ყველაზე "სწრაფი" საზამთრო საქართველოში
28-07-2014
ყველაზე "სწრაფი" საზამთრო საქართველოში
"საქართველოში ძალიან პოპულარული საზამთროს ჯიშებია ატამანი, ვარდა და კოლოსი, რომლებიც ძირითადად, კახეთში მოჰყავთ"

კახეთში ყველაზე დიდი საზამთრო მაქსიმუმ 20-25 კილოგრამს იწონის. ეს ნიშნავს, რომ კარგ ნიადაგზეა მოწეული


საზამთრო საქართველოში ყველაზე კარგად რომ კახეთში მოდის, ყველამ იცის. თენგიზ დათუნაშვილი ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანში ცხოვრობს, აგრონომია. როგორც გვიყვება, საბჭოთა დროს კოლმეურნეობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ამჟამად კი ფერმერია და 6 ჰექტარზე საზამთროს ბაღი აქვს გაშენებული, 5 ჰექტარზე საფერავის ჯიშის ყურძენს უვლის, 100 ჰექტარზე
კი სიმინდის ყანა აქვს... ამჯერად საზამთროს კულტურაზე ვესაუბრეთ.


- ამ საქმეს ხელი 20 წლის წინ მოვკიდე. მაშინ 1 ან 2 ჰექტარზე მომყავდა. ახლა 3 ჰექტარზე საადრეო მომყავს, 3 ჰექტარზე  კი საგვიანო.

- რას უწოდებთ საადრეოსა და საგვიანოს?

- საადრეოა ქართული საზამთრო, რომელიც ჩვენს ბაზარზე უკვე
10-15 ივნისიდან ჩნდება (ის 18-დან 25 მარტამდე დავრგე). საგვიანო კი, რომელიც 15 აპრილს დავრგე, რამდენიმე დღის წინ დავკრიფე. მოსავლითაც კმაყოფილი ვარ და საზამთროს ფასითაც.

- ძნელ დროს დაგიწყიათ ფერმერობა, 1994 წელი საკმაოდ მძიმე იყო...
- კი, მაშინ  სესხის აღება არ შეიძლებოდა. ძალიან ვწვალობდით, ახლა ყველაფერი გაიოლებულია და შედარებით ნაკლები პრობლემაა.
საზამთრო სპეციფიკური კულტურაა. შესაფერისი ნიადაგი უნდა შეირჩეს - გამორჩეულად კარგი, თუმცა გარემო პირობებმაც უნდა შეგიწყოს ხელი. ბაზარსაც გააჩნია - როცა მოსავალი დიდია, საზამთროს ფასი დაბალია. წლეულს მოსავალი ნაკლებია და შესაბამისად, ფასიც მაღალია.

- ნაკლები მოსავლის მიზეზი რა არის?
- ისევ და ისევ ბუნებრივი პირობები. სეტყვამ სხვა ფერმერებს ნათესები დაუზიანა, ჩემი კი გადარჩა.

- ბაზარს როგორ აწვდით საზამთროს?
- ჩვენთან მცირე მეწარმეები თავიანთი მანქანებით მოდიან და საზამთრო ბაღიდანვე მიაქვთ.

- 1 ტონა საზამთროში რამდენს გიხდიან?
- ეს ბაზარსა და საზამთროს ფასზეა დამოკიდებული. ახლა ბაზარზე კილოგრამი 50 თეთრი ღირს. მე 30 თეთრად ვყიდი...

- ბაღში ხალხი გეყოლებათ დასაქმებული...
- კი, მყავს მუშების ჯგუფი, რომლებსაც ყოველდღიურად ვუხდი. კვების ხარჯსაც ვწევ. საზამთროს ბაღში მუშაობას დიდი ენერგია სჭირდება, ძალიან იღლებიან და ხელს ვუწყობთ, რომ შრომა გაუადვილდეთ.
თუ ხარისხიანი მოსავლის მიღება გინდა, საზამთროს ერთ ადგილას ზედიზედ მოყვანა მხოლოდ ორჯერ შეიძლება - მერე ნიადაგში მისთვის საჭირო ნივთიერებები აღარ არის. ამას ჯობს, ახალი ნაკვეთი მოისინჯოს, საზამთროს ყოფილ ბაღში კი სხვა კულტურა დაითესოს, მაგალითად, ხორბალი ან სიმინდი კარგად მოდის. საზამთროსთვის ასევე აუცილებელია წყალიც.
საზამთროსთვის ორგანული და მინერალური სასუქებით ისევ უნდა გაამდიდრო ნიადაგი... ჩვენ ბოლო დროს ახალ მეთოდს ვიყენებთ - ნიადაგზე მთლიანად ცელოფანს ვაფენთ.

- რატომ?
- სარეველა რომ არ ამოვიდეს და საკვებში არ შეეცილოს. ამ მეთოდით ტენსაც ვინარჩუნებთ - მისთვის წყალი აუცილებელია. ადამიანის ორგანიზმის 70% წყლისგან შედგება, საზამთრო კი სულ წყალია, ამიტომ არც ერთი ფერმერი მას წყალს არ დააკლებს.

- ძირითადად რა ჯიშები მოგყავთ?
- საქართველოში ძალიან პოპულარული ჯიშებია ატამანი, ვარდა, კოლოსი. ესენი, ძირითადად, ჩვენთან, კახეთში მოგვყავს. თუმცა სხვა, ნაკლებად პოპულარული ჯიშებიც არსებობს.

- 6 ჰექტარზე მოსავალს რამდენს იღებთ?

- წლეულს 1 ჰექტარზე მხოლოდ 50 ტონა მივიღე. როგორც გითხარით, მოსავალი ნაკლები იყო. ეს 50 ტონაცIII  ხარისხებად ნაწილდება, ყველას სხვადასხვა ფასი აქვს.

- როდის თესავთ და 6 ჰექტარისთვის რამდენი კილოგრამი თესლი გჭირდებათ?

- კილოგრამობით არა, მარცვალთა რაოდენობით ვთესავთ. 6 ჰექტარზე 3500 მარცვალია საჭირო. ერთ ბუდეში (ბუდნაში) 3 მარცვალს ვდებთ, თუმცა ამისთვის ზამთარში შინ სათბურს ვაკეთებთ, სადაც ჩითილები გამოგვყავს. როგორც გითხარით, წლეულს 3 ჰექტარზე 18-დან 27 მარტის ჩათვლით გადავიტანე ნერგები, 3 ჰექტარზე კი - აპრილის 15-დან 20-მდე.

- რის მიხედვით ახარისხებთ?
- იერის, წონისა და გემოვნების მიხედვით.

- ბოლო დროს მგონია, საზამთროს შაქრიანობა აკლია, ეს რისი ბრალია?
- ამასაც გარემო პირობები, ნიადაგი, სასუქი განაპირობებს. ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ნიადაგზე მოგყავს. არ შეიძლება ბევრი აზოტის შეტანა, გემოზე მოქმედებს.

- ძირითადად რა სასუქები შეგაქვთ?

- 1 ჰექტარზე დაახლოებით 200-300 კილოგრამი აზოტია საჭირო; არის ასევე ფოსფორი, კალიუმი. თუმცა, ბოლო დროს მეტად გავრცელებული მინერალური სასუქი მიტროამოფოსია. ასევე ვიყენებთ დიამაფოსს, იარამილას. მოკლედ, 5-6 სხვადასხვა სასუქი სხვადასხვა დროს სჭირდება.

- რა სიხშირით რწყავთ?
- ყოველ მესამე დღეს. სპეციალური ტუმბოები მაქვს დაყენებული, რომლებიც წყალსაქაჩის ფუნქციას ასრულებს და ბაღი შლანგებით ირწყვება.

- მღრღნელებისგან როგორ იცავთ?
- ნიადაგი წინასწარ უნდა დამუშავდეს, საზამთროს დარგვა-დათესვამდე. სათანადო შხამები შეგვაქვს მღრღნელების მოსასპობად. არსებობს სოკოვანი დაავადებების საშიშროებაც და ამის საწინააღმდეგოდაც ვწამლავთ.

- რა დაავადებები უჩნდებათ?
- უმეტესად ჭრაქი - ფოთოლი უყვითლდება და მცენარე კვდება.

- მკითხველმა მოგვწერა, გიგანტური საზამთრო როგორ მოვიყვანოთ, იქნებ სპეციალისტმა გვასწავლოსო...
- გიგანტური საზამთროს მოყვანა არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ მას საქონლის საზამთროს ვეძახით და არც მოგვყავს. ჩვენი ყველაზე დიდი საზამთრო მაქსიმუმ 20-25 კილოგრამს იწონის. ეს ნიშნავს, რომ კარგ ნიადაგზეა მოწეული, დიდი შრომის ფასად. მოკლედ, გიგანტური საზამთრო ჩვენთან არ არის.

- რას ურჩევთ იმათ, ვისაც საზამთროს მოყვანა უნდა?
- პირველ რიგში, ნაკვეთი უნდა შეარჩიოს. მერე ნიადაგის ანალიზი უნდა გააკეთოს, რათა შემცველობა დაადგინოს და შემდგომ უნდა შეარჩიოს კარგი თესლი.

- სად უნდა შეიძინოს?
- სპეციალური მაღაზიები არსებობს, თესლი ფირმებსაც აქვთ. ამის მერე ნიადაგი კარგად უნდა დაამუშაოს ზამთარშივე ან გვიან შემოდგომით და შეიტანოს ყველა საჭირო სასუქი, რაც იმ ნიადაგს აკლია. სასუქების მიწაში შეწოვას ზამთრის ნალექი დაეხმარება. გაზაფხულის პირზე, დარგვის დაწყებისას, ყველა სასუქი ნიადაგში გახსნილი იქნება და მცენარეს კვება გაუადვილდება.

- რა განაპირობებს იმას, რომ საზამთრო კარგად მოდის კახეთში და ცოტაა დასავლეთ საქართველოში?
- ძალიან ხშირი ნალექი არ უყვარს, არც სიცივე და დიდი სიცხე და ამ ყველაფერს კახეთის კლიმატური პირობები აბალანსებს. პირველად ხომ მარტში დავრგე და სხვაგან ამ დროს ცივა. დასავლეთ საქართველოში საზამთრო ვანსა და ქუთაისშიც მოჰყავთ, მაგრამ იქ სექტემბრის დასაწყისში იღებენ. კახეთშიც არის ადგილები, სადაც გვიან მოდის - ყვარელში, ალაზნის დაბლობში კი სხვა პირობებია. საგარეჯოშიც მოდის, მაგრამ იქ ჯერ არ არის მოწეული. თელავშიც, ყვარლისგან განსხვავებით, სამი კვირით იგვიანებს, რადგან შედარებით დაბალი ტემპერატურაა. მოკლედ, ყველაფერს თავისი ადგილი და ბუნებრივი პირობები სჭირდება.


საზამთრო "გოგროჭინა" მცენარეა

საზამთრო ერთ ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარს განეკუთვნება და გოგროვანთა ოჯახის წარმომადგენელია. სითბოს მოყვარული კულტურაა და მისი სამშობლო სამხრეთი აფრიკა გახლავთ. ფართოდ არის გავრცელებული სასუფრე საზამთრო, რომლის ჯიშების უმეტესობა 0,6-16 კგ-მდე იწონის და 11%-მდე შაქარსა და ვიტამინებს შეიცავს. არის საკვები საზამთროც, რომელსაც პირუტყვი ნედლადაც ჭამს და დასილოსებულსაც.

ლალი ფაცია
Giorgi
01 ივნისი 2017 19:18
Rogor gavzardo didi sazamtro
gogita
12 აგვისტო 2016 18:26
ტქვენი ნომერი გამოგზავნე
dada
07 მაისი 2016 13:55
ამ ფერმერს როგორ დაუჯერო ახლა ყველა რომ იტყუება,,, ალბატ ზომაზე მეტსაც აყრის გვარჯილას, ოგონდაც ფული ისშოვოს, გამომივიდა ანგელოზი!!!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა