კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

რომელი მცენარეა პირშუშხა, რა ჰქვია მას რუსულად და ჩვენთან თუ ხარობს?

ხათუნა ივარდავა, ზუგდიდი

- პირშუშხას რუსული სახელწოდებაა "ხრენ". იგი მრავალწლიანი, 50-150 სმ სიმაღლის მცენარეა, რომლის ფესვებისგან არომატულ საწებელს ამზადებენ, ხოლო ფოთლებს იყენებენ სხვადასხვა სახის მწნილის მომზადებისას (მაგალითად, კიტრის, პამიდვრის, ჭარხლიანი კომბოსტოს და ა.შ.). რა თქმა უნდა, პირშუშხა ჩვენთანაც ხარობს. მრავლდება თესლით, ასევე ამონაყრებით. ადვილი მოსავლელია და არც დიდ ადგილს ითხოვს. საწებლის მომზადება კი ასე შეგიძლიათ: 100 გრამი პირშუშხას ფესვები კარგად გაფხიკეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ ჩაყარეთ სათქვეფში მარილთან, ერთ სუფრის კოვზ შაქართან და მცირეოდენ ძმართან ერთად. ათქვიფეთ და გემრიელი საწებელიც მზად იქნება!

იზრდება თუ არა საქართველოში სატაცური ველურად, როგორ ადგილებში ხარობს და როდის უნდა შეგროვდეს?

ელენე ქორიძე, თეთრიწყარო

- საქართველოში სატაცურის 5 სახეობაა გავრცელებული და გვხვდება ტყისპირებზე, ბუჩქნარებსა (ძირითადად ძეძვის ბუჩქებში) და იშვიათად მდელოებზე. ნორჩი ღეროები, რომლებიც აპრილ-მაისის თვეში გამოჩნდება ხოლმე, საკვებად გამოიყენება და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. თუ დღემდე არ გაგისინჯავთ სატაცურის გემო, იყიდეთ ბაზარში კონებად შეკრული.

უნდა იცოდეთ, რომ ველურად მოზარდი სატაცური კვებითი ღირებულებით კულტურულს ბევრად ჩამორჩება, ამიტომ გირჩევთ, თქვენს ნაკვეთებში გააშენოთ. სატაცურში უხვად არის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები, რის გამოც მას აქვს დიეტური და სამკურნალო მნიშვნელობა.