კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

საქართველოს ბაზრებსა ან სათესლე მეურნეობებში შესაძლებელია თუ არა შევიძინო დიდი რაოდენობით გოგრის თესლი?

ნიკოლოზ მაისურაძე, ონი

- დიდი ოდენობით გოგრის თესლის შოვნა საქართველოში წარმოუდგენელია. გოგრა უხვად მოჰყავთ შუა აზიაში, აზერბაიჯანსა და თურქეთში. შეიძლება იქ სცადოთ მისი შოვნა.

როგორ ამრავლებენ მანდარინს?

ნანა გულორდავა, ზუგდიდი

- მანდარინს ამრავლებენ ტრიფოლიატის საძირეზე კვირტის მყნობით, ე.წ. ოკულირების წესით. მცენარე მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს იწყებს ნაყოფმსხმოიარობას, რაც 25-30 წელს გრძელდება. ნაყოფმსხმოარობის საუკეთესო პერიოდი აქვს 12-13-წლიან ნერგებს.

როგორ ამოვიცნოთ ბაზარში გენური ინჟინერიით მიღებული ბოსტნეული. იქნებ რაიმე სპეციფიკური ნიშანი არსებობს?

მარიამ ლაცაბიძე, თბილისი

- სამწუხაროდ, გენური ინჟინერიით მოყვანილ ბოსტნეულს გარეგნული ნიშნებით ვერ გაარჩევთ. ამას მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევებით ადგენენ. თუმცა კი ფრთხილი მყიდველი ძალიან დიდი ზომის კარტოფილის, პამიდვრის, ბადრიჯნისა თუ სტაფილოს ყიდვისგან თავს იკავებს...

ამბობენ, თაფლით მკურნალობის არაერთი მეთოდი არსებობსო.

ლამარა მარხულია, წალენჯიხა

- ამ მეთოდს აპითერაპია ჰქვია და იგი არა მარტო თაფლით, არამედ მეფუტკრეობის პროდუქტებით მკურნალობას აერთიანებს. თაფლი გამოიყენება გაცივების დროს, შველის ბრონქიტს, თაფლის ინჰალაცია განსაკუთრებით ეფექტიანია ტუბერკულოზის მკურნალობისას.