ნაგაზი "მძიმე" ძაღლია
14-07-2014
ნაგაზი "მძიმე" ძაღლია
ქართული (კავკასიური)  მეცხვარე ძაღლები გონიერებით, გამბედაობითა და ღონით გამოირჩევიან.

"ადრე ნაგაზი ცხვარზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე გვხვდება ცხვარზე მაღალი ჯიშის ძაღლები."

ნაგაზი - მთის ძაღლის, ანუ მეცხვარის სახელია. ჩვენს ქვეყანაში ეს ჯიში ფართოდ გამოიყენებოდა როგორც ფარის დასაცავად, ისე სადარაჯო და საბრძოლო მიზნებისთვის. აღნუსხულია შემთხვევები, როცა რამდენიმე მგელს ერთ ღამეში ასობით ცხვარი გაუწყვეტია. ასეთ დროს მწყემსებს ნაგაზი საუკეთესო მეგობრად და მხსნელად ევლინებოდა.
საქართველოში გავრცელებულია გერმანული მეცხვარული ძაღლიც, ე.წ. გერმანული
ნაგაზი. მათ შესახებ ექიმი-ვეტერინარი ქეთი კვირკველია გვესაუბრება:

- ნაგაზი მთის მეცხვარული ძაღლის ქართული ენდემური სახეობაა. ამ ჯიშის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის სულხან-საბა ორბელიანი. ეს შესანიშნავი მოდარაჯე ძაღლი უცხოებ
ის მიმართ აგრესიულია, ხოლო თავის ოჯახში - კეთილი და ალერსიანი. კავკასიური ანუ ქართული ნაგაზი მთაში, ალპურ ზონაში ცხოვრობს, ის ფართოდ გამოიყენება მაღალმთიან რაიონებში. კარგი დარაჯი და დამცველია, თუმცა, ცოტა რთული ხასიათი აქვს და მისი გაწვრთნა აუცილებელია. კავკასიური ნაგაზი ოდითგანვე ისეთ ადგილებში ჰყავდათ, სადაც ტემპერატურაც ნაკლები იყო და საკვებიც. გამძლე ჯიშია და ყოველდღიური კვება მისთვის აუცილებელი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვაშიმშილოთ.

- აქვთ თუ არა მათ სუსტი მხარე?

- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა, კერძოდ, მენჯ-ბარძაყის სახსარი. ძაღლს ზედმეტი წონა არ უნდა ჰქონდეს. კავკასიურმა ნაგაზმა უნდა იმოძრაოს და ენერგია დახარჯოს - ლეკვობიდან თუ ასე გავზრდით, პრობლემები საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში არ შეექმნება. ზოგიერთი ნაგაზს ეზოში აბამს, რაც ყოვლად დაუშვებელია. წლამდე ძაღლის დაბმა არ შეიძლება და საერთოდ, ძაღლის დაბმა რეკომენდებული არ არის - მის ფსიქიკაზე ეს ძალიან ცუდად მოქმედებს.

- რამდენად გამართლებულია კავკასიური ნაგაზის ბინადრობა კორპუსის ბინაში?

- ეს ტანჯვაა ძაღლისთვისაც და ადამიანებისთვისაც, მეტიც, დანაშაულიც კი არის. ნაგაზი ეზოს გარეშე არ შეიძლება. ჯერ ერთი, ზამთარში ბინაში ცხელა, კავკასიურ ნაგაზს კი მაღალ ტემპერატურაზე ბეწვის ცვენა ეწყება, გვიან ხვდებიან, რომ მას სათანადოდ ვერ უვლიან და ან ქუჩაში უშვებენ, ან თავშესაფარში აბარებენ. არასწორია ნაგაზის აგარაკზე წაყვანა და ზაფხულის გასვლის შემდეგ იქ მარტო დატოვება. ეს ჯიში შიმშილს იტანს, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე. სამწუხაროდ, ეს ჯიში შეჯვარებების გამო გადაჯიშებულია. ადრე ნაგაზი ცხვარზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე გვხვდება ცხვარზე უფრო მაღალიც.

- როგორი უნდა იყოს საკვები?
- კვებას ყურადღება თავიდანვე უნდა მივაქციოთ. ხორცის მიცემა კარგია, თუმცა სიძვირის გამო ყველა ვერ მოახერხებს. მწარმოებლებს ორი ხაზი აქვთ საკვების სხვადასხვა შემადგენლობით - გიგანტური ჯიშის ძაღლებისთვის და შედარებით მომცრო ჯიშებისთვის. კავკასიური ნაგაზის საკვებში უნდა შედიოდეს კალციუმი და ხონდროლიცინი. ეს მის ძვალკუნთოვან სისტემას კვებავს და მოზრდილობაში ძვლების პრობლემები აღარ ექნება. საკვებში უნდა იყოს მეტი პროტეინი და ნაკლები ცხიმი, რადგან ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდა მათთვის ძალიან საშიშია. ზედმეტი წონის გამო ნაგაზს გულის პრობლემები ეწყება. ზრდის პერიოდში ლეკვისთვის აუცილებელია ვიტამინები და მინერალები ჩონჩხის სწორად განვითარებისთვის. დაბმა არ შეიძლება - ეს არის ოქროს წესი. ზოგიერთს ჰგონია, ძვლის ჭამა ძაღლისთვის სასარგებლოა. ძვალს კვებითი ღირებულება არ აქვს. მისი ერთადერთი ფუნქციაა, ძაღლმა კბილები გაისუფთაოს, თანაც ეს აუცილებლად ძროხის ბარძაყის ძვალი უნდა იყოს. განსაკუთრებით მავნებელია ქათმის ძვლები. ის ძაღლისთვის იგივეა, რაც დაფშვნილი შუშა. შესაძლოა შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს, ან ნაწლავი დაუზიანოს. ძვალი არც ერთი ჯიშის ძაღლისთვის, მათ შორის კავკასიურისთვისაც, არ არის სასურველი.

- მინახავს, როგორ აჭმევენ ძაღლს ათასგვარ საკვებს და თავს მაინც მშვენივრად გრძნობს.
- ეს ერთგვარი ლატარიაა: შეიძლება გაუძლოს და შეიძლება ვერა. ძვალი კი არა, ღორის ქონი და ხორციც კი არ შეიძლება. ზოგჯერ იციან ძაღლის "პატივისცემა" ხინკლითა და მწვადით, რაც ასევე დაუშვებელია. ამგვარ საკვებს უფრო ე.წ. ქუჩის ძაღლები იტანენ, რადგან გამძლეები არიან, კულტურული ჯიშის ძაღლი კი უფრო სათუთია. საკუთარი თვალით მინახავს მწვადისა და ხინკლის ჭამით მკვდარი ძაღლი.

კავკასიური ნაგაზი დიდი და ძლიერი ჯიშის ძაღლია, ამიტომ ესაჭიროება ყოველდღიური, ინტენსიური ვარჯიში. ქალაქგარეთ ცხოვრება მისთვის იდეალურია, შესანიშნავად ეგუება ცივ ჰავას. არსებობს მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი კავკასიური ნაგაზი და ორივეს ხშირი ვარცხნა და გასუფთავება სჭირდება. ზოგადად ის ჯანმრთელი და სიცოცხლისუნარიანი ჯიშია, თუმცა, მისთვის დამახასიათებელია შემდეგი დაავადებები: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, კატარაქტა, სიმსუქნე, გულის დაავადებები, სიმსივნე. ეს დაავადებები სხვა ჯიშებისთვისაც არის დამახასიათებელი. კავკასიურ ნაგაზს, თუ ზედმეტი წონა აქვს, ხშირად ეწყება საშვილოსნოს პრობლემები, რაც პასიური ცხოვრების ბრალია.

- გერმანული ნაგაზის ბინაში გაჩერება სჯობს თუ აგარაკზე?

-  გერმანული ნაგაზი უფრო უკეთ Yეგუება ბინას, ვიდრე კავკასიური. წვრთნა მისთვისაც აუცილებელია, უამისოდ შესაძლებლობების მეათედსაც ვერ გამოიყენებთ. ადვილად სწავლობს და თუ მას შეიძენთ, ყველაფერს გაგიგებთ და შეგისრულებთ.

ენერგიის დახარჯვა გერმანული ნაგაზისთვისაც აუცილებელია. მისი წონაც მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ, რათა მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემები არ შეექმნას. თუ ვერ გავასეირნებთ და ენერგიას არ დახარჯავს, შინ ავადმყოფი ძაღლი გვეყოლება. მათთვისაც დიდი ჯიშის ძაღლების საკვები უნდა შევიძინოთ. ძალიან მოსწონთ და სასარგებლოც არის ქათმის თეთრი, მოხარშული ხორცი, მაგრამ ამას ყველა ვერ გასწვდება. პერიოდულად გერმანულ ნაგაზსაც სჭირდება კალციუმისა და ვიტამინების დამატება და აუცილებლად - აქტიური ცხოვრება.

- ესე იგი, მათი საკვებიც ზოომაღაზიაში უნდა შევიძინოთ.
- რა თქმა უნდა, პატრონი საკვებს საჭიროებისამებრ ვერ დააბალანსებს. საკვებს შორისაც არის სხვაობა: არის ეკონომკლასის საკვები და არის პრემიუმკლასის, განსხვავებული ფასებით. პრემიუმი 7-დან 12 ლარამდე ღირს, ხოლო ეკონომკლასი - 2 ლარი. სხვაობა დიდია. რაც უფრო მაღალი ხარისხისა და ყუათიანია საკვები, მით ნაკლებია საჭირო. საკვების შეფუთვაზე დატანილია ცხრილი, სადაც წერია ძაღლის ასაკი, წონა და დღიური ნორმა, რომლის ფარგლებშიც უნდა ვკვებოთ ცხოველი. არ შეიძლება ჩვენი სურვილის მიხედვით დოზის მომატება ან მოკლება.

გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფართოდ იყო გავრცელებული ევროპის ტერიტორიაზე. გამოიყენებოდა სახლის, ქონების, ნახირის დასაცავად, მოგვიანებით დაიწყეს მათი ცხვრების სამწყემსავად გამოყენება.
მთელ ევროპაში მოთხოვნის ზრდამ გერმანული ნაგაზის რაოდენობა გაზარდა. ის საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია.
1901 წლიდან დაიწყეს ამ ძლიერი, მამაცი, საზრიანი ძაღლის გამოყენება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანოებში, საბაჟოებზე, გამტარ პუნქტებზე. მას საოცრად აქვს განვითარებული ყნოსვის რეცეპტორები, კარგად იწვრთნება, კარგად ეძებს ნარკოტიკებს, იარაღს, ნაღმს...


აზიური ნაგაზი


აზიური ნაგაზი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, რომელიც არ არის მიღებული ხელოვნური სელექციით. აზიური ნაგაზიც დასაცავად და სადარაჯოდ გამოიყენება. ეს ჯიში ისტორიულად გავრცელებულია შუა აზიაში. საქართველოში ის მცირე რაოდენობით გვხვდება, თბილისში სულ რამდენიმე ოჯახს ჰყავს.

ხათუნა ჩიგოგიძე

გიორგიიი
24 იანვარი 2018 11:08
გამარჯობათ მე მყავს ქართული ნაგაზი 4 თვის და თავის ასაკთან შედარებით არის დაბალი და რა ვიტამინს მირჩევთ რომ ზრდაში შეუწყოს ხელი??
გელა
24 ივლისი 2014 16:17
ბატონო davit,
ჩვენც ამ აზრის ვართ, რომ სხვადასხვა ჯიშებზე, მათ მოვლაზე უნდა ვწეროთ, და არა მარტო ძაღლებზე. უკვე რამდენიმე სტატიაც გამოქვეყნდა. ისინი შეგიძლიათ ნახოთ განყოფილებაში ”მამულ-დედული”:
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli.html

მაგალითად, მეძებარ ძაღლებზე:

მეძებარი ძაღლების "საძმო"
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/22037-medzebari-dzaghlebis-qsadzmoq.html

აგრეთვე, ზოგადად ძაღლის მოვლაზე:

როგორ მოვუაროთ ძაღლს
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/20953-rogor-movuaroth-dzaghls.html

ეწერა ფრინველებზეც, მაგალითად, იადონებზე:

"მხოლოდ მამალი იადონი გალობს"
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/22122-qmkholod-mamali-iadoni-galobsq.html

თუთიყუშებზე:

თუ კარგად მოუვლით, კიდეც აალაპარაკებთ
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/21367-thu-kargad-mouvlith-kidec-aalaparakebth.html

თევზებზე:

აკვარიუმის "ოქროს" ბინადარი
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/21516-akvariumis-qoqrosq-binadari.html

კატებზე:

პასპორტიანი "სანიტარი"
http://www.kvirispalitra.ge/mamul-deduli/21125-pasportiani-qsanitariq.html

თვალყური ადევნეთ ჩვენს გაზეთს, ჩვენ კვლავაც ვგეგმავთ ასეთი თემებზე წერას.

kjhljk
23 ივლისი 2014 11:42
ქართული ნაგაზის ბინაში ან პატარა ეზოში ცხოვრება დანაშაულია, უფრო დიდი დანაშაულია უპატრონოდ აგარაკზე დატოვება. ეს არის უერთგულესი კეთილშობილი, მაგრამ ჯიუტი არსება, რომელსაც ძალიან ჭირდება ურთიერთობა. მისი ჩაკეტვა და უფუნქციოდ ყოფნა თანჯვაა. დილეტანტმა არც იფიქროს რომ რამეს ასწავლის, წვრთნას ძალიან ძნელად ემორჩილება.
ამიტომ კარგად გაიაზრეთ რასთან გექნებათ საქმე, თუ მის შეძენას გადაწყვეტთ.
თან ისე შეგაყვარებს თავს თუ გული გაქვს, რომ აქეთ შენ თვითონაც დაიტანჯები

რედაქტორის რჩევით