"ვისაც ხე არ დაურგავს, ბევრ სიხარულს კარგავს"
28-07-2014
"ვისაც ხე არ დაურგავს, ბევრ სიხარულს კარგავს"
"სადაც ლამაზ ხეს ვნახავ, შინ მიმაქვს, ნერგი გამომყავს და გაზაფხულზე ვრგავ. დარგულსაც ვპატრონობ და კვირაში სამჯერ მაინც გავდივარ ჩემი ნერგების მოსანახულებლად. ახლა უკვე ზოგი შრიალა ხედ იქცა..."

გოჩა ჭეიშვილი ოზურგეთში ცხოვრობს. რაც გურიის მხარეში ციტრუსი გადაშენდა, ის ღარიბ მხარედ ითვლება, მაგრამ გოჩას ოჯახს ლუკმაპური არ აკლია.  მდინარე ბჟუჟის ჭალები ახლოა და იქ პირუტყვის საბალახოდ გაშვება შეიძლება, ჰოდა, ძროხა იყიდა. ახლა მწირ შემოსავალს რძის ნაწარმის გაყიდვითაც ავსებს... რამდენიმე წლის წინ ფუტკარიც
მოაშენა. ფუტკრის სიყვარულს თაფლსა და სანთელთან ერთად ღვთის სხვა მადლიც მოჰყვა, -  ფუტკარს რომ დახმარებოდა, გოჩამ ქალაქში პირწმინდად აკაფული ყვავილოვანი ხეების დარგვა და გაშენება დაიწყო...


- ნერგი სხვა დროსაც დამირგავს, კარგი საქმეა, - ყლორტს მიწას მიაბარებ და სამ-ოთხ წელიწადში ისე მომაგრდება, ნაყოფის გარდა, ჟანგბადითაც გაცოცხლებს.
ეს გულის წამალია; მაგრამ მას შემდეგ, რაც სახლში ფუტკარი მოვიყვანე, სკასთან ჩამუხლული სულ იმაზე ვფიქრობდი, -  გარშემო ყვავილოვანი ხეები აღარ არის, განა რამდენ კილომეტრზე უნდა იფრინოს, რომ საკვები იშოვოს-მეთქი. ათეული წლებია ხეების დარგვაზე აღარავინ ფიქრობს! აი, ასე დავიწყე პირველი ნერგების ჩაყრა, - გაზაფხულზე დავიარე გადამწვარი ან გაველურებული ტყეები, ჩაის პლანტაციები, ზოგან აკაციის ძირზე ვნახე ამონაყარი და ზოგან წაბლის, ფრთხილად ამოვიღე მიწიდან და დასარგავად წავიღე. მდინარის ჭალებში უზარმაზარი ცარიელი ადგილებია, ადრე ხეები იზრდებოდა, მაგრამ ხალხმა გაკაფა, ზოგსაც მდინარე მოერია და წაიღო. ორივე ეს მცენარე ცის წყალობაა ადამიანისთვისაც და ფუტკრისთვისაც. მე რომ არ დამერგო, ამონაყარს პირუტყვი გადაჭამდა. ყლორტები ძალიან სუსტი იყო და ამიტომაც შინ ცელოფანის "კოშტებში" დავრგე და მოვაძლიერე. პირველად კი მეშინოდა, ვაითუ, ვერ გაიხაროს-მეთქი, მაგრამ 2-3 თვეში ყლორტები ჩემ თვალწინ გალაღდა. ამას მდინარისგან დატენიანებულმა ნიადაგმა შეუწყო ხელი. თანდათან სხვა ყვავილოვანი ხეების დარგვაც დავიწყე. სადაც  ლამაზ ხეს ვნახავ, იმის მიხედვით, რით შეიძლება მისი გამრავლება, - თესლით, ყლორტით თუ კალმით, შინ მიმაქვს, ნერგი გამომყავს და გაზაფხულზე ვრგავ.  დარგულსაც ვპატრონობ - ჯერ ეკლით ვღობავ, რომ პირუტყვმა არ გააფუჭოს, მერე კი ჩავიცვამ "ვალინკებს" და კვირაში სამჯერ მაინც გავდივარ მდინარისკენ, ჩემი ნერგების მოსანახულებლად. ახლა  ზოგი შრიალა ხედ იქცა. მე ზოგი მათგანის სახელიც კი არ ვიცი, არც ბიოლოგი ვარ და არც პროფესიონალი სელექციონერი, უბრალო კაცი ვარ, მაგრამ ამ საქმეს ბუნების და ჩემი ქვეყნის სიყვარული მაკეთებინებს. ასე მგონია, ვისაც ხე არ დაურგავს, ბევრი სიხარული აქვს დაკარგული. ჩემი დარგული ხე შრიალით რომ მხვდება, ყველაფერი ცუდი მავიწყდება... მათთან რომ ვარ, მგონია, სამოთხეში ვარ. ასეთი პატარა სამოთხე ალბათ ყველა ადამიანმა უნდა შექმნას.

- გამკილავი არავინ გამოგიჩნდათ, - ამ კაცს საქმე დალევიაო?
- რატომაც არა, ამას ხომ ვერ ავიცილებთ. ერთი-ორმა ისიც მითხრა, ალბათ იმიტომ რგავ ამ ხეებს, რომ შენი ფუტკარი გამოიკვებოს და თაფლი გქონდესო. რა უნდა მეთქვა?  ჩემი ფუტკარი თუ შეჭამს, სხვის ფუტკარს ფრთებზე ბოქლომს ხომ არ დავადებ? მე კი ხეების დარგვას შევყევი, მდინარის ხეობიდან  ქალაქში გავედი და იქაც დავუწყე ცარიელ ადგილებს შეთვალიერება. ცარიელს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ზოგიერთი მიშლის  ნერგის დარგვას მის სახლთან - ეგ ადგილი მჭირდებაო.

ჩემს დარგულ ხეებს რომ ჩავუვლით, ვაჟი მეხუმრება, - შვილი რომ მეყოლება, აუცილებლად ვეტყვი, ეს ხე ბაბუაშენმა დარგოო. დარგვაში ისიც მეხმარება და ერთი ჩვენებური კაცი, - რეზო ჯაში. მათ გარდა ნერგი ვერავის დავაჭერინე ხელში.

თუკი სადმე რამე მომეწონა, არ არსებობს, სახლში არ მოვიტანო. ცაცხვი უიშვიათესი მცენარეა, ძველად წმინდა ადგილებში რგავდნენ. მინდა ეს ხე ჩვენში ბევრი იყოს, როგორ არ ვეცადე თესლით გამეხარებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ასე სამ წელიწადს ვიწვალე და ბოლოს, ოზურგეთის თეატრთან ერთი ცაცხვი გვიდგას და მასზე ვნახე ამონაყარი. წამოვიღე, კოშტებში ჩავრგე, ყველა ძირი გავახარე და ქალაქში ჩამოვარიგე. წითელი ნეკერჩხალი თესლით გავახარე, - ეს უიშვიათესი მცენარეა. ერთადერთი ძირი ქობულეთში, ტრასაზე მქონდა შეგულებული; თესლი რომ დაუვარგდა, დავთესე და ყველა ამოვიდა. ახლა ამ ულამაზესი ხით გავაჩირაღდნებ ჩემს ქალაქს... ტირიფის გახარებას კი დიდი ამბავი არ უნდა, - ტოტს მოტეხ, მიწაში ჩაასობ და ეგ არის.

- და ამ შრომას ისე ეწევით, რომ გროშის  შემოსავალს არ იღებთ...
-  ვის უნდა მოვთხოვო ფულის გადახდა, მაშინ გიჟი უნდა ვიყო. გულს უხარია და ვაკეთებ. სხვა რომ არავინ აკეთებს, გული მიკვდება. გამწვანების სამსახური კი გვაქვს, მაგრამ რას საქმიანობენ, არ ვიცი. ოფიციალურად რომ მქონდეს ამ საქმეში ხელის შეწყობა,  ბევრ რამეს გავუკეთებდი ჩემს ქალაქს.

- რაიმე ისეთი ხე თუ გაგიზრდიათ, თავად გაგკვირვებიათ, ეს როგორ მოვახერხეო?
- ჰო, ეგ ფინიკის პალმა იყო, - ვიყიდე მაღაზიაში ჩვეულებრივი ფინიკის ჩირი, მივირთვით ოჯახში და ყველას ვთხოვე, კურკები არ გადაყაროთ-მეთქი. რად გინდაო? გაუკვირდა დედაჩემს, - უნდა დავთესო-მეთქი. - მოხარშულ კურკას რა ამოიყვანსო! გაგიჟდა ქალი. აი, თუ არ ამოვიყვანე, ისეთი ლამაზი პალმა გავზარდე, გულს ახარებს; ნერგი მეზობელსაც მივეცი. საერთოდ, ნერგებს ყველას ვჩუქნი, ოღონდ იმათ, ვინც დარგავს და მოუვლის. სხვანაირად არ მივცემ, მცენარე ცოცხალია და არ შემიძლია ვუყურო, როგორ მოკლავენ.

- დეკორატიულ მცენარეებს თუ ახარებთ?
- სელექციონერი არ ვარ, არ ვიცი, რას რა მოჰყვება, მაგრამ მიხარია, როცა ექსპერიმენტი გამიმართლებს. ქოთნებში ბევრჯერ ჩამითესავს სხვადასხვა ფერის ყვავილები, მერე მათი თესლი დამითესავს და ერთი ულამაზესი ყვავილი მიმიღია. ხალხს ძალიან უკვირს, ამას რომ ნახულობს - როგორ აკეთებო? როგორ და ბუნების მადლით! ეს მადლი ადამიანს ასმაგად უბრუნდება. ღმერთმა თუ შემაძლებინა, ამ მადლს სიცოცხლის ბოლომდე ვუერთგულებ.
თეკო
25 აპრილი 2017 15:43
იქნებ ვინმემ დამეხმაროთ როგორ გავახარო წითელი ნეკერჩხალი
15 მარტი 2017 12:01
Kvelam ase rom izrynos da dargos ramodenime xe ramden sargebels moytans xalxsac,tavis shvilebsac da fytkarsac romelic gvtis nachykari mceria.gmertma xeli moymartos am ketil sakmeshi.
lali
16 დეკემბერი 2015 07:55
გამიხარდა, ღმერთმა დაგლოცოს. მეც ასე ვცხოვრობ, უსაშველოდ მიყვარს ნებისმიერი მცენარე, არ არსებობს ხელი მოვკიდო და არ გაიხაროს. მე მას ვეჩურჩულები, ვეფერები, ესმის მცენარეს ყველაფერი, ერთხელ ერთი ულმაზესი ყვავილი გაუხმა ქოთანში ჩემს შვილს, ნერვიულობდა, ამოვყარე ძველი მიწა და ახალი ჩავალაგე, თან ამ ყვავილს ბოლქვი მთლინად დამპალი და განადგურებული ქონდა, ერთი, ძალიან უწრვილესი რაღაც ძაფის მაგვარი 2 სმ-ის ტოლა ფესვისმაგვარი ვიპოვე სადღაც იმავე მიწაში, გადავრგე ახალ მიწაში... თან ვესაუბრებოდი, ვარწმუნებდი, რომ ის აუცილებლად გადარჩებოდა და იცოცხლებდა, ისე აგისრულდათ ყველაფერი :) ისეთი ულმაზასია, დედოფალივით ბრდღვიალებს. ყვავილსაც უხარია და მეც...:)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა