"მხოლოდ მამალი იადონი გალობს"
30-06-2014
"მხოლოდ მამალი იადონი გალობს"
"გალიაში ყოფნა მათთვის იძულებაა და როგორც კი ღია კარს ან ფანჯარას დაინახავენ, ცდილობენ, გაფრინდნენ - თავს უშველონ"

"შინაური იადონის გალია ისეთ ადგილას უნდა დავდგათ, სადაც ორპირი ქარი არ
იქნება"


იადონი გამორჩეული ხმისა და შეფერილობის ჩიტია. თუ მისი ხავერდოვანი ხმა ერთხელ მაინც მოგისმენიათ, აუცილებლად გაგიჩნდებოდათ სურვილი, თქვენს სახლშიც ეგალობა. როგორც ექიმი-ვეტერინარი ქეთი კვირკველია ამბობს, იადონს ძალიან უყვარს თავისუფლება, ამიტომ საკმარისია შანსი მიეცეს, მაშინვე გაგიფრინდებათ. საქართველოში ოჯახში იადონი ბევრს ჰყავს. რით არის
გამორჩეული და როგორ მოვუაროთ ამ მშვენიერ ფრინველს?


- სად ცხოვრობენ იადონები?
- მათი გავრცელების არეალი ძირითადად მთა და ტყეა, თუმცა, ჩიტი კარგად შეეგუა თანამედროვე ბაღებს, პარკებს და მშვენივრად გრძნობს თავს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში - ქალაქებსა და დაბებშიც. იადონი გადამფრენი ფრინველია. ძალიან უყვარს წყალი - ჯგუფ-ჯგუფად
მიფრინდებიან ხოლმე წყალთან, სვამენ და თან ბანაობენ, ერთობიან. ბუნებაში მცხოვრები იადონი ბუდეს ხეზე იკეთებს, სადაც 4-5 კვერცხს დებს. დედალი ბუდეში ზის, ხოლო მამალი იქვე, ხის ტოტზე ზის და გალობს. სხვათა შორის, გარეული იადონის სიმღერა შინაურთან შედარებით ნაკლებად სასიამოვნოა. თავდაპირველად ისინი არ გამოირჩეოდნენ მრავალფეროვნებით, მაგრამ XV-XVI საუკუნეებში, იადონის ევროპაში შემოყვანასთან ერთად, დაიწყო მათი შეჯვარება-გამრავალფეროვნება. შედეგად მივიღეთ ყველაზე მუსიკალური ჩიტი - თანამედროვე იადონი, რომელიც ხავერდოვანი ხმითა და ლამაზი ფორმებით გამოირჩევა.

იადონების სამი სახეობა არსებობს: მომღერალი, ფერადი და დეკორატიული. მომღერალი იადონების ჯგუფისთვის მთავარი ხმა და "მუსიკალური მონაცემებია". სხვადასხვა ქვეყანაში მომღერალი იადონის უამრავი ჯიში გამოიყვანეს. ყველაზე ცნობილია გერმანული, ბელგიური, ესპანური, ამერიკული, რუსული იადონები; ფერადი იადონების ჯგუფში შედის თეთრი, რუხი, ყვითელი, მწვანე, წითელი, სტაფილოსფერი და ჭრელი; ხოლო დეკორატიულ ჯგუფს მიეკუთვნება: ქოჩორა, ფიგურული, ტალღოვანი, კუზიანი და ფერადი იადონი.
საქართველოში იადონი ფართოდ არის გავრცელებული. განსაკუთრებით ხშირად ის მონასტრებში ჰყავთ. საყურადღებოა, რომ დედალი არ გალობს, გალობს მხოლოდ მამალი.

- რას გვეტყოდით შინაური იადონის მოვლის შესახებ?
- შინაური იადონის გალია ისეთ ადგილას უნდა დავდგათ, სადაც ორპირი ქარი არ იქნება. თუ სახლში სხვა ცხოველებიც არიან, ისინი გალიას ვერ უნდა მისწვდნენ. თავიდან, 2-3 კვირა გალია მშვიდ ადგილას მოათავსეთ, რათა იადონი ახალ გარემოს შეეგუოს. კვების რეჟიმის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა, ყველაზე ადვილია, ყოველდღე დაუყაროთ 1-2 ჩაის კოვზი მშრალი საჭმელი.

გალიიდან გამოყვანა მეპატრონის ნება-სურვილზეა. გამოყვანისას კარიცა და ფანჯარაც დაკეტილი უნდა იყოს, თორემ იადონი აუცილებლად გაფრინდება. შინაურ იადონს მრავალფეროვანი გენეტიკა აქვს და აქედან გამომდინარე, მრავალი სახეობისა არსებობს. საქართველოში უფრო მეტად მომღერალი და ფერადი იადონია გავრცელებული.
ორპირი ქარის გარდა, უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. არ შეიძლება იადონის გადახურება ან გაცივება, აგრეთვე, სტრესულ გარემოში ყოფნა. ეს ჩიტი ძალიან მგრძნობიარეა, შესაძლოა სტრესისგან ან შიშისგან გულიც კი გაუსკდეს.

გაითვალისწინეთ! ზაფხულში იადონმა ხშირად უნდა იბანაოს და გაგრილდეს.
სასურველია, წყალი სულ ედგას, მით უმეტეს ზაფხულში. რაკი ძალიან უყვართ ბანაობა, ჯობს სპეციალური აბაზანა შეიძინოთ, რომელიც ზოომაღაზიებში იყიდება. აბაზანას გალიაზე მიამაგრებთ, ჩიტი იქ თავისით ჩახტება და კარგად იბანავებს.

იადონი ძალიან ბევრ ოჯახში ჰყავთ, ყველგან საკმაოდ გავრცელებული ფრინველია და პატრონს უცბად აყვარებს თავს. ძალიან ადვილად შინაურდება, გალიიდან რომ გამოგვყავს, შინ ჩვეულებრივად ჩერდება, ოღონდ სიფრთხილეა საჭირო, რომ არ გაგიფრინდეთ. გალიაში ყოფნა მათთვის იძულებაა და როგორც კი ღია კარს ან ფანჯარას დაინახავენ, ცდილობენ, გაფრინდნენ - თავს უშველონ. ვისაც იადონი ჰყოლია, დამიდასტურებს, რომ ეს განუმეორებელი ფრინველია. ამიტომ მისი მოყვარულნი ცდილობენ, მთელი ცხოვრება ჰყავდეთ ოჯახში.

- თუ ავად გახდა, ან რაღაც სტკივა და უგუნებოდაა?
- სამწუხაროდ, ამას პატრონები დროულად ვერ იგებენ და ფრინველი ექიმთან მაშინ მიჰყავთ, როცა უკვე დაგვიანებულია. ამას წინათ მოიყვანეს იადონი, რომელსაც ფეხი შემთხვევით დაუზიანდა: პატრონი გალიას უწმენდდა, იადონს შეეშინდა, გაქცევა დააპირა და ფეხი გალიის მავთულებში მოჰყვა. ასეთ დროს პატრონი ცდილობს, ფრინველს ოჯახურ პირობებში უმკურნალოს, აქაც ასე მოხდა და ჩვენი პატარა პაციენტი რომ მოიყვანეს, მუხლს ქვემოთ უკვე ნეკროზი ჰქონდა განვითარებული. პატრონი ძალიან განიცდიდა და ტიროდა, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. ჯერჯერობით რაღაც მალამოები დავუნიშნეთ და ვმკურნალობთ, მაგრამ ფეხის ამპუტაცია აუცილებლად დასჭირდება. ამიტომ, როცა თქვენს პატარა მეგობარს პრობლემა აქვს, რამე სტკივა ან უგუნებობას ამჩნევთ, ჯობს დროულად მიიყვანოთ ექიმთან. ფრინველის ორგანიზმში პროცესები სწრაფად მიმდინარეობს და ჩვენ არ ვიცით, რა შეიძლება დაემართოს.

იადონები დაახლოებით 5-6 წელიწადს ცოცხლობენ, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია მოვლაზე, პირობებზე, პატრონის ყურადღებიანობაზე... ყველაზე ხშირად იადონები არასწორი კვების გამო იღუპებიან. ამიტომ, თუ უფრო მეტი გულისყურით მოეკიდებით, თქვენს პატარა მეგობარს სიცოცხლესაც გაუხანგრძლივებთ და მასზე მზრუნველობით თქვენც კმაყოფილი დარჩებით.

იადონის "იმპერია" მსოფლიოს იპყრობს

იადონს განუმეორებელი, საოცრად დამამშვიდებელი ხმა აქვს და გამოირჩევა ლამაზი ფორმითა და შეფერილობით. ბუნებაში ეს პატარა ჩიტი კანარის, აზორისა და მადეირას კუნძულებზე ბინადრობს. შეგახსენებთ, იადონის სახელწოდება რუსულად არის "კანარეიკა" და ეს სახელი სწორედ კანარის კუნძულებიდან მომდინარეობს. სხვა ქვეყნებში ისინი ესპანელმა კოლონიზატორებმა შეიყვანეს. ევროპაში იადონი კარგა ხანს იყო მიჩნეული იშვიათ ჩიტად და ძვირადაც ფასობდა. შემდეგ თანდათან დაიწყეს მათი გამრავლება. XV საუკუნიდან ის უკვე მთელ ევროპაში მოიშინაურეს და ყველგან გავრცელდა. ოთახის იადონი ზომით 12-14 სმ-ია, გარეული - კიდევ უფრო პატარაა. დედალი იადონი, მამალთან შედარებით, უფრო ღია ფერისაა. ძალიან ლამაზია გარეული და ოთახის იადონის ნაჯვარი, რომლის ბუმბულიც მწვანე და ყვითელი ფერების ნარევს წარმოადგენს.

იადონის კვება


იადონი საგანგებოდ მისთვის განკუთვნილი მარცვლეულით, (რომელიც ზოომაღაზიაში უნდა შეიძინოთ) უნდა გამოკვებოთ. 1 ჩაის კოვზი მთელ დღეს ჰყოფნის. იადონისთვის ზედმეტი ჭამაც არ შეიძლება, რათა ჩიჩახვი არ გადაეტვირთოს და სახმო სიმები არ დაუზიანდეს. როცა გასუქდება, ცხიმოვანი ქსოვილიც ეზრდება და მოსალოდნელია, გალობა შეწყვიტოს. სხვადასხვა საკვების მიღება დაუშვებელია, შეიძლება მხოლოდ მწვანილი აჭამოთ და ისიც ძალიან ცოტა. ხორბალი ან სხვა მარცვლეული რომ ჩაუყაროთ, შესაძლოა ინტერესის გამო შეჭამოს, მაგრამ ეს მის ჯანმრთელობაზე კარგად არ იმოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის B ჯგუფის ვიტამინებიც - წყალში გასახსნელი წვეთები.

ხათუნა ჩიგოგიძე
მარიამი
07 ნოემბერი 2018 14:56
იადონის ყიდვას ვაპირებ დედალს და მამალს მაგრამ ვერსად ვნახე ხომ არ იცით სად ვიყიდო?
nino
13 სექტემბერი 2018 18:29
ყვიტელი იადონი მინდა რომ იგალობოს.სად ვიყიდი?
შორენა
15 ნოემბერი 2017 09:55
იადონმა კვერცხი დადო და როგორი პირობები უნდა შეუქმნათ

რედაქტორის რჩევით