კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

ღუმელში ბევრი ნაცარი გვიგროვდება, ზოგი დამწვარი ხეა, ზოგი ქაღალდი და ბალახი. რა ვუყოთ მას? გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ნაცრის სასარგებლო თვისებებზე.

კარლო ხარხელაური, დედოფლისწყარო

- მაგას რა კითხვა უნდა, ბატონო კარლო? - ღმერთის ნაჩუქარი, შესანიშნავი მინერალური სასუქი თუ გაქვს, მეურნეობაში უნდა გამოიყენო.

ადგილობრივი სასუქებიდან - ნაკელი, წუნწუხი, ფრინველის სკორე (სკინტლი), ტორი, მწვანე სასუქები (ბარდა, ცულისპირა, ცერცველა, ჩიტფეხა, ძაძა, ლობიო, სოია, კურდღლისფრჩხილა, იონჯა, სამყურა, ესპარცეტი და სხვ.), ერთ-ერთი საუკეთესო მინერალური სასუქია ნაცარი. მცენარეული ნაცარი კალიუმ-ფოსფორ-კირის შემცველი სასუქია. ხის ნაცარი შეიცავს 2,5-3,5% ფოსფორს, 6-10% კალიუმსა და 30-35% კალციუმს. მზესუმზირის ნაცარი შეიცავს 2,5% ფოსფორს, 36,3% კალიუმსა და 18% კალციუმს. გარდა ფოსფორისა, კალიუმისა და კალციუმისა, ნაცარი შეიცავს მაგნიუმს, მოლიბდენსა და სხვ.

ნაცარი კარგ შედეგს იძლევა მარცვლეული კულტურების მოსავლის გადიდების საქმეში. ის საკმაოდ ეფექტურია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის, მაგრამ განსაკუთრებით კარგად მოქმედებს კარტოფილის ძირხვენებისა და ბოსტნეული კულტურების გასანოყიერებლად.

ამგვარად, თქვენ გქონიათ სასოფლო-სამეურნეო ყველა კულტურის მოსავლიანობის გაზრდის შანსი და ნუ გაუშვებთ მას ხელიდან. ოღონდ იცოდეთ, ნაცარი უნდა ინახებოდეს მშრალ, დახურულ შენობაში, რათა არ დასველდეს და მისგან არ გამოირეცხოს საჭირო საკვები ნივთიერებები.

თეთრი ყურძნის, თბილისურის სამი ფესვიანი ძირი დავრგე. სამივე წამოვიდა, როგორც ჩაის ბუჩქი. რა ვქნა, შემოვაცალო ქვემოთა ყლორტები? მირჩიეთ.

ანზორ ნათელაშვილი, ბულაჩაური

- დატოვეთ მხოლოდ ორი კარგად განვითარებული ამონაყარი, დანარჩენები შეაცალეთ. დაუსვით ჭიგო და რბილი ქსოვილის ჩამონაჭრით (ჯობია ტრიკოტაჟის) კარგად მიაკარით ზედ. რამდენიც წამოიზრდება, იმდენჯერ აახვიეთ. დროთა განმავლობაში, ფოთლის იღლიაში გაჩნდება ნამხარი, რომელიც გამოჩენისთანავე უნდა შეაცალოთ. არ მოაკლოთ წყალი და სასუქი. მორწყვის შემდეგ აუცილებლად გაუფხვიერეთ მიწა.

სათბური გაკეთდა პოლიეთილენით. ასეთ შემთხვევაში რა პერიოდულობით არის მორწყვა საჭირო და რომელი მეთოდით ჯობს - დასხურებით თუ მიშვებით? ისიც მაინტერესებს, ფანჯრები სისტემატურად უნდა იყოს ღია? სათბურში მაქვს კიტრი და პამიდორი.

ზურაბ ბოლქვაძე, ხულო

- სათბური კარგად უნდა ნიავდებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფანჯრები სულ ღია იყოს. საჭიროების მიხედვით გააღეთ და დახურეთ.

ჩითილის ზრდისა და ყვავილობის პერიოდში ტემპერატურა მზიან ამინდში დღისით უნდა იყოს 24-28 გრადუსი, ღრუბლიან ამინდში - 20-24 გრადუსი დღისით, ხოლო ღამით 12-დან 16 გრადუსამდე. ნაყოფმსხმოიარობის დროს ტემპერატურა ღამით უნდა აიწიოს 18-დან 20 გრადუსამდე. სასურველია ტენიანობა 60-70%, რომელიც სიმწიფის პერიოდში უნდა დავწიოთ 50%-მდე.

მორწყეთ კვალში მიშვებით და არა დაწვიმებით. მორწყვა ჯობია დღის პირველ ნახევარში, რათა საღამო ხანს განიავდეს და ტენიანობამაც დაიწიოს. ყოველი მორწყვის შემდეგ, შეშრობისთანავე გააფხვიერეთ ნიადაგი, რომ არ გამოშრეს.