ქართული სიმინდის გადასარჩენად! - კვირის პალიტრა

ქართული სიმინდის გადასარჩენად!

"საქართველოში წარმოებული სიმინდის თესლი ეკოლოგიური სისუფთავით, მოსავლიანობითა და გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება რომელიმე უცხოურს"

საქართველოშიადამიანებისიმინდმა ბევრჯერ იხსნა ძნელბედობისას. ახლა "ვალის"დაბრუნებისდროა

ერთადერთი მარცვლეული, რასაც დეფიციტი არ შეხებია და რამაც ბევრი ადამიანი შიმშილისგან იხსნა, სიმინდია - ქართველმა გლეხმა გადასაშენებლად არ გაიმეტა 350-წლიანი კულტურა, რომელიც ბევრჯერ დახმარებია მძიმე დროების გადატანაში...

სიმინდი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავთ. რაკი ათეული წლების განმავლობაში ამ კულტურის სასელექციო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, თესლის ხარისხი შემცირდა, დაიმცრო ცალკეული ჯიშებიც. ქართველი მეცნიერების დიდი დამსახურებაა, რომ გაუქმებული სამეცნიერო ინსტიტუტებიდან საჯიშე თესლი წამოიღეს და შეინახეს იმ იმედით, რომ ოდესმე ქვეყანა მაYს მოიკითხავდა...

ზურაბ ჯინჯიხაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი: - იმ წლების მოგონება გაფრთხილებად უნდა გვექცეს - მცენარეთა სელექციისა და მეთესლეობის განვითარების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის განვითარება. როცა ჩვენი ინსტიტუტი დაიშალა, რამდენიმემ გადაყრილი სათესლე მასალა შინ წავიღეთ. დარწმუნებული არც ვიყავით, რომ ოდესმე ამ თესლს ვინმე მოიკითხავდა, მაგრამ გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი კახა ლაშხი, რომელმაც  დაგვარწმუნა:  თუ მხარს დამიჭერთ, ორ კულტურას მაინც მოვუვლი და მოვიყვან - სიმინდსა და ხორბალსო. ამისთვის მარნეულში, ლომთაგორაში მუშაობა შემოგვთავაზა სიმინდის ჰიბრიდებისა და ხორბლის ჯიშების გამოსაყვანად. ეს ხსნა იყო. ასე დავიწყეთ 2000 წელს მუშაობა. მას შემდეგ, არცთუ მცირე ასაკის ხალხი თბილისიდან მარნეულში ყოველდღე დავდივართ და ქართულ სიმინდს ვაშენებთ. მისი გადაშენება არ შეიძლებოდა - ეს კულტურა ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 350 წელიწადია, შემოსულია და ამ დროის განმავლობაში ქართველმა გლეხმა ის "გააქართულა". ძნელბედობისას ჩვენს გლეხს სიმინდით გაჰქონდა თავი, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში, სადაც მჭადი ყოველდღიური საკვები იყო.

- ბევრ ჩვენგანს ახსოვს დრო, როცა ქვეყანაში ხორბლისა და პურის დეფიციტი იყო. შემდგომში და დღემდე დეფიციტური აღმოჩნდა სხვა მარცვლეული კულტურებიც, გარდა სიმინდისა. ის როგორ აღმოჩნდა ასეთი გამძლე?

- ქართული სიმინდის ნამდვილი აღზევება და სასელექციო მუშაობა  XX  საუკუნეში დაიწყო. ამ დროს ქართველმა მეცნიერებმა საუკეთესო სიმინდის ჯიშები შევქმენით: "წეროვანი", "მცხეთა", "ქართული 9"... ისინი მთელ საქართველოში ითესებოდა.

მოგვიანებით, როცა პრაქტიკულად ყველა მარცვლეული კულტურა გადაშენდა, სიმინდი დარჩა, რადგან საკვებად შეუცვლელი აღმოჩნდა.  გლეხმა იცის, რომ ქართული სიმინდი საუკეთესო და უნიკალურია. ამიტომ ის წლიდან წლამდე სიმინდის მოსავლიდან საუკეთესო ტაროებს არჩევს, ინახავს და მეორე წელიწადს თესავს. ეს ტაროები, ალბათ, ყველას გვინახავს სოფელში, სახლის აივანზე გასაშრობად ჩამოკიდებული, ანდა სასიმინდეებში შენახული. სწორედ ეს არის გლეხური სელექცია. გლეხი სელექციონერები ფასდაუდებელ დახმარებას უწევდნენ მეცნიერებას - მათი მოყვანილი სიმინდის მოსავალი ის მასალაა, რომელზეც  მეცნიერებს საუკეთესო ჰიბრიდული ჯიშების გამოყვანა შეუძლიათ.

ჰიბრიდული ჯიშების გამოსაყვანად საჭიროა გენეტიკურად განსხვავებული ჯიშების შეჯვარება; რაც მეტად გეოგრაფიულ-გენეტიკურად დაშორებული იქნება ეს ჯიშები, მით უკეთესი. თავის დროზე სიმინდი შესაჯვარებლად უცხოეთიდანაც შემოგვქონდა: ბელგიიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან. ლომთაგორაში ეს კავშირები აღვადგინეთ. 2000 წლიდან დღემდე სიმინდის 5 ჰიბრიდი შევქმენით. სიმინდის გამოყვანა სპეციფიკურია და სხვა მარცვლეული კულტურებისგან განსხვავდება. შეჯვარებისთვის საწყისი მასალაა წინასწარ თვითდამტვერილი სიმინდის ხაზები (ასე ვეძახით შესაჯვარებელ მასალას). თვითდამტვერვა საინტერესო პროცესია: სანამ განაყოფიერდება, სიმინდის ულვაში და ტარო პარკში უნდა მოთავსდეს; ულვაშიდან მტვერი ჯერ კიდევ განუვითარებელ ტაროს ჩაეზრდება და გაანაყოფიერებს. ეს პროცესი იმით არის საინტერესო, რომ ამ დროს ხდება მცენარის გენეტიკური გასუფთავება, ესე იგი, ყველა გარედან შეძენილი უარყოფითი მახასიათებელი შორდება და რჩება მხოლოდ საკუთარი გენეტიკური თვისებები. როცა ასეთი გაჯანსაღებული სიმინდის ერთ ჯიშს ვუჯვარებთ მეორე ჯიშს, ამ დროს წარმოიქმნება ჰიბრიდი, რომელშიც თავმოყრილია ორივე  მშობელი ხაზის საუკეთესო გენეტიკური თვისებები და მათგან მიღებული შთამომავლობა  (ჰეტეროზისის შედეგად) გვაძლევს დიდ მოსავალს.

რა თქმა უნდა, ყველა ჰიბრიდს ვერ ექნება საუკეთესო მოსავლიანობა და გამძლეობა. ლომთაგორაში რომ 80 ჰიბრიდიდან 5 საუკეთესო მივიღეთ, უკვე დიდი გამარჯვებაა. ჩვენი მიღებული ჰიბრიდებიდან 3 საუკეთესოა საფურაჟე მეცხოველეობაში, ხოლო 2 სასურსათოა. ყვითელ საფურაჟე ჰიბრიდს უკვე წარმატებით იყენებენ კახეთში, რადგან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს შესანიშნავად ეგუება. ყველა ეს ჰიბრიდი გათვლილია ადგილობრივ ჰავასთან შეგუებაზე. რაც შეეხება ქართული სიმინდის უძველეს ჯიშებს, მათ, ძირითადად, ხელუხლებლად ვინახავთ და ახალ ჯიშებზეც ვმუშაობთ. მათ გამოყვანას დრო სჭირდება.

რამდენიმე სიტყვა უხვ მოსავალზეც: ლომთაგორაში ჩვენი თესლით სიმინდის სარეკორდო მოსავალი მოგვყავს, - ჰექტარზე 10-15 ტონა და თანაც - გენეტიკურად სავსებით ჯანსაღი. ოღონდ თუ ასეთი უხვი მოსავლის მიღება გვინდა, აგროტექნიკაც გამართულად და სწორად უნდა მუშაობდეს, - იქნება ეს ნიადაგის დამუშავება, კულტივაცია, მინერალური სასუქების შეტანა თუ სხვა... სიმინდის მოყვანა დაუღალავ შრომასა და ცოდნას მოითხოვს. ზოგს ჰგონია, მიწას ლომთაგორიდან წაღებულ თესლს თუ მიაბარებს, ხელის გაუნძრევლად მიიღებს უხვ მოსავალს, მაგრამ ასე არ არის. ამ თესლს გამართული აგროტექნიკაც უნდა ესადაგებოდეს.

ჩვენ, ძველი მეცნიერები, იმას ვწუხვართ, რომ არ დაგვცალდა მესიმინდეობის დარგში ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდა. ვინც მომზადებული გვყავდა, ცხოვრების პირობების გამო საქმეს ჩამოსცილდა, ახალი კადრების მომზადების საშუალება კი აღარ გვაქვს. რაღა დავმალოთ და ძალიან გვიხარია, რომ ლომთაგორაში ხშირად მუშაობს ფერმერ კახა ლაშხის სამი ვაჟი - იქნებ რომელიმე დაინტერესდეს და ეს საქმე განაგრძოს.

- თქვენი გამოყვანილი სიმინდის ჰიბრიდები ჩამოგვითვალეთ...

- ესენია: "ლომთაგორა 1" - ყვითელი სიმინდის საფურაჟე ჰიბრიდი, 125 დღე სავეგეტაციო პერიოდით, პოტენციური მოსავლიანობა - ჰექტარზე 8-12 ტონა მარცვალი; კარგად ეგუება აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავ და დასავლეთ საქართველოს ზონებს.

"ლომთაგორა 2" - მოწითალო-ყვითელი ფერის სასურსათო სიმინდი. 130-135 დღეში შემოდის და საკვებადაც მეტად გემრიელია; მაღალპროდუქტიული, ოპტიმალური აგროტექნიკის პირობებში ჰექტარზე 6-8 ტონა მარცვალს იძლევა. კარგად არის შეგუებული დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ და ტენიან სუბტროპიკულ პირობებს.

"ლომთაგორა 3" - ესეც საფურაჟე ჰიბრიდია. ვეგეტაციის პერიოდი 130 დღეა და 1 ჰექტარზე 6-8 ტონა მოდის. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს სარწყავი ზონებისთვის.

"ლომთაგორა 4" თეთრი სასურსათო ჰიბრიდია, სავეგეტაციო პერიოდი 140 დღეა, ღერო და ფესვთა სისტემა გამძლეა; რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობი ზონისა და აღმოსავლეთ საქართველოს იმ სარწყავი რეგიონებისთვის, სადაც ჰაერის ტემპერატურათა ჯამი არის 3900-4500 გრადუსი ცელსიუსით.

"ლომთაგორა 5"-იც თეთრი ჰიბრიდია, მაღალმოსავლიანი; სავეგეტაციო პერიოდი 141-143 დღე აქვს, გამძლეა და რეკომენდებულია იმავე რეგიონებისთვის\, რომელთათვისაც "ლომთაგორა 4".

- ზოგიერთი სიმინდის ჰიბრიდის თესლი მომავალ წელიწადს არ ითესება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე ასეთია?

- საზოგადოდ ჰიბრიდები მეორე წელს 30%-ით ნაკლებ მოსავალს იძლევა და ამის გამო მიზანშეუწონელია მისი რამდენიმე წელი თესვა, თუმცა ჩვენი ჰიბრიდებიდან ნებისმიერი თესლი შეიძლება დაითესოს, იწარმოოს და მოსავალიც უხვი მოვიდეს. ჰიბრიდის დამახასიათებელი თვისებაა ე.წ. ჰიბრიდული ძალა - ჰეტეროზისი ანუ უხვმოსავლიანობა. საჭიროების მიხედვით, შეიძლება გამოიყვანო სათესლე ჰიბრიდიც და ჯიშიც, ანუ სიმინდის მოსავალი მომდევნო წელიწადს დასათესად აღარ გამოდგეს და თავიდან ყიდვა გახდეს საჭირო. მეტად მნიშვნელოვანია, სიმინდის თესლი იყოს სუფთა, მიღებული ეკოლოგიურად, სელექციური მეთოდებით და არა გაურკვეველი წარმოშობისა, გენური ინჟინერიით მიღებული, რომელმაც  შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი შთამომავლობის გენეტიკურ ჯანმრთელობას.  სწორედ ასეთი, უმეტესად გაურკვეველი წარმოშობის ჰიბრიდი შემოიტანეს ბოლო წლებში ჩვენთან. რადგან იგი უცხოეთშია წარმოებული, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ იგი კარგია, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ  ლომთაგორაში წარმოებული სიმინდის თესლი მოსავლიანობითა და გამძლეობით არაფრით ჩამოუვარდება რომელიმე უცხოურს, არც ეკოლოგიური სისუფთავით და არც მოსავლიანობით.

მთელ მსოფლიოში მხოლოდ ქართველები, ვისაც ქართული სიმინდის წარმოებისა და მოხმარების დიდი ისტორია გვაქვს, მივირთმევთ თეთრ სიმინდს სასურსათოდ (მჭადის და სხვა პროდუქტის სახით). სხვაგან ასეთი ტრადიციები თითქმის არ გვხვდება და ამითაც განვსხვავდებით დანარჩEენი ხალხებისგან.

სიმინდი სამხრეთამერიკული კულტურაა

სიმინდი იმდენად საინტერესო კულტურაა, რომ ინკების, მაიასა და აცტეკების ცივილიზაციები საშენ მასალასა და ძვირფას ნივთებშიც ცვლიდნენ. XVI საუკუნეში სიმინდი ამერიკიდან ევროპაში ქრისტეფორე კოლუმბმა შეიტანა. პირველად ის ფრანგებმა და იტალიელებმა გააშენეს. უკვე XVII საუკუნეში იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი სიმინდს სამეგრელოს აღწერის დროსაც ახსენებს. XIX საუკუნის ბოლოსთვის სამურზაყანოდან 1 მილიონ ფუთზე მეტი სიმინდი გასაყიდად გადიოდა თურქეთში, მცირე რაოდენობით - საფრანგეთსა და იტალიაში.