ქართული ხორბლის სასწაული - კვირის პალიტრა

ქართული ხორბლის სასწაული

მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია აღწერილი

იმის ნაცვლად, საუკუნეების განმავლობაში გამოყვანილი ჯანმრთელი და მაღალხარისხოვანი კულტურის შენახვაზე გვეზრუნა, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი მდარე ხორბლისა და მისგან გამოწვეული დაავადებების პირისპირ აღმოვჩნდით. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა კახა ლაშხმა ასანთის კოლოფში დატეული თესლით დაიწყო ქართული ხორბლის ჯიშების გადარჩენა.

დღეს ქართული ხორბალი მარნეულში, ლომთაგორაში, დაახლოებით 150 ჰექტარზე მოჰყავთ. აქედან დაახლოებით 20 ჰექტარზეა გადაშლილი სადემონსტრაციო სანერგე ნაკვეთი, სადაც ქართული ხორბლის 80 ჯიში თვალუწვდენელ კვლებად არის დათესილი. ასეთი ნაკვეთი არა მხოლოდ სელექციაზე დასაკვირვებლად არის ხელსაყრელი, არამედ უძველესი ქართული კულტურის ამბიციური დემონსტრირებისთვისაც - უცხოელები აღფრთოვანებული არიან უძველესი ქართული ხორბლის ჯიშებით, - თქვენ დროს გაუსწარით, მალე ხორბლის უძველეს და ჯანმრთელ ჯიშებზე მოთხოვნა საარაკოდ გაიზრდება და მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებითო. მეც აღფრთოვანებული დავრჩი.

კახა ლაშხი: - ყველას გვახსოვს ის დრო, როცა ჩვენში უკონტროლოდ დაიწყო თესლის შემოტანა.

შეუსწავლელი ჯიშების მომძლავრებას ქართული სათესლე მასალების შევიწროება და გადაჯიშება მოჰყვა.

პარალელურად, დაიშალა სამეცნიერო ინსტიტუტები, სელექციონერები მიმოიფანტნენ, ქართულ სათესლე მასალას პატრონი აღარ ჰყავდა. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. 2000 წელს ხელისუფლებას მივმართეთ, სოფლის მეურნეობის დარგების სიაში მეთესლეობაც შეეტანათ და ქართული მემარცვლეობის გადასარჩენად თუნდაც მიზერული სუბსიდიები გამოეყოთ. თხოვნას იმითაც ვასაბუთებდი, რომ მარცვლეული კულტურის ფლობა სახელმწიფოს არსებობის ნიშანია. დღეს სახელმწიფო რაც უნდა მდიდარი იყოს ეკონომიკურად (ნავთობიც რომ გადმოსდიოდეს ონკანიდან), არ ითვლება ანგარიშგასაწევად, თუ ერთი წლის ხორბლის მარაგი მაინც არ აქვს თავისი ხალხის გამოსაკვებად. შემდეგ ამ დარგის კორიფეები მოვძებნეთ. 5 მეცნიერ-სელექციონერს შევთავაზეთ თანამშრომლობა. მათ ამ დარგის უნიკალური ცოდნა აქვთ, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანამ ვერ გამოიყენა - დღემდე წუხან, რომ ახალგაზრდობისთვის თავიანთი ცოდნის გადასაცემად პირობები არ ჰქონდათ და მათ საქმეს გამგრძელებელი აღარ რჩება. თუმცა მარნეულში, სადაც უმდიდრესი მიწებია (რომელთა გამოყენებას, ასევე ჩვენდა სამწუხაროდ, კვლავ ვერ ვახერხებთ), 2000 წლიდან ამ ადამიანებთან ერთად სასწაულის ჩადენა შევძელით, - დღემდე შევკრიბეთ, გავამრავლეთ, გადავარჩინეთ და გავაუმჯობესეთ ქართული ხორბლისა და სიმინდის უნიკალური ჯიშები. რაც შევძელით, ეს ჩვენი სიამაყეა, - დღეს ჩვენ ერთადერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმო გვაქვს, სადაც მარცვლეულის, ხორბლისა და სიმინდის პირველადი მეთესლეობაა შენარჩუნებული. მის კიდევ უფრო განსავითარებლად აუცილებელია მათი სელექცია. საამისოდ საერთაშორისო სანერგეებიდან ახალი ჯიშები ჩამოგვაქვს, ადგილობრივებს ვუჯვარებთ, ვაკვირდებით და საბოლოოდ კიდევ უფრო უხვმოსავლიანი ხორბლის ჯიშები გამოგვყავს. მათი წარმოება კლიმატის მიხედვით საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია შესაძლებელი.

- საინტერესოა თქვენს საქმიანობაში "ჩახედვა". თქვენს პურის ყანებში საოცრად უხვმარცვლიანი თავთავებია... როგორია ეს პროცესი?

- როცა ხორბლის ერთი სახეობა ხორბლის მეორე სახეობას შეუჯვარდება, იქმნება "გენეტიკური შთამომავლობა", მცენარე-ჰიბრიდი, რომელიც "დედისა" და "მამის" საუკეთესო გენეტიკურ თვისებებს ატარებს. 5 წელიწადია საჭირო ამ ჰიბრიდის გამოსაცდელად. თუ 5 წლის შემდეგაც "თაობამ" საუკეთესო თვისებები შეინარჩუნა, უკვე ჯიშად ყალიბდება. ასეთი ჰიბრიდის მისაღებად წელიწადში შეიძლება 2000 ეგზემპლარი და კომბინაცია მაინც გახდეს საჭირო. მაგრამ მათგან თუ 2 მაინც გამოვიდა იმ საუკეთესო თვისებების მატარებელი ჯიშისა, როგორიც ჩვენ გვინდა, ბედნიერება იქნება...

2000 წლიდან დღემდე ჩვენ 8 საუკეთესო ქართული ხორბლის ჯიში შევმქმენით - საუკეთესო მოსავლიანობით, გამძლეობით, კონტრასტული პირობების ამტანობით, ხარისხით.

ყველა ახალი ჯიში საწარმოო გამოცდას გადის, ანუ ვაკვირდებით და ვსწავლობთ მის განვითარებას დათესვის დღიდან "ფიზიკურ სიკვდილამდე" (მომწიფებამდე) და თუ ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა, მაშინ თესლს ვუშვებთ კომერციული მიზნით - სათესლედ ვამუშავებთ ჩვენსავე თესლის გადამმუშავებელ ქარხანაში (შარშან შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ავაგეთ ევროსტანდარტის დონის თანამედროვე თესლის გადამმუშავებელი ქარხანა). წლეულს ჩვენი ხორბალი დაახლოებით 150 ჰა-ზე გვქონდა დათესილი და საშუალოდ 1 ჰა-ზე 50-65 ცენტნერი სათესლე ხორბალი მივიღეთ. სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ უკვე ქართული ხარისხიანი ხორბალი გვაქვს (რასაკვირველია, იმდენი არა, რომ შიდა ბაზარი სრულად დააკმაყოფილოს, მაგრამ მაინც) და ამ დროს უცხოეთიდან შემოტანილი ხორბლით ვიკვებებით, უცხოურ ხორბალს ვთესავთ. არადა, მისი საშუალო მოსავლიანობა 1 ჰა-ზე მხოლოდ 10 ცენტნერამდეა. წლეულს ხორბლისთYვის ძალიან ცუდი კლიმატური პირობები იყო და დაახლოებით 500 კგ-მდე მოსავალი მოვიდა 1 ჰა-ზე, ხოლო ქართული ხორბალი 1 ჰა-ზე 5-6,2 ტონა მოვიყვანეთ. შარშან კი, უკეთესი კლიმატური პირობების პირობებში - 8 ტონამდე. თუმცა ხორბლის უხვი მოსავლის მოყვანას აგროტექნიკაც სჭირდება - თესვით დაწყებული, მოვლითა და მკით დამთავრებული, აგროტექნიკა გამართული უნდა იყოს.

- ბრძანეთ, თითო ჰექტარზე 5-6 ტონა ხორბალი მოვიწიეთო. თუკი ჩვენდა სავალალოდ ქართულ ხორბალს ქართულ ბაზარზე შეღწევა უჭირს და ფქვილის მეწარმეები იაფი და უხარისხო პროდუქციის ყიდვას ამჯობინებენ, მოსავალს რა უნდა მოუხერხოთ?

- მეტი რომ გვქონდეს, მოვერეოდით. ჩვენმა სანერგემ უცხოელები გააოგნა - მსგავსი რამ ცნობილ მეხორბლეობის ქვეყანაში არ ხდებაო. ზოგიერთი უცხოელი უკვე საქართველოშივე თესავს ქართულ ხორბალს... შევეცდებით და აუცილებლად გავიტანთ ჩვენს ხორბალს საზღვარგარეთ გასაყიდად. ნიშანი, "წარმოებულია საქართველოში", ჩვენთვის უდიდესი პატივია.

- სანერგეში უცნაური ფერის ხორბლის ჯიშებიც გითესიათ. მაგალითად, შავფხა, დიკა, ზანდური, დოლის პური...

- გასაკვირი არაფერია, მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 სახეობიდან 14 საქართველოშია აღწერილი და ხუთი ენდემური, აბორიგენული ჯიშია, რომლის მსგავსიც ბუნებრივად არ იზრდება (შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნურად მოყვანა). ზანდურის გენეტიკური იმუნიტეტი ისეთია, რომ დღევანდელ სამყაროში არსებული ყველა ვირუსის მიმართY გამძლეა. კახეთში რამდენი სოფელიც იყო, იმდენი ჯიშის ხორბალი მოჰყავდათ და ჩვენ რატომ არ უნდა გაგვემრავალფეროვნებინა ჯიშები? ყველაზე ცნობილი ჯიში ქართული "დოლის პურია" - გემრიელი და უხვმოსავლიანი. ჩვენ ფხიანი და უფხო ხორბლის ძირძველი ჯიშების მრავალი ფორმა გვაქვს. ხორბლისა და ჭვავის შეჯვარებით მიღებული ჯიშების (ტრიტიკალე) პოტენციურმა მოსავლიანობამ შეიძლება ჰა-ზე 11 ტონასაც გადააჭარბოს. კიდევ ერთი რამ: ვისაც ხორბლის ყანა უნახავს, უნახავს მახობელაც (ხორბლის თანამდევი სარეველა, შავი, წვრილმარცვლიანი, რომელსაც ჩვენი წინაპრები გამოცხობისას პურს უმატებდნენ). ის პურს საოცარ გემოს და ფერმენტაციას აძლევს (მისგან სუროგატირებული გამომცხვარი პური, ჭარბად მიღების შემთხვევაშიც კი არ ასუქებს). გარდა ამისა, დაახლოებით 21 დღეს იცავს დაობებისგან. ჩვენ რამდენიმე ტონა მახობელა მოვიწიეთ, რათა ქართული ხორბლით გამომცხვარ პურს საოცარი გემო ჰქონდეს. როცა ამის შესახებ უცხოელებს ვუთხარით, არ დამიჯერეს, სამაგიეროდ, მახობელათი გამომცხვარი პური ისე მოეწონათ, თან წაიღეს (თესლის გატანაზე კი უარი ვუთხარით).

ასე რომ, ფასდაუდებელი სიმდიდრე გვაქვს შვილივით მოსავლელი. მისი დაკარგვა ჩვენი ერისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნება. უფლებაც არ გვაქვს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ქვეყანაში ქართული ხორბლის ჯიშების წარმოება გაიზარდოს.

მეწარმეებმა კარგად იციან, 2030 წლისთვის მსოფლიო სასურსათო კრიზისის საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს. ახლა უკვე ბევრი ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ იმ დროისთვის ხორბლის წარმოება 20%-ით გაზარდონ. ეტაპობრივად გაიზრდება ხორბლის ფასიც, ვარაუდობენ, რომ 66%-ით. აშშ-ის ფონდებმა 100 მლნ დოლარი გამოყვეს, რათა 1 ჰა-ზე ხორბლის მოსავლიანობამ 28 ტონას მიაღწიოს. 10 წელიწადიც არ დასჭირდება ხორბლის ისეთი ღეროს გამოყვანას, რომელიც გიგანტურ თავთავებს დაიჭერს... ჩვენ, ჩვენი წინაპრებისა და მრავალფეროვანი ბუნების წყალობით, დიდი შანსი გვაქვს, რომ მეხორბლეობა უმაღლეს დონეზე განვავითაროთ. გამოვკვებოთ მომავალი თაობა ეკოლოგიურად და გენეტიკურად სუფთა პურით, შევინარჩუნოთ ჩვენი განმასხვავებელი ნიშან-თვისება და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ პროგრესს.