ყველაფერი ფუტკრისა და თაფლის შესახებ - კვირის პალიტრა

ყველაფერი ფუტკრისა და თაფლის შესახებ

საქართველოში თაფლს ოდითგანვე ამზადებდნენ, ჩვენმა ხალხმა კარგად იცოდა, რამდენად სასარგებლოა ეს უგემრიელესი საკვები ადამიანისთვის. ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთელი ჯაბა ჭეიშვილი ფიქრობს, რომ ფუტკრები გასაოცარი არსებები არიან, ბევრ რამეს გრძნობენ და პატრონის განწყობილების ამოცნობაც შეუძლიათ. ბატონ ჯაბას მაკვანეთში დიდი მეურნეობა აქვს და ბევრი საიდუმლოც იცის ფუტკრებზე.

- ფუტკარი ყველაფერს გრძნობს. თუ მეფუტკრე ცუდ ხასიათზეა, ჯობია, სკასთან არ მივიდეს, რადგან ფუტკრები ცუდად შეხვდებიან. ინსტინქტით გრძნობს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებსაც, ცუდი ამინდისთვისაც კი ემზადება. სკასთან უცოდინარი ადამიანი როცა მიდის, თუ გულში შიში აქვს, ფუტკარი ამასაც იგრძნობს. თუ ფუტკარი ადამიანს ჰკბენს, ესე იგი, ის რაღაც უარყოფითი ენერგიის მატარებელია.

- საქართველოში რამდენიმე დასახელების თაფლს ამზადებენ...

- უმთავრესად გავრცელებულია აკაციის, წაბლისა და ცაცხვის თაფლი. სხვა მცენარეები ამა თუ იმ ტიპის თაფლში შერეული სახით გვხვდება, მაგალითად, აკაციის ყვავილობას შეიძლება დაემთხვეს კავკასიური ხურმის ყვავილობა და თაფლს მისი ნექტარიც შეერიოს. მეფუტკრე ყოველთვის ხვდება, როცა თაფლი არ არის სუფთა აკაციის ან წაბლის და მასში სხვა მცენარეებიც არის შერეული.

- რით არის გამორჩეული აკაციის თაფლი?

- აკაციის თაფლი თეთრია, ძალიან კარგი გემო და არომატი აქვს. ზოგს აკაციის თაფლი კუჭს სტკენს, ხოლო წაბლისა - არა.  მარტო აკაციის კი არა, ყველა სახეობის თაფლი სასარგებლოა. როცა ადამიანი თაფლს სისტემატურად იღებს და ბუნებასთან ხშირი კონტაქტი აქვს, იგი გაცილებით მშვიდი, გაწონასწორებული და ჯანმრთელია. ამიტომაც გამოირჩევიან მეფუტკრეები ხანგრძლივი სიცოცხლითა და შესაშური ჯანმრთელობით.

- გარეგნულად წაბლის თაფლი სრულიად განსხვავდება აკაციის თაფლისგან.

- წაბლის თაფლს მუქი ფერი და მომწარო გემო აქვს. ზოგიერთს მწარე თაფლი ურჩევნია და ჰგონია, რომ ეს გემო მარტო წაბლის დამსახურებაა, მაგრამ ასე არ არის: წაბლს სხვა მცენარეებიც ერევა, რაც თაფლს ამწარებს. ხანდახან წაბლის ყვავილობას ემთხვევა ცაცხვის ყვავილობაც და ვიღებთ უფრო ღია შეფერილობის შერეულ თაფლს. არსებობს წყავის თაფლიც, რომელიც მწარეა და როცა წყავი წაბლს შეერევა, თაფლი მწარე გემოს იღებს.

- ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია ცაცხვის თაფლიც.

- ცაცხვის თაფლის ხარისხზე არავინ დაობს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ უმეტესწილად ცაცხვი წაბლთან არის შერეული. ეს თაფლი ძალიან სასარგებლოა იმიტომ, რომ ცაცხვის ყვავილებისგანაც წამალს ამზადებენ. ის საუკეთესოდ მოქმედებს აზროვნებაზე, ენერგიაზე. როცა ადამიანი გადაღლილია და გამოფიტულად გრძნობს თავს, სისტემატურად უნდა მიიღოს ერთი კოვზი თაფლი და ის ახალი ენერგიით აივსება. ოღონდ თაფლი არ უნდა იყოს აღებული ეკოლოგიურად დაბინძურებული ადგილებიდან. თაფლი რადიაციასაც ინარჩუნებს. ერთხელ გერმანიაში გაგზავნეს თაფლი გურიიდან, კერძოდ, ჩოხატაურიდან და რადგან მასში რადიაციის დონე მაღალი იყო, გერმანელებმა აღარ იყიდეს. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: როგორ გარემოში მოჰყავთ თაფლი, მეფუტკრე როგორ ექცევა ფუტკარს, როგორ უვლის, რა პრეპარატებს იყენებს. ამის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, რომ თაფლი სასარგებლო და ეკოლოგიურად სუფთაა.

- ახსენეთ, რომ საუკეთესო ალპური მდელოს თაფლია. რატომ?

- ეს მართლაც საუკეთესო თაფლია. მის მისაღებად საჭიროა ფუტკრის ალპურ ზონაში აყვანა. მისი სეზონი ახლა უკვე დაწყებულია, რადგან ბარში ყვავილობა დამთავრდა და თაფლს უკვე წურავენ, ალპურ ზონაში კი ყვავილობა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ოღონდ ფუტკარს ამინდმაც უნდა შეუწყოს ხელი. გვალვისას ყვავილში ნექტარი შრება და მას ფუტკარი ვეღარ იღებს. სასურველია, ღამით იყოს მცირეოდენი წვიმა და ნისლი, დღისით კი - დარი. ალპური მდელოს თაფლი მოდის გუმისთის ხეობაში, ბახმაროში, საირმეში.

აკაციის თაფლი უფრო დასავლეთ საქართველოში მოდის, წაბლის თაფლი კი ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით კარგია ის, რომელიც გურიაში, აჭარასა და რაჭაშია დაწურული. სხვათა შორის, სამეგრელოდან შემოვიდა მცენარე, რომელსაც ოქროწკეპლას ეძახიან. თაფლი მისგანაც მზადდება, ოღონდ - ძალიან დაბალი ხარისხისა. ის მალე შაქრდება და თითქოს ჭაობის გემო აქვს, მას ფუტკარიც კი არ ჭამს, თუ ახლოს სხვა მცენარის ნექტარი ეგულება.

თაფლთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენო კიდევ ერთი უნიკალური ნივთიერება - ფუტკრის რძე, რომელიც ენერგიის უშრეტი წყაროა. ერთი გრამი ფუტკრის რძე დღეს 3-დან 5 ლარამდე ღირს. ადამიანმა დღეში ნახევარი გრამი მაინც უნდა მიიღოს, ზოგი ერთ გრამსაც იღებს - ეს ინდივიდუალურია. ფუტკრის რძე მხედველობასა და აზროვნების უნარს აუმჯობესებს, კურნავს უშვილობას და ადამიანს ენერგიასაც მატებს. ამასთანავე, ეს არის სიბერის შემაჩერებელი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დედამიწაზე. ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ თაფლის ფასი და ბუნებისგან ნაბოძებ ამ უნიკალურ საჩუქარს შესანიშნავად იყენებდნენ.

გაითვალისწინეთ!

არ შეიძლება თაფლის ცხელ ჩაიში ჩასხმა, რადგან თუ წყალი მდუღარეა, ან 60 გრადუსს ზემოთ არის გაცხელებული, მასში შერეული თაფლი ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.

როგორ უნდა გავარჩიოთ ნატურალური თაფლი ფალსიფიცირებულისგან?

- შეიძლება 100 კგ თაფლისგან ვაჟინის ("სიროფის") შერევით 500 კგ მიიღო. საუბედუროდ,  ე.წ. თაფლი გემოთი ნამდვილს არ ჩამორჩება. ფალსიფიკატორები სასურველი გემოს მისაღებად თაფლს რაღაც პრეპარატებს ურევენ, მათ შორის, კარტოფილის ფქვილსაც...(!) გარჩევა ძნელია, თუმცა მაინც არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებით შეიძლება ნამდვილი  შერეულისგან განვასხვავოთ.

პირველ რიგში, არ იყიდოთ თაფლი ქუჩაში ან მაღაზიაში, თუ მას არ აქვს სათანადო ეტიკეტი. ყოველთვის ჯობია, შეიძინოთ სანდო ადამიანთან, ან მეფუტკრესთან, რომელსაც თვითონ ჰყავს ფუტკარი და თაფლს საკუთარი ხელით წურავს.

თაფლს კოვზით რომ ამოიღებთ და ჩამოასხამთ, თუ ნატურალურია, შუაზე ტყდება და წვეთი თითქოს ზემოთ, კოვზისკენ მიიწევს, ხოლო თუ თაფლი ნამდვილი არ არის, კოვზზე ჩამოიღვენთება და ჩამოვა. ნამდვილი თაფლი ენაზეც თითქოს დნება, ხოლო გაკეთებული - არა.

დაშაქრებულითაფლი არ ვარგა?

-  დაშაქრებული თაფლი  ნამდვილი თაფლია. ვაჟინიანი თაფლი არ შაქრდება, ან თუ დაშაქრდა, შაქარი მხოლოდ ჭურჭლის კიდეებზე კრისტალდება, ხოლო შუაში გაურკვეველი მასა რჩება. რისი ბრალია დაშაქრება? თუ, მაგალითად, წაბლში ან ცაცხვში შეერევა რომელიმე ისეთი მცენარის ნექტრის ერთი წვეთიც კი, რომელსაც სწრაფად ეწყება კრისტალიზაცია, ეს თაფლს ძალიან მალე დააშაქრებს, ამიტომ არის საჭირო თაფლის 40 გრადუსამდე წყალში გათბობა. ამ პროცესს მეფუტკრეები კარამელიზაციას ეძახიან. დაშაქრებისგან თავს ვერ დავიზღვევთ, რადგან ფუტკარს ვერ უბრძანებ, არ დაჯდეს ისეთ ყვავილზე, რომელიც თაფლის დაშაქრებას იწვევს. კარამელიზაციის დროს შეიძლება ქილა ჩადოთ წყალში, რომლის ტემპერატურაც 40-50 გრადუსზე მეტი არ არის. საღამოს ჩავდგამთ და დილას უკვე ჩვეულებრივი თაფლი დაგხვდებათ, მაგრამ თუ წყალი 60 გრადუსზე ცხელი იქნება, თაფლი ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს.

უძილობის და ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად

დილით ერთ ჭიქა წყალში გახსენით ერთი სუფრის კოვზი თაფლი, დადგით და საღამოს, დაძინებამდე დალიეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა უძილობისა და ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად. მშვიდი ძილიც გარანტირებული გექნებათ და თაფლის ნაყენი კუჭ-ნაწლავსაც მოგიწესრიგებთ.

თაფლის ნამცხვარი ნიგვზით

ინგრედიენტები:

მარგარინი 125 გ

კვერცხი 1

თაფლი 1 ს.კ.

შაქარი 3/4 ჭ

ფქვილი 1,5 ჭ

დაფქული ნიგოზი 1/2 ჭ

სოდა 1/2 ჩ.კ.

ძმარი 1 ჩ.კ.

კრემისთვის:

შესქელებული რძე 1/2 კოლოფი

კარაქი 150 გ

ვანილი

ნიგოზი მოსართავად

დამდნარი კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, თაფლი, სოდა ძმრით, ფქვილი, ნიგოზი და ვანილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, მართკუთხა კექსის ფორმაში და ვაცხოთ დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე, სანამ არ მომზადდება. მზა ბისკვიტი გავაგრილოთ.

დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ შესქელებული რძე. ბოლოს შევურიოთ ვანილი. ბისკვიტი სიბრტყეზე სამ თანაბარ ნაწილად გავჭრათ და წავუსვათ კრემი. ბოლო ფენას კრემის ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი ნამცხვრის ნაფხვენი და მოვრთოთ ნიგვზით. მივირთვათ მეორე დღეს.

ნამცხვრის ცომი უნდა იყოს კექსის ცომის სისქის. ფქვილი თანდათან ვამატოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. თუ მაინც გასქელდა, დავუმატოთ 2-3 ს.კ. რძე ან წყალი.

ხათუნა ჩიგოგიძე