინფექცია ეჭრებათ) იწვევს, ამიტომ გალიაში იატაკად ხის ძელაკებს ვიყენებ. დახურულ შენობაში ვენტილაცია სწორად უნდა იყოს გაკეთებული - არც ნესტი უნდა გაუჯდეს და არც ბოცვრის ექსკრემენტების სუნი. საჭიროა სწორი განათება. ბოცვრებამდე მზის სხივი უნდა აღწევდეს, რაც მათთვის D ვიტამინის წყაროა. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას.

თვეში ერთხელ მაინც აუცილებელია დეზინფექცია. ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს. მე გაზის ალით გამოვწვავ ხოლმე გალიებს, ან ქლორს ვასხურებ. დეზინფექციისთვის სპეციალურ აბებს წყალში საჭირო დოზით ვხსნი. მოსხურებისას კურდღლები გალიიდან უნდა გამოვიყვანოთ და ნახევარ საათში დავაბრუნოთ. დეზინფექცია იმიტომ არის აუცილებელი, რომ ბოცვერს ბევრი გადამდები ვირუსული დაავადება ემუქრება, რომელმაც შესაძლოა, ყველა ერთ დღეს გაწყვიტოს.

- რით იკვებებიან?
- მათ რაციონში, ძირითადად, მარცვლეული კულტურებია: ქერი, ხორბალი, სიმინდი, ქატო, ასევე სოიისა და მზესუმზირის კოპტონი. ეს ყველაფერი, დაფქვის შემდეგ, დოზირებულად უნდა გაზავდეს, რადგან კოპტონი ბევრ პროტეინს შეიცავს. საკვებში პროტეინის შემცველობა უნდა იყოს 16-დან 18%-მდე, ამასთან, გააჩნია ასაკს, წონას, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ლაქტაციის პერიოდს, მაკეობას და სხვ. ფორმულაც შევადგინე, რომლითაც ამ ყველაფერს მიახლოებით ვითვლი. არ არის ძნელი, მსურველს შეუძლია, ინფორმაცია მოიძიოს და თვითონაც გააკეთოს. როცა სოფლის პირობებში, ინდივიდუალურად ჰყავთ კურდღლები, მხოლოდ ხორბალსა და სიმინდს ან ქატოს აჭმევენ, რაც კარგ შედეგს არ იძლევა.

- ბოსტნეულს არ ჭამენ?
- სტაფილო მათთვის კარგი პროდუქტია. ბევრი აჭმევს კომბოსტოს, არადა, კომბოსტო ბერავს და მერე კურდღელი დასაკლავი ხდება. მათთვის ასევე კარგი საკვებია ოხრახუში, კამა და ნიახური ზამთარში, ლაქტაციის პერიოდში, დღეში 20-30 გრამი.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
- წინსვლისთვის თანხაა საჭირო, თუმცა მინდა, 3-4 წელიწადში საქართველოში ყველაზე დიდი ფერმა მქონდეს. იმედია, გამომივა. ახალი ჯიშების შემოყვანაც მინდა. შარშან შემოდგომით ვაპირებდი უკრაინიდან, მაგრამ იქაურმა ამბებმა შემიშალა ხელი.

ბოცვრების გარდა ახალი ჯიშის ქათმებიც მოვაშენე, რომლებიც 5 კგ-მდე იზრდებიან. ეს საქმიანობა ერთი თვეა, დავიწყე. ჯერ წიწილები არიან და იზრდებიან. ესეც საინტერესო სფეროა, აქაც არ მაქვს გამოცდილება, მაგრამ ვსწავლობ.

- რას ურჩევთ იმათ, ვინც მეკურდღლეობას აპირებს?
- ჯერ თეორიული ცოდნა დააგროვოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, გამორიცხულია, შედეგს არ მიაღწიონ.
ერთი ცუდი მხარე აქვს ამ საქმეს - ბოცვრის დაკვლა. ამას ფსიქოლოგიური მომზადებაც სჭირდება. ხშირად გალიიდან დასაკლავად ამომისვამს და მერე უკან ჩამიბრუნებია. ბოცვერი მყავდა, ფარსმანს ვეძახდი, აივანზე ვზრდიდი, უკვე ასაკიც უწყობდა ხელს და წონითაც იმხელა იყო, რომ უნდა დამეკლა, მაგრამ ძალიან მიჭირდა. მერე უცებ დავკალი, ყოყმანის გარეშე, თუმცა, ამისთვის ორ თვეს ვემზადებოდი.

- ბოცვრის ტყავს რას უშვრებით?
- ვერაფერს. ტყავის დამუშავება ძნელია, სახლის პირობებში ეს შეუძლებელია. არც არავინ იბარებს.

- უცხოეთში რომ გაიტანოთ?
- იმდენი სჭირდებათ (5000 ცალი და მეტი), ჯერ ვერ ვაგროვებ.

- ბოცვრები გალიებში ცალ-ცალკე გყავთ?
- ცოტა მოზრდილებისთვის ინდივიდუალური გალიები მაქვს, ანუ ყველა ბოცვერი ცალ-ცალკეა. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ორი-სამი ბაჭია ერთ გალიაში იზრდება, ძლიერი ჩაგრავს სუსტს, საკვებს აცლის. ერთმანეთს ჰკბენენ, არადა, ნაზი კანი აქვთ, სისხლჩაქცევები უჩნდებათ, ცალკე კი თავს მშვიდად გრძნობენ.
ბევრი რამ ჩემი ხელით გავაკეთე ფერმაში, უმეტესად მეორადი მასალით. სოფელში თუ ვინმემ კარადა გადააგდო ან იატაკი გამოცვალა, წამოვიღე და გამოვიყენე... მიყვარს ჩემი საქმე.

ლალი ფაცია
აკაკი
18 მარტი 2017 00:00
მალადეც რამინდა გკიტხო რატო ჭამს ბაჭიებს რო და6რის და შეჭამს რამდენ ხანში შევაჯვარო
ჯაბა
21 მაისი 2016 11:34
კარგია მომწონს თქვენი შემართება მეცმყავს კურდღლები თანაც ძალიან კარგი ჯიში თითქმის ჩემი გამოყვანილია 10–11კილოზე მიდიან ვზრუნავ მოვუმატო წონას და ალბათ გამომივა! ვამზადებ სპეციალურ საკვებს გრანულებად შემიძლია ვისაც სურვილი აქვს კურდრელში გავუცვალო. ფასი კორმის მინიმალურია 1ლ შემომეხმიანეთ და ვითანამშრომლოთ! 595313907 ან 574939367ჯაბა თბილისში ვაართ!
*******
09 ივლისი 2014 16:22
როგორ მიხარია ასეთ ახალგაზრდებზე რომ წერთ.ყოჩაღ ამ ვაჟკაცს. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას თავის საქმეში.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა