ნიადაგი ეროზირებული და გაღარიბებულია?!
30-06-2014
ნიადაგი ეროზირებული და გაღარიბებულია?!
"ფერმერებისთვის შეიქმნება ინსტრუქცია - როდის, რამდენი და რომელი სასუქი გამოიყენონ"

"სხვადასხვა ნიადაგზე კულტურებს ქაოსურად აშენებენ, ამიტომაც გვაქვს მოსავლიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი"


"მამულ-დედულში" დაბეჭდილ სტატიას პესტიციდების არარაციონალური გამოყენებისა და გზის პირებზე ნიადაგის დაბინძურების შესახებ მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა. მართლაც შემაშფოთებელია ცნობა, რომ პესტიციდების ჭარბად მოხმარების გამო ამ ნივთიერებების 60% მოსავლიანობის ზრდის ნაცვლად ნიადაგს აბინძურებს. მძიმე ლითონებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით არის გაჯერებული ასეთ ნია
დაგზე მოწეული პროდუქტიც.
ვინ უნდა შეისწავლოს საქართველოში ნიადაგის მდგომარეობა და პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს? - სწორედ ეს შეკითხვა გაუჩნდათ მკითხველებს. როგორც აღმოჩნდა, დაახლოებით სამი თვეა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველო შეიქმნა.


ეკა სანაძე, ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელი:


- სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ეს სამმართველო წელს, 1-ელ მარტს შეიქმნა. მიზანი ნიადაგის საფრის მდგომარეობის
შესწავლა და ინსტიტუციური მოწყობაა, რაც ქვეყანაში 20 წელიწადია, არ გაკეთებულა, მოსავლიანობა ან პროდუქციის ხარისხის ზრდა კი სწორედ ნიადაგის თვისებებთან არის დაკავშირებული.
შევეცადეთ, ნიადაგის ყველა პრობლემა წარმოგვეჩინა და განგვესაზღვრა, რა ამოცანებია გადასაჭრელი. პირველი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, არის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის არარსებობა, სადაც ნიადაგის სინჯებს გამოვიკვლევთ. სამინისტროსთან დაარსდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სადაც ასეთი ლაბორატორიული ბაზა შეიქმნება. გარდა ამისა, გამოიკვეთა სხვა პრობლემაც - სამართლებრივი ბაზის მოუწესრიგებლობა. არსებობს კანონი ნიადაგის დაცვის, კონსერვაციის, ნაყოფიერების აღდგენის შესახებ, მაგრამ აუცილებელია მასში სამართლებრივი საკითხების შესწორება. ასევე უნდა გაიმიჯნოს გარემოსდაცვითი საკითხები და ის ნაწილი, რომელიც ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება.

სამინისტროში გვაქვს მონაცემები ნიადაგების შესახებ, ანუ გეოსაინფორმაციო ბაზა. ის 2003-2006 წლებში მიწის კადასტრის პროექტის ფარგლებში შეიქმნა ევროპის განვითარების ბანკის დაფინანსებით. ბაზაში შეტანილია ნიადაგების ხარისხობრივი მონაცემები, მათი ფიზიკური და ქიმიური თვისებები საქართველოს მასშტაბით.

- როგორია საქართველოში ნიადაგის მდგომარეობა?
- ამ მონაცემების თანახმად, საქართველოს ტერიტორია ეროზირებულია. ნიადაგი შეისწავლეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისთვის ვარგისიანობის თვალსაზრისით და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველგან ნიადაგი გაღარიბებულია, არ შეიცავს მცენარეებისთვის აუცილებელ საკვებ ელემენტებს, თუმცა, ეს რამდენიმე წლის წინანდელი კვლევაა. ჯერჯერობით შეუძლებელია იმის თქმა, როგორ შეიცვალა სურათი მას შემდეგ.

- ამბობთ, რომ ნიადაგი გაღარიბებულია, მაგრამ საინტერესოა, რამდენად დაბინძურებულია ის შხამქიმიკატებით?
- ამის შესწავლა უკვე გარემოს დაცვის სამინისტროს ამოცანაა... კონკრეტულ ნიადაგზე სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის ნიადაგის გენეზისური მაჩვენებლები უნდა განისაზღვროს, რათა სწორად შეირჩეს გასაშენებელი კულტურები. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქიმიურად სუფთა პროდუქციის მოსავლიანობის გაზრდა. სამწუხაროდ, ეს არ კეთდება და სხვადასხვა ნიადაგზე კულტურებს ქაოსურად აშენებენ. ამიტომაც გვაქვს მოსავლიანობის ასეთი დაბალი მაჩვენებელი.

- რა იგეგმება ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- სამმართველოში მომზადებულ სახელმწიფო პროგრამაში დეტალურად გაიწერა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, რასაც ახლო მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ. ჯერ შევისწავლით საქართველოს ნიადაგურ საფარს, ჩავატარებთ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, გამოვიყენებთ აგროქიმიურ სასუქებს. ფერმერებისთვის შეიქმნება ინსტრუქცია - როდის, რამდენი და რომელი სასუქი გამოიყენონ. ეს ყველაფერი საკანონმდებლო რეგულაციებში უნდა გაიწეროს. მართალია, მიწა კერძო საკუთრებაა, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ქვეყანას ეკუთვნის. მიწის არარაციონალური გამოყენება, რაც დღეს ხდება, დაუშვებელია. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს კონტროლი, რათა ნიადაგის საფრის დაცვა და გადარჩენა შევძლოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა