ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?! - კვირის პალიტრა

ჭირნახულის დაზღვევა ჩვენს ფერმერებსაც ეღირსებათ?!

"სახელმწიფოს ძლიერი ჩარევის გარეშე, აგროდაზღვევა ვერ განვითარდება"

სადაზღვევო სექტორი დღეს სოფლის მეურნეობის მხოლოდ რამდენიმე დარგთან თანამშრომლობს და ისიც ფრაგმენტულად. აგროდაზღვევის წილი მთლიან სადაზღვევო პორტფელში 1-2%-ის ფარგლებშია. მაღალია საპროცენტო განაკვეთიც, რომელიც სხვადასხვა კულტურისთვის 5-დან 15%-მდე მერყეობს. ბოლო წლებში რამდენიმე კომპანიამ მაღალი რისკების გამო აგროდაზღვევა შეაჩერა - მათი მტკიცებით, გახშირებული სტიქიის გარდა, რისკებს ზრდის ფერმერების არაპროფესიონალიზმი და მოსავლის მიმართ ზერელე დამოკიდებულება(!).

საქართველოს მთავრობა მუშაობს სოფლის მეურნეობის დაზღვევის კანონზე, რათა აგროდაზღვევა ნებისმიერი ფერმერისთვის ხელმისაწვდომი გახადოს. წლის ბოლომდე ხელისუფლება გადაწყვეტს, აგროდაზღვევას ფინანსურად რა მოდელით შეეშველება. ცნობილია, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW), ქვეყნის აგროსადაზღვევო გარემოს შესასწავლად, 200 ათასი ევროს გრანტს გამოყოფს. კვლევამ უნდა ცხადყოს, დაზღვევის რა ნაწილის გადახდას შეძლებს თავად ფერმერი და რა ნაწილი უნდა გადაიხადოს მთავრობამ.

ირაკლი დვალი, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის რისკების მართვისა და ანდერაიტინგის დირექტორი:

- მომხმარებლებს აგროდაზღვევას სახელმწიფო სუბსიდიის გარეშე, საკუთარი ძალებით ვთავაზობთ, მაგრამ მხოლოდ შეზღუდულ ნუსხაზე: ვენახის, მარცვლოვანი კულტურებისა და ხეხილის ბაღებისა.

ვენახების დაზღვევაზე, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ არის მოთხოვნა გაზრდილი. ეს იმან განაპირობა, რომ მევენახეებს კონტრაქტები აქვთ დადებული ღვინის ქარხნებთან. მოგეხსენებათ, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ გაიზარდა.

სამაგიეროდ, წლეულს არ არის მოთხოვნა მარცვლეული კულტურების დაზღვევაზე, რადგან ამ სეგმენტში მოგება მცირეა და ფერმერებს დაზღვევის პროცენტის გადახდა არ უღირთ.

- ფერმერები ჩივიან, რომ სადაზღვევო სექტორი არ აზღვევს, მაგალითად, მეფრინველეობის, მეღორეობის ფერმებს...

- მეფრინველეობასა და მეღორეობას საერთოდ არ ვაზღვევთ, გახსოვთ ალბათ, რა დაემართა მეღორეობის ყველაზე თანამედროვე ფერმას საქართველოში. სოფლის მეურნეობის ეს სექტორი ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა დაავადების მიმართ, რაც რისკს ძალიან ზრდის.

საზოგადოდ, აგროდაზღვევა მრავალფეროვანი უნდა იყოს, უნდა მოიცავდეს სოფლის მეურნეობის ყველა სექტორს და ერთ-ერთი თუ დაზარალდება, სხვები გადარჩება და მთლიანობაში დადებით შედეგს მოიტანს.

სახელმწიფოს ძლიერი ჩარევის გარეშე აგროდაზღვევა ვერ განვითარდება. ჩვენი შეფასებით, ყველაზე მისაღები ესპანეთის მოდელია. ის 1972 წელს შეიქმნა: სადაზღვევო ინდუსტრია ერთობლივად ქმნის ექსკლუზიურ აგროსადაზღვევო პროდუქტს - სწავლობს ფერმერების საჭიროებებს, სახელმწიფოსთან აქვს კავშირი და აუცილებლობის შემთხვევაში, მისგან ფინანსურ მხარდაჭერას იღებს. როცა აგროდაზღვევა გაფართოვდება და მთელ სოფლის მეურნეობას მოიცავს, შემცირდება პროცენტის განაკვეთიც. მხოლოდ ფრაგმენტულად დაზღვევისას კი ტარიფი მაღალი დარჩება.

გიგლა აგულაშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:

- ვმუშაობდით რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის დარგის სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, სადაზღვევო კომპანიებთან... დარგის გრძელვადიანი განვითარებისთვის მოვამზადეთ აგროდაზღვევის კონცეფცია. პარლამენტის საშემოდგომო სესიისთვის, ვფიქრობთ, მზად გვექნება აგროდაზღვევის კანონპროექტი. ის შექმნის მექანიზმს, რომლითაც სახელმწიფომ აგროდაზღვევა უნდა წაახალისოს - ფერმერთან თანამონაწილეობისას სახელმწიფო სუბსიდიას გამოჰყოფს; მაგრამ ეს ზოგადი პრინციპია, ხოლო კონკრეტულად რომელ პროდუქტებზე და რა პროპორციით გამოიყოფა სუბსიდია, ეს საკითხები ცოტა ხანში დაზუსტდება. შორეულ პერსპექტივაში აგროდაზღვევამ მთლიანად სოფლის მეურნეობა, მისი ყველა დარგი და მთელი საქართველო უნდა მოიცვას.