იქ, სადაც ადრე კიოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ კივის კულტურა - კვირის პალიტრა

იქ, სადაც ადრე კიოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ კივის კულტურა

"სხვა კულტურებთან შედარებით კივი ეკონომიკურად მომგებიანია"

"წლეულს, გაზაფხულზე ყინვამ  მოსავალი გაგვიფუჭა"

კივი დღეს თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მოშენებულია დასავლეთ საქართველოშიც. მკითხველის თხოვნით, ვესაუბრეთ მეურნეს, ვისაც წლებია, ეს შესანიშნავი კულტურა მოჰყავს.

ლაშა ღლონტი აგროეკონომისტი, ბიოფერმერი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის საკითხების მთავარი სპეციალისტია. ის სოფელ გურიანთიდან გახლავთ და 1996 წლიდან დარეგისტრირებული აქვს საოჯახო ბიომეურნეობა, სადაც მოჰყავთ კივი, ყურძენი, აქვთ ვაშლის, ატმისა და მსხლის ბაღი, წაბლის საადრეო ჯიშების მეურნეობა, უხვმოსავლიანი სანერგე, პავლონიის (ანუ ადამის ხის) პლანტაცია.

- ბატონო ლაშა, ბევრ მცენარეზე შეგიძლიათ გვესაუბროთ, მაგრამ ამჯერად გვინდა, ვრცლად მოვუთხროთ მკითხველს კივის კულტურაზე.

- კივი ჩვენს მეურნეობაში 17 წელიწადია, მოგვყავს. ძირითადად სამი ჯიშის გვაქვს (ჰეივორდი, მაუნტი, აბოტი). სასაქონლო თვისებების მქონედ აღიარებულია ჰეივორდი, რომელიც უმეტესად საექსპორტოდ გადის, დანარჩენი კი ადგილობრივი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. ჰეივორდი კარგად ინახება როგორც სამაცივრე დანადგარებში, ასევე მათ გარეშეც და მაღალ ფასადაც იყიდება. მაქსიმალურ ღირებულებას ეს პროდუქტი მარტი-აპრილისთვის აღწევს.

- ადვილად მოსავლელი კულტურაა?

- კივი მოითხოვს კარგად დრენირებულ და ჰუმუსით (ნეშომპალით) განოყიერებულ-გამდიდრებულ ნიადაგს. ის კარგად ხარობს გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში, აფხაზეთში, იმერეთში და კახეთშიც - კერძოდ, ლაგოდეხის რაიონში, რადგანაც იქ მშრალი სუბტროპიკული ჰავაა. კივის მაღალი ტენიანობა და სარწყავი სისტემები სჭირდება. ჩვენს რეგიონში ივლისი და აგვისტო მშრალია, გვალვიანიც, ამიტომ მაღალი ხარისხის პროდუქტის მისაღებად მორწყვაა საჭირო და შეგვიძლია 1 ჰა-ზე 20-30 ტ მოსავლის მიღებაც. სხვა კულტურებთან შედარებით ის ეკონომიკურად მომგებიანია.

მთავარი პრობლემა გაზაფხულის წაყინვებია. მცენარეს ვეგეტაციის დასაწყისში ჩვილი ყლორტები აქვს და თუ მაშინ ყინვა მოუსწრებს, იმ წლის მოსავალი იკარგება. ჩვენ წლეულს, გაზაფხულზე, ყინვამ გვაზარალა - მოსავალი გაგვიფუჭდა.

- რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?

- არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგია: დაცვა ჰაერის არევით და წყლისმიერი დაცვა.

- რას გულისხმობთ?

- კეთდება სპეციალური დანადგარი - ქარის წისქვილების მსგავსი, დიდი ძრავებით. მისი საშუალებით პლანტაციაში ჰაერის ცივი და თბილი მასები ერთმანეთში ირევა, რაც მცენარეს ყინვას აარიდებს. წყლისმიერი დაცვისთვის მცენარეს უწყვეტად ესხურება წყლის წვრილი ჭავლი. ყინვისას ფოთლებსა და ყლორტებს ყინული შემოეხვევა და ლოლუებიც ჩამოეკიდება. ყინვის მოჭერისას მცენარისთვის კრიზისული სულ რამდენიმე საათია, მეტადრე გამთენიისას. ხოლო დილას, როცა მზე ამოდის, მცენარე უკვე გადარჩენილია.

- ეს როგორ?

- როცა მისხურებული წყალი გარედან შემოეყინება, შიგნით მცენარის ტემპერატურა ნულ გრადუსზე დაბლა აღარ ჩამოდის. შესაბამისად, უჯრედიც აღარ სკდება და ამით ყინვის საფრთხეს ხელიდან უსხლტება. მერე იმ შემოყინულს მზე დაადნობს და ყლორტი, ყვავილი, კოკორი გადარჩენილია.

- კივი მოვლას სეზონების მიხედვით მოითხოვს?

- მისი მოვლა იწყება შემოდგომაზე წინა წლის ყლორტების გასხვლით. გაზაფხულზე ნიადაგში შეაქვთ ორგანული (ტორფი, ნაკელი, კომპოსტი) და მინერალური სასუქები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი). შემდეგ, ვეგეტაციის პერიოდში, ემატება მინერალური სასუქი - აზოტი. ეს ყველაფერი კეთდება ნიადაგის სინჯის მიხედვით. საჭიროა, ყოველ წელიწადს ავიღოთ ნიადაგის ანალიზი, რათა შევიტყოთ, გასანოყიერებლად რამდენ ფართობზე რამდენი გრამი სასუქი უნდა მივაწოდოთ ნიადაგს. თუ ნიადაგის სინჯი არ გაქვთ, ვერაფერს დაგეგმავთ. ფულს ტყუილად გადაყრით, თუკი ამ მიმართულებით რამის გაკეთებას წინასწარი ანალიზის გარეშე დაიწყებთ.

- რა კეთდება გაზაფხულის გასვლის შემდეგ?

- მწვანე ოპერაციები: უმოსავლო ყლორტების შეცლა, წვერების წაცლა (პინცირება) - კივი ხვიარა მცენარეა და ტოტები მეტისმეტად რომ არ გადაიხლართოს, უმოსავლო ყლორტები წინასწარ უნდა გავაცალოთ, ეს გარანტიას გვაძლევს, რომ მცენარე შემდეგი წლისთვის მოემზადება და სათანადო ნაყოფს მოგვცემს.

- მოსავალი შემოდგომით იკრიფება?

- ოქტომბერ-ნოემბერში. ვცდილობთ, მოსავალი გვიან ავიღოთ, რადგან ხეზე ნაყოფი თავს უკეთესად ინახავს, ვიდრე მოწყვეტილი. ამასთან, შაქრის დაგროვებაც ბუნებრივად ხდება და ამითაც ხანგრძლივდება შენახვის უნარი.

- კივის ძირითადად რა დაავადებები უჩნდება?

- ძირითადად ფესვის ყელის სიდამპლე. საბედნიეროდ, ჯერ ისეთი მავნებელი არ გამოჩენილა, რომ ზედმეტი წამლობა და ხარჯები დაგვჭირვებოდა.

- რა იწვევს ფესვის ყელის სიდამპლეს?

- ზამთარში ჭარბი ტენიანობა; ეს დაავადება მაშინაც ემართება მცენარეს, თუ ნიადაგი დრენირებული არ არის. ამის საწინააღმდეგოდ, სპილენძის პრეპარატებს ვასხურებთ. სხვათა შორის, ბოლო ორი წელიწადია, რაც ჩვენთან ეს დაავადება აღირიცხა, მანამდე არ შეგვიმჩნევია.

- როგორც ვიცი, არის კივის დედალ-მამალი ჯიშები... როგორია ოპტიმალური რაოდენობრივი პროპორცია?

- ეს მცენარე ორსახლიანია (ორსქესიანი). პლანტაციაში უნდა იყოს 7 ან 8 ძირი მდედრი და 1 ძირი მამრი. მამრი ორი ჯიშის არის (მატუა და ტომური).

იმ მხარეში, სადაც კივის პლანტაციაა გაშენებული, დიდი მნიშვნელობა აქვს  მეფუტკრეობის განვითარებას. ფუტკარი მოსავლიანობის ზრდას ხელს უწყობს, კარგად ამტვერიანებს მას.

კივი თესლით და კალმით მრავლდება. პირველ შემთხვევაში, ითესება *თესლი, საიდანაც ამოწვერილ მწარე საძირეზე ფერმერი სასურველ ჯიშებს ამყნობს. ე.წ. მწარეზე დამყნობილი მცენარე უფრო დიდხანს ცოცხლობს, დაავადებებისადმი გამძლეა, მაქსიმალურად არის დაცული მავნებლების ზემოქმედებისგან, მეტი უნარი აქვს, ღრმად ჩავიდეს მიწაში და საჭირო მინერალური და ორგანული ნივთიერებები მოიპოვოს. რაც მთავარია, აქვს სასაქონლო სახის მქონე ნაყოფის მოცემის მაღალი უნარი.

- ანუ ვთესავთ, ამოდის საძირე და ბოლოს სასურველ ჯიშებს ვამყნობთ - ეს ყველაფერი რა დროს მოიცავს?

- ეს პროცესი სამ წელიწადს გრძელდება, რათა სასურველი, სტანდარტული ნერგი მივიღოთ.

თესლით გამრავლების გარდა, შესაძლებელია კალმით გამოყვანაც. შევარჩევთ მცენარის ჯიშს, ხიდან ავიღებთ კალამს, ჩავრგავთ და მისგან ნერგს მივიღებთ. ამ პროცესისთვის ნიადაგის მაღალი ტენიანობა, ანუ მორწყვა არის საჭირო, რის შემდეგაც მცენარე დაფესვიანდება. ესეც 2-3-წლიანი პროცედურაა, მაგრამ კალმით მიღებული მცენარე ნაკლებად გამძლეა და მავნებლებისგან მთლად დაცულიც არ არის. შესაძლებელია კალამშიც ნიადაგიდან სოკოვანი დაავადებებიც შეიჭრას.

- ნაყოფს დედალი ხეც ისხამს და მამალიც?

- მხოლოდ დედალი, მამალი დასამტვერიანებლად გვჭირდება, მისგან ნაყოფს ვერ მივიღებთ. დამტვერიანება ხდება ქარით, მწერების, განსაკუთრებით, ფუტკრის მეშვეობით.

- აღნიშნეთ, წლეულს მოყინვის გამო მოსავალს ვერ მივიღებთო და საერთოდ, რამდენს იღებთ ხოლმე?

- ჩვენს საოჯახო მეურნეობაში 6 ტონამდე კივის ველოდებოდით, მაგრამ ყინვამ დაგვაზარალა. 100 კილო თუ ავიღეთ, დიდი საქმე იქნება...

- რას ურჩევთ დამწყებ მეურნეებს, ვისაც კივის გაშენება სურს, რით დაიწყოს?

- უპირველესად, უნდა იცოდეს, სად რგავს, რომელ რაიონში, რა კლიმატური პირობები და როგორი ნიადაგია. საჭიროა ნიადაგის ანალიზი და ლაბორატორიული დასკვნა. თუ ნიადაგი გამოფიტულია, დასათვლელია, რა ხარჯებს მოითხოვს მისი განოყიერება. ასევე, კარგად უნდა შეისწავლოს სადრენაჟო სისტემები, შეარჩიოს ჯიშები და ფინანსურადაც გათვალოს, რა სარწყავი სისტემა დასჭირდება. 1 ჰა-ზე სარწყავი სისტემა შეიძლება 10-15 ათას ლარამდე დაუჯდეს (შესაძლებელია წვეთოვანი სისტემის გაკეთება, რომლის დროსაც წყლის ხარჯი იზოგება). საჭიროა მთელ ფართობზე ტალავერი და მავთულები მის გასაჭიმად. პირველი ხარჯი ჰექტარზე, შესაძლოა, 55 ათას ლარამდე ავიდეს.

ლალი ფაცია