ფაზისელი ხოხბების გადმოფრენა
14-07-2014
ფაზისელი ხოხბების გადმოფრენა
ფრინველისმოშენებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია

"ველურ კოლხურ ხოხობს პრაქტიკულად ვერსად იყიდით, რადგან ის ხოხობი, რაც იყიდება ჰიბრიდულია"


ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ დაარსებულ კოლხური ხოხბის საშენში ისტორიული საქმის კეთება 12 კვერცხით დაიწყო. გადაშენების პირას მყოფი ველური ხოხბის კვერცხები პროექტის ხელმძღვანელებმა ბუნებიდან ამოიღეს და ინკუბატორში გამოჩეკეს. დღესდღეობით საშენში 100-ზე მეტი ზრდასრული ხოხობი და 200-ზე მეტი ლაპია. პროექტის მიზანი არის ბუნებასა და სამონადირეო მეურნეობებში ველური კოლხური ხოხბის გამრავლება.

"განსაკუთრებით მრავლად იყო ხოხობი
მდინარე ფაზისის (ახლანდელი რიონი) ჭალებში. რომაელი და ბერძენი სწავლულები, ვაჭრები, ზღვაოსნები და დამპყრობლებიც გაოცებული იყვნენ ამ მხარის სიმდიდრითა და მშვენიერებით.  უჩვეულოდ ნაირფერი ფრინველით მოხიბლულებმა დაიწყეს მისი გაყვანა ევროპაში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ აქედან წარმოსდგება სახელი, რომელიც მათ ამ ფრინველს უწოდეს - "ფაზიანუს" ანუ
ფრინველი ფაზისიდან"


- კოლხური ხოხობი აზერბაიჯანში, სომხეთში, საბერძნეთში, თურქეთსა და საქართველოში ბინადრობს. ევროპაში ხოხბებს მილიონობით უშვებენ ბუნებაში და შემდეგ მათზე ნადირობენ. ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, ხოხბების განსაზღვრული რაოდენობა სამონადირეო მეურნეობებს გადავცეთ, უპირველესად კი კოლხეთის ეროვნულ პარკს, - ამბობს ამირან კოდიაშვილი, - რამდენიმე ხოხობი უკვე გავუშვით. შემოდგომაზე დაზრდილ ლაპებსაც გავუშვებთ არწივის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და პოპულაციას დავაკვირდებით.

ველური კოლხური ხოხბის აღდგენა-გამრავლებაში წვლილის შეტანა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველს შეუძლია ხოხობი გაყიდოს და სარგებელი მიიღოს.

დედოფლისწყაროს კოლხური ხოხბის საშენი პროექტის ფარგლებში ხოხბებს უფასოდ გასცემს. მასში მოსახლეობაც ჩავრთეთ. ვასწავლეთ ხოხბის გამრავლება. თუ ვინმეს სურს ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება, ამისთვის უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტერიტორია, რომელიც ხოხბის საბინადრო გარემოს თავისებურებებს დააკმაყოფილებს. იქ უნდა იყოს მდელო, ტყის ნაპირი და წყარო.

ჰიბრიდული ხოხბების ბუნებაში გაშვებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შესაძლებელია ჰიბრიდული ხოხბები კოლხურს შეეჯვარონ, რაც პოპულაციის გენეტიკურ დაბინძურებას გამოიწვევს. ასეთი შეჯვარების შედეგად მიღებული თაობა აღარ იქნება იმ დადებითი ნიშან-თვისებების მატარებელი, რომელიც საჭიროა ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის.

ველურ კოლხურ ხოხობს პრაქტიკულად ვერსად იყიდით, რადგან ის ხოხობი, რაც იყიდება, ჰიბრიდულია, - დარწმუნებულია ამირან კოდიაშვილი. კოლხური ხოხბის სამშობლო კოლხეთის დაბლობია. განსაკუთრებით მრავლად იყო ხოხობი მდინარე ფაზისის (ახლანდელი რიონი) ჭალებში. რომაელი და ბერძენი სწავლულები, ვაჭრები, ზღვაოსნები და დამპყრობლებიც გაოცებული იყვნენ ამ მხარის სიმდიდრითა და მშვენიერებით. ბუნებრივია, მათ აქ გავრცელებული უჩვეულოდ ნაირფერი ფრინველიც აკვირვებდათ და სურდათ, თავის ქვეყანაშიც ჰყოლოდათ. დაიწყეს მისი გაყვანა ევროპაში, შემდგომ კი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ აქედან წარმოსდგება სახელი, რომელიც მათ ამ ფრინველს უწოდეს - "ფაზიანუს" ანუ ფრინველი ფაზისიდან, ასევე ჰქვია მას დღესაც უმეტეს ევროპულ ენებზე.

დღეს ხოხბის პოპულაცია საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ინტენსიურმა ნადირობამ, ადამიანის მიერ ხოხბის საბინადრო გარემოს ათვისებამ თანდათან შეამცირა და საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თითქმის მთლიანად გააქრო ეს ფრინველი...
მინდია აფციაური

მზეც და ჩრდილიც ხოხბის გალიაში

კოლხური ხოხობი ვერ იტანს სივიწროვეს. ერთ ინდივიდზე მინიმუმ 5კვმ ფართობია საჭირო (ევროპული საყელოიანი ხოხბისთვის 2 კვმ-იც საკმარისია), ხოლო ვოლიერის სიმაღლე 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უმნიშვნელოვანესი პირობა ვოლიერის მზით განათებაა. მზის სხივი სითბოს წყაროცაა და ბაქტერიოციდული თვისებაც გააჩნია, რაც იცავს ხოხობს სხვადასხვა დაავადებისგან. ვოლიერი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ მზის პირველი სხივები ვოლიერის დიდ ნაწილს ანათებდეს. შუადღისას ვოლიერის ერთ ნაწილში ჩრდილი უნდა დგებოდეს, ხოლო საღამოს კვლავ განათებული უნდა იყოს.


ჩვენი "უკეთესია"


ევროპაში გავრცელებული ე.წ. საყელოიანი ხოხობი ერთი შეხედვით კოლხურს ჰგავს. მაგრამ კისრის გარშემო განლაგებული თეთრი ბუმბულის გარდა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან გულმკერდის მფარავი ბუმბულის ბოლოების ფორმით. გარდა ამისა, კოლხური ხოხობი უკეთ არის შეგუებული ველურ გარემოს, უფრო სწრაფი აფრენა შეუძლია და ზომითაც დიდია.

ნახეთ სიუჟეტი www.palitratv.ge -ზე
Amiran
17 ივლისი 2014 22:46
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამირან! იმედია რამოდენიმე წყვილს მეც შემახვდრებ რომ გავამრავლო

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები