დიდი ტვირთი მცირე მეურნეობებზე - კვირის პალიტრა

დიდი ტვირთი მცირე მეურნეობებზე

ყველაზე მოსახერხებელი მცირე მეურნეობებისთვის ქალაქებთან ახლოს მდებარე სოფლებია, საიდანაც ქალაქში პროდუქციის გაყიდვა უმთავრესად პირად ნდობას ეფუძნება

უცხოეთის ბევრ ქვეყანაში სოფლად გაცილებით ნაკლები მოსახლეობა ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში. მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, უცხოური სოფელი თავის ქვეყანას სრულად ამარაგებს სასოფლო პროდუქტებით. ეს განვითარებული ფერმერული მეურნეობების დამსახურებაა, რომლებიც მიღწეულზე არ ჩერდებიან - დღითი დღე იძენენ მეურნეობის წარმოებისა და გაძღოლის ცოდნას და უახლეს ტექნოლოგიებსაც სწავლობენ.

ჩვენთან მოსახლეობას მსხვილი ფერმერული მეურნეობების შესაქმნელად თანხის მოძიება უჭირს და ფერმერული მეურნეობებიც თითქმის არ გაგვაჩნია. მაგრამ ვინაიდან ასეთი მეურნეობების გარეშე ქალაქის გამოკვება წარმოუდგენელია, ჩვენთანაც შეიქმნა ფერმების ჩანასახები და ფერმერებიც გამოჩნდნენ, განსაკუთრებით - მეცხოველეობაში.

ამ დარგის ნატურალური პროდუქციის დეფიციტს ქვეყანა, ათეული წლებია, განიცდის. ყველაზე მოსახერხებელი ამ მხრივ ქალაქებთან ახლოს მდებარე სოფლებია, საიდანაც ქალაქში პროდუქციის გაყიდვა უმთავრესად პირად ნდობას ეფუძნება. მცირე ფერმებია თბილისის ახლოს მდებარე სოფელ კუმისშიც, სადაც ოჯახებს 10 და მეტი ძროხა და ღორი ჰყავთ. მართალია, პირუტყვის შენახვა იოლი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ თავის რჩენის საიმედო წყაროა. ზოია გაბაშვილის ოჯახში პირუტყვს ყველა ერთად უვლის, ბავშვებიც კი.

- ძროხა და ღორი ყოველთვის მყავდა, მაგრამ, ახლა პირუტყვის გარეშე ჩვენთვის ცხოვრება წარმოუდგენელია - ბავშვების სწავლის თუ ჩაცმა-დახურვის ფულსაც კი რძის პროდუქტით ვიხდით. ზამთარში ღორის ხორციც გვაქვს. თუმცა, ბოლო წლებია, ღორს ვირუსი გვინადგურებს, გაზრდილი ღორები გვეხოცება და ვმარხავთ. ამბობენ, ეს ვირუსი რომ გაქრეს, ხუთ წელიწადს მაინც მოსახლეობამ ღორი არ უნდა იყოლიოსო, მაგრამ ძნელია, მის მომრავლებაზე უარი თქვა.

ათი ძროხა, ორი ხბო და ხუთი ღორი მყავს. ხუთი ძროხაა მეწველი, მაგრამ ამითაც გავდივართ იოლად.

დღეში 50 ლიტრ რძეს ვყიდით. მალე სხვა მეწველებიც დაგვემატება და უფრო ამოვისუნთქავთ, თორემ ერთ ძროხას დღეში შვიდი ლარის საკვები უნდა და მხოლოდ ხუთ ლარს ტოვებს მოგებას, ეს კი მრავლსულიანი ოჯახისთვის ზღვაში წვეთია. თუმცა ის ხუთი ლარიც რომ არ იყოს, მშიერი დავრჩებოდით.

ზამთარსა და ზაფხულში, გვალვების დროს, როცა ბალახი არ არის, კომბინირებულ საკვებსაც ვაძლევთ, რაც საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც დიდი რაოდენობითY ვყიდულობთ ე.წ. პრესს. ზამთარში პრესის ფასი ხუთ ლარამდე ადის, თითო ძროხას კი დღეში თითო შეკვრა სჭირდება. ამას ემატება ქატო. ყოფილა ზამთარი, როცა პრესის ფასი 7 ლარამდე ასულა. ამიტომ თუკი გვალვები არ დაიჭირა, გონიერმა კაცმა ზაფხულში უნდა მოიმარაგოს თივა.

- პირუტყვისთვის წყალს როგორ აგროვებთ?

- დიდი გაჭირვებით. საღამოს მთელი დღის მწყურვალი პირუტყვი უამრავ წყალს სვამს. წყალი რომ არ გაქვს, ამიტომ ჭაობში უნდა დაალევინო, კუმისის ჭაობები კი ძალიან საშიშია - მენახირეებს იქ არაერთხელ ჩაეხრჩოთ ძროხა და პირუტყვის საფასურის გადახდამ მოუწიათ.

- წველას რა დრო სჭირდება? თქვენ ხომ ხელით წველით?

- ხუთი სული ძროხის მოწველას თითქმის ხუთი საათი სჭირდება, მაგრამ დროზე მეტად სისუფთავეს უნდა მიაქციო ყურადღება - ოჯახს არც ყველი გაეყიდება და არც რძე, მყიდველმა შიგ საქონლის ბეწვი რომ დაინახოს, ამიტომაც ძროხას რომ ვწველით, იმაზე ვართ გაფაციცებული, ძროხის კუდი არ მოგვხვდეს, თორემ მერე უნდა ადგე, ტანსაცმელი გამოიცვალო და ისე განაგრძო წველა.

- რაც უფრო მეტად კვებავ დედის რძით ხბოს, მით უკეთესად იზრდება. რადგან რძე თქვენი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხბოებისთვის დედის რძე ხომ არ გენანებათ?

- როგორ შეიძლება ხბო მშიერი დატოვო? ასე ის კარგი მეწველი ვერ დადგება და მოგებას ვერ მოგცემს.

- გარდა მეცხოველეობისა, რით შეიძლება თავის რჩენა თქვენს სოფელში?

- ჩვენ აქ წალკის კარტოფილს ვთესავთ - წალკელ მეკარტოფილეებს ვიცნობთ და ისინი ყოველთვის კარგ თესლს გვაძლევენ.