კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

გვირჩიეთ, ხეხილი რა დროს და რამდენჯერ შევწამლოთ?

ნანა აბულაძე, თბილისი

- ადრე გაზაფხულზე, გასხვლასთან ერთად, შეაცალეთ ხეებს შერჩენილი დაავადებებისა და მავნებლებისაგან დაზიანებულ-შემხმარი ნაყოფი, ჩამოფხიკეთ ძირითადი ტოტები და შტამბები, დაზიანებული ტოტები და ნაყოფი გაიტანეთ ნაკვეთიდან და დაწვით, ხეებს ნაცარი ჩაუბარეთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ შტამბები შეათეთროთ და დაიწყოთ ხეხილის შეწამვლა.

კვირტის გაშლამდე ხე ჩამორეცხეთ 3%-იანი ბორდოს ხსნარით. ყველგან, სადაც ტოტს მოჭრით, აუცილებლად წაუსვით ბაღის მალამო.

კვირტის გაშლიდან ყვავილობამდე

როცა კვირტის წვერში მწვანე კონუსი გამოჩნდება, დააფინეთ ხის ძირას ცელოფანი, ჩამობერტყეთ გრძელცხვირა ხოჭოები და გაანადგურეთ. ჩამობერტყვა საჭიროა 2-3-ჯერ, როცა ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება 10 გრადუსს. ვაშლისა და მსხლის ქეცის საწინააღმდეგოდ ხეხილი ჩამორეცხეთ 3%-იანი ბორდოს ხსნარით.

კვირტის გაშლის დასაწყისში

სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ ხეხილი 1%-იანი ბორდოს ხსნარით შეწამლეთ. თუ აუცილებელი გახდა მავნებლებთან ბრძოლა, ბორდოს ხსნარში ჩაამატეთ ერთ-ერთი: კარბოფოსი, ბენზოფოსფატი, რევიკურტი, პერმეტრინი, კილზარი.

ყვავილობის დამთავრების შემდეგ

ვაშლის ხეებს ჩრჩილის ბუდეები მოაცილეთ, ხეების ძირას ცელოფანი დააფინეთ, მხერხავასგან დაზიანებული ნაყოფი ჩამობერტყეთ, შემდეგ კი 1%-იანი+ ბორდოს ხსნარით შეწამლეთ, ხოლო ტკიპების გასანადგურებლად მსხლის ხეები გოგირდის პრეპარატებით დაამუშავეთ.

15-20 დღის შემდეგ

ვაშლის ნაყოფჭამიას საწინააღმდეგოდ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ხეებს ერთ-ერთი შეასხურეთ: კარბოფოსი, ბენდოფოსფატი, რევიკურტი, პერმეტრინი, კილზარი ან ბიოპრეპარატები: ბიტოქსიბაცილინი, დენდრობაცილინი, ლეპიდოციდი ან სხვა შესაბამისი პრეპარატები. თუ ვაშლს წითელი ტკიპა გაუჩნდა, ხეხილი შეწამლეთ კარბოფოსით ან გოგირდის პრეპარატებით.

ფოთოლცვენის შემდეგ

შემოხსენით დამჭერი ქაღალდები და მავნებლები გაანადგურეთ; ჩამოყრილი ფოთლები დაწვით ან კომპოსტში გამოიყენეთ. დაზიანებული შტამბები ჩამოწმინდეთ და კირის რძით შეათეთრეთ - 2 კგ კირი, 1 კგ თიხა-მიწა ან ძროხის ახალი ნაკელი 10 ლ წყალზე. კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ფუნჯით წაუსვით შტამბებს. ეს პერიოდი კარგი დროა ნიადაგის დასამუშავებლად.

ვაზიდან ახალამოსულ ტოტს ვაწვენთ ხოლმე. სინამდვილეში როდის უნდა მოვჭრათ დიდოზე?

ვახტანგ მამასახლისი, ვანი

- რქის უკეთ და დროულად დასაფესვიანებლად გვალვიანსა და სარწყავ რაიონებში საჭიროა გაზაფხულზე მისი 3-4-ჯერ მორწყვა. შემოდგომის მიწურულს გადაწიდნულ ნერგს ექნება მძლავრად განვითარებული ფესვთა სისტემა, რის გამოც შემოდგომითვე შეიძლება მოსცილდეს დედა მცენარეს.

სად შეიძლება ვიშოვოთ ჩინური ლიმონურა (არა ლიმონი)?

ირაკლი შაიშმელაშვილი, თბილისი

- ვიცი, რომ ამ მცენარის გავრცელების ადგილებია შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის და ამურის მხარეში, სახალინზე, კურილიის კუნძულებზე. საქართველოში მისი ნერგების შოვნა სად შეიძლება, არ ვიცი. მიაკითხეთ ბოტანიკურ ბაღსა და მემამულეთა კავშირს, იქნებ დაგეხმარონ.

ხშირად გამიგონია გამოთქმა, ღობე-ყორეს ედებიო, რაც იმას ნიშნავს, არაფერი გამოგივაო. მაგრამ მაინტერესებს, საქართველოს რომელ კუთხეში როგორ ამზადებენ ღობე-ყორეს.

თენგიზ შუბლაძე, სამტრედია

- ზოგიერთი ბუჩქოვანი მცენარე მთავარ ღეროს სუსტად ივითარებს (მაყვალი, ეკალა) და ვერ ქმნის მაღალ ცოცხალ ღობეს საყრდენის გარეშე. ამგვარ საყრდენად იყენებენ ყორეს. ასეთ ღობეს კი ღობე-ყორეს უწოდებენ, მის მოსაწყობად ჯერ შენდება ყორე, შემდეგ კი ყორის ძირში ირგვება ბუჩქოვანი მცენარეები.

ღობე-ყორეს ძირითადად ქვაღორღიან ადგილებში აკეთებენ, სადაც ქვის მოზიდვა საჭირო არ არის. ამგვარი ღობეების სიმრავლე შეინიშნება ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში.