გარჯით უწყლო სოფელიც აყვავდება
07-07-2014
გარჯით უწყლო სოფელიც აყვავდება
"ჩვენს სოფელშიც ნახავთ კამათლის ჭახაჭუხში გართულ ვაჟკაცებს, მაგრამ მათ არც არაფერი აქვთ. ვინც შრომობს  ოჯახი მშიერი არ ჰყავს"

"სირცხვილია, სოფელში ერთი მეზობელი მეორეს რომ დაუძახებს, ქინძი მასესხეო..."


ელიავას ბაზრობასთან დასაქმებას უამრავი ხალხი ელოდება - სხვადასხვა კუთხიდან დედაქალაქში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები ხშირად დილიდან საღამომდე დგანან და ერთსა და იმავეს იმეორებენ - სოფელში რა გვინდა, ბუნება გაფუჭდა, მოსავალი არ მოდის, შიმშილით ვიხოცებითო... არადა, ასე არ არის - ჩვენში მოსავლის მოყვანა და თავის
რჩენა იქაც კი შეიძლება, სადაც ამისთვის სასურველი პირობები არ არის. მაგალითად, კაჭრეთში, სადაც არათუ სარწყავი, სასმელი წყალიც ჭირს. აქ სასმელი წყალი 1956 წელს გაიყვანეს და ისიც რამდენიმე დღეში ერთხელ მიეწოდება მოსახლეობას. ამის მიუხედავად, იშვიათად ნახავთ ოჯახს, რომელსაც მოსავლიანი ბაღი
არ ჰქონდეს და სიმინდი, კარტოფილი, ლობიო არ მოჰყავდეს...

ასეა პაპაშვილების ოჯახიც. მათ შუადღისას ვესტუმრე, როცა მზეს შინ აფარებდნენ თავს. სხვა დროს, მოვლილი ბაღების პატრონს უსაქმოდ გაჩერებულს ვერ იპოვით. 85 წლის ნანო პაპაშვილმა ნაჯაფარ ხელებზე დაიხედა და მითხრა:


- ჩვენი ეზო იმიტომ არის აყვავებული, რომ აი, ეს ხელები წუთით არ ჩერდება. ოჯახში ყველა შრომობს. ბაღში ყველაფერს მოვლა სჭირდება, ყოველდღე საქმე გვხვდება, ამიტომ ხან თოხით, ხან შიშველი ხელებით ვმუშაობთ, ვიდრე მზე არ დააჭერს. შუადღისას შინ შემოვდივართ და მოსაღამოებულზე ისევ ბაღს მივაშურებთ.
მოსავლის დიდი ნაწილი სახლთან ახლოს, საკარმიდამო ნაკვეთში მოგვყავს. ვისაც საშუალება აქვს, სახლთან ახლოს დიდი ნაკვეთი ძალიან მოხერხებულია. ნათესებს მიწასაც სწრაფად უცვლი და მეთვალყურეობასაც ადვილად ახერხებ, - ერთი თვალის შევლებით ჩანს, რას უნდა მიშველო უფრო ადრე. საკარმიდამოში ვენახიც გვაქვს. მის გარშემოა დარგული კარტოფილი, პამიდორი, კიტრი... აქვე გვითესია: ხახვი, ოხრახუში, ჭარხალი, სტაფილო... მხოლოდ პრასი არ გვაქვს, რადგან ამ ბოსტნეულს აქ უჭირს... როგორ შეიძლება, სოფელში ცხოვრობდე და კარგი ბოსტანი არ გქონდეს? სირცხვილია, სოფელში ერთი მეზობელი მეორეს რომ დაუძახებს, ქინძი მასესხეო... ძნელია შრომა, ზოგჯერ დილიდანვე თოხი მიჭირავს ხელში, სამაგიეროდ, სარეველების მოშორების შემდეგ ნათესებს მეორე დღესვე ეტყობა, რომ ამოისუნთქა.

მოხუცმა ბოსტანში წამიყვანა.

- აი, კიტრს უკვე ვკრეფთ, - განაგრძო მან, - ძალიან გემრიელია. კიტრს წყალი უყვარს. ზოგჯერ წვიმის წყალს ვაგროვებთ, ზოგჯერ სასმელ წყალს და როცა გაუჭირდება, ვრწყავთ. ჩვენი კიტრი ტკაცუნა და ღია მწვანეა. რაც უფრო ღია ფერის არის, მით გემრიელია, ფერზე ეტყობა, რომ ნაკლები შხამით არის მოყვანილი. მოსავალი ყველაფრისთვის გვყოფნის - სტუმარსაც ვისტუმრებთ, შვილსაც და შვილიშვილსაც. შრომა მაცოცხლებს, - მოხუცს თვალები აუწყლიანდა. ამასობაში ბაღში მისი რძალი, ციცინო პაპაშვილი შემოვიდა...

- ასაკი ვერაფერს დაგაკლებს, თუ მთელი დღე ფუსფუსებ. ჩემი დედამთილიც ასეა. არადა, დიდი უბედურება დაატყდა თავს - შვილი დაკარგა, შრომა ტკივილს ავიწყებს. როცა ფეხზე წამოვაყენეთ, ისევ ბაღში გაიწია სამუშაოდ - სარეველაა მოდებულიო. ბევრს უკვირს, სარწყავი წყალი არ გაქვთ და მოსავალი როგორ მოგყავთო? სარეველას რომ დროზე მოაშორებ ნათესს, მოსავალს მეტი ტენი დარჩება.

- კახეთში თუ ნათესს არ მორწყავ, ნაშრომი 3-4 დღეში შეიძლება განადგურდეს.
- მგლის შიშით ბატკანი როგორ უნდა გაწყდეს! სარის ლობიო გვქონდა დათესილი, უკვე ვკრეფდით, რომ გვალვამ ყვავილიანად მოაჭკნო, მაგრამ იმედი არ უნდა დაკარგო - სარის ლობიო თუ არ გვექნება, სამაგიეროდ, დაბალი ლობიო მაინც მოგვივა. სარწყავი წყალი რომ გვქონოდა, ნაშრომს გადავარჩენდით, მაგრამ რას იზამ! ჩვენთან ყოველთვის ჭირდა წყალი, მაგრამ გულზე ხელს ხომ არ დავიკრეფთ და მშივრები ხომ არ დავსხდებით?! მოხუცებს ახსოვთ, სახედრებით რომ მოჰქონდათ ხევიდან წყალი. კიდეც ხნავდნენ და კიდეც თესავდნენ - ერთი მოსავალი თუ არ მოვიდოდა, მეორე მოვიდოდა, თუ სულ არაფერი მოვიდოდა, პირუტყვი ხომ მაინც ჰყავდათ! პირუტყვის საკვებად ყვითელ სიმინდს ვთესავთ. თითქმის ყველა მოსახლეს ერთ ჰექტარზე მაინც აქვს სიმინდი დათესილი. პირუტყვისთვის ძალიან სასარგებლოა, გვალვასაც უძლებს. კარტოფილიც მოგვყავს. არც მას სჭირდება ბევრი წყალი, თანაც ჩვენებური კარტოფილი ძალიან გემრიელია. 150-200 კილოს ვთესავთ და 1000 კილო მაინც მოდის. მართალია, მავნებელი ემტერება, მაგრამ მაგასაც ვჯობნით.

ჩვენებურ ხახვსაც კი სიტკბო დაჰყვება. იმდენი მოდის, შეიძლება მთელ წელიწადს იმყოფინო. არც მას სჭირდება მაინცდამინც ბევრი წყალი. ასე რომ, თუ ლობიო არ გვექნება, კარტოფილი გვექნება, კარტოფილი არ გვექნება, ნიორი და ხახვი მოვა, ღორს გავზრდით, ძროხას ვიყოლიებთ. სოფელი ღონიერია. ვინც შრომობს, შიმშილით არ კვდება. შეიძლება ბაღ-ვენახით დიდი ფული ვერ იშოვო, მაგრამ ოჯახს გამოკვებავ და თავს ადამიანად იგრძნობ... ჩვენებური ხილიც ძალიან გემრიელია. გამრჯე კაცს განგება არ გაწირავს. 2000 წელს რა დამავიწყებს - ისეთი გვალვა იყო, ყველაფერი დაგვიხრუკა და დაგვიწვა, სამაგიეროდ, ვენახი გვქონდა ისეთი, ხომ იაფი ღირდა ყურძენი, მაინც წაგვეშველა. არც იმ წელს დავხოცილვართ შიმშილით...

- ინდაური და ქათამიც გყავთ...

- კი. ინდაური ფაქიზი გასაზრდელია, მაგრამ კაჭრეთელებმა წამალი ვიცით.

- თუ საიდუმლო არ არის, მაგ წამლის სახელი მითხარით...
- ეგ რა საიდუმლოა - დაკეპილი ჭინჭარი და ნარ-ეკალი უნდა აჭამო ფრინველს და ვერც ერთი ინფექცია ვერ მოერევა. ღორებიც ბევრს ჰყავს კაჭრეთში. მართალია, ბოლო დროს რაღაც დაავადება გაუჩნდათ, მაგრამ მაგასაც არ ვუშინდებით. შინ მოყვანილ სიმინდს ვაჭმევთ და მაგრად დგანან!

ჩვენს სოფელშიც ნახავთ კამათლის ჭახაჭუხში გართულ ვაჟკაცებს, მაგრამ მათ არც არაფერი აქვთ. სამაგიეროდ, ვინც შრომობს და უწყლობას არ უშინდება, ოჯახი მშიერი არ ჰყავს.
giga
07 ივლისი 2014 18:12
ეჰ ყველა მასე ვამბობთ მაგრამ ყველას ქალაქისკენ მოგვიწევს გული, რამდენი რამე მოგვყავდა მაგრამ მარტო ჭამა ხომ არაა ცოტა უნდა განვითარდე რაც სოფლეში ვერ ხერხდება, მაქსიმუმ კარგად იკვებო, ისე ყველაფერს მართალს ამბობს ეს ქალი, მაგრამ სოფელშიც უკვე ბევრია რომელიც არ აკეთებს არაფერს და მარტო მაღაზიიდან ნისიად გამოტანილი კალბასებით და ბარკლებით იკვებება,
lola
07 ივლისი 2014 13:17
გაიხარე ბაბო, სენსტანები რომ იყვნენ სულ ასე კი არ ვიქნებიტ დგეს შეიმშილიტ რომ ვკვდებიტ ხალხი
*******
07 ივლისი 2014 12:02
დაგელოცოთ მარჯვენა მშრომელო ხალხო. გადმოდგებიან და დაიწყებენ: სოფელში გაჭირვებაა და რა უნდა ქნას გლეხმა,რა უნდა ქნას და ხელი უნდა გაანძრიოს. ამათთვის არ არის გვალვა და ყინვა? ვისაც შრომა არ ეზარება ის სულ მდიდარი იქნება.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები