ზეთისხილი ირჩევს კახეთს - კვირის პალიტრა

ზეთისხილი ირჩევს კახეთს

ზეთისხილი საქართველოში  ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში შემოუტანიათ უცხოელებს

ამას წინათ სიღნაღისკენ მიმავალმა გზაზე ზეთისხილის პლანტაცია შევნიშნე, თვალებს არ დავუჯერე. გავიკითხე და "ძაფის ბოლომ" იქვე, სოფელ მაშნაარში, ალექსანდრე ჩახნაშვილთან მიმიყვანა.

- ვინ არის ზეთისხილის პლანტაციის მფლობელი?

- იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი, მამია დუმბაძეა. მას ჰყავს აქაური პარტნიორებიც. პლანტაციაც მათ კომპანიას ეკუთვნის.

- კახეთში ამ კულტურისთვის კარგი ბუნებრივი პირობებია?

- ზეთისხილის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებია, მისი სამრეწველო პლანტაციები ასევე გაშენებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ საქართველოში ის ჯერ კიდევ  XIX საუკუნის დასაწყისში შემოუტანიათ უცხოელებს. გაშენებული იყო კახეთის სუბტროპიკულ ზონაში, კერძოდ, სოფელ ზემო ბოდბეში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. კომუნისტური წყობის დროსაც სცადეს წნორში პლანტაციის გაშენება, ნერგები ჩაყარეს, მაგრამ მერე რატომღაც თავი ვეღარ მოაბეს. ახლა ჩვენს ფირმას აქვს პლანტაციები როგორც კახეთში, ასევე მარნეულსა და გურიაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ყველაზე კარგი შედეგი კახეთში მოგვცა.

- ნერგები აქვე გამოგყავთ?

- ნერგები თურქეთიდან შემოდის. პირველ ნაყოფს ხე მესამე წელს იძლევა. შარშან პირველი მოსავალი - 8 ჰექტარზე 3 ტონა ნაყოფი ავიღეთ, საპატრიარქოს ვაჩუქეთ და მოსახლეობას დავურიგეთ. თან ვასწავლეთ, როგორ უნდა გამოეყვანათ, რომ მისი ჭამა შესაძლებელი ყოფილიყო. მოწყვეტილი ნაყოფი მწარეა. მას მარილში უნდა დამუშავება, თავისი ტექნოლოგია აქვს და მერე ხდება გემრიელი.

- მოსავალს როდის იღებთ?

- ნოემბერში. მკვახე ნაყოფი მწვანეა, ხოლო მწიფე - შავი. თუმცა არსებობს ისეთი ჯიშიც, რომელიც მწვანედ მწიფს. ზოგიერთი ჯიში ზეთის გამოსახდელად გამოიყენება, ზოგიერთი კი - კონსერვის დასამზადებლად და საკვებად.

- ზრდასრული ხე რამდენ ნაყოფს იძლევა?

- 10 წლის ხე უკვე 40-50 კილოგრამ მოსავალს გვაძლევს, 1 ჰექტარზე გაშენებული ბაღიდან 20-25 ტონა მოსავალი მოდის. შემდეგ მას ახარისხებენ - წვრილი ნაყოფისგან ზეთს ხდიან, მსხვილს საკონსერვო წარმოებაში გზავნიან.

- ზეთისხილი ძნელი გასაზრდელია?

- არა, პირველ ორ წელიწადს სჭირდება ყურადღება, მიწას - სარეველებისგან გაწმენდა, მორწყვა, ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმება და საჭირო სასუქის შეტანა. შემდეგ უკვე დამოუკიდებლად იზრდება. ზეთისხილს მხოლოდ ყინვის "ეშინია". 7-8 გრადუს ყინვას უძლებს, მაგრამ ამ ზამთარს 12 გრადუსამდე ჩამოვიდა თერმომეტრის მაჩვენებელი და ცოტა "შეაშინა" მცენარე, თუმცა არ გაფუჭებულა. ეგ არის, წლეულს აღარ დაისხა. გამხმარი ტოტები შევაჭერით და გაისად ისევ მოგვცემს მოსავალს. მცენარე 22 გრადუს ყინვაზე კვდება.

- რა ჯდება 1 ჰექტარი პლანტაციის გაშენება, სანამ ის სრული დატვირთვით "ამუშავდება"?

- ნერგი 5-6 ლარი ღირს, 1 ჰექტარზე 550 ძირი ირგვება. 1 ჰექტარის გაშენებას დაახლოებით 5 ათასი ლარი სჭირდება. ამ თანხაში იგულისხმება შემოღობვა, მიწის დამუშავება, ნერგები და მუშახელიც. თუ ადგილი ბარდებით არის სავსე, მაშინ ცოტა უფრო ძვირდება, რადგან გასუფთავებაც ხარჯს მოითხოვს. მეორე და მომდევნო წლებში 1 ჰექტარი პლანტაციის შენახვა 1.500-2.000 ლარი ჯდება.

- ზეთისხილის დაკრეფა ძნელი და მძიმე სამუშაოა?

- არც ისე. უბრალოდ, უბარაქო დასაკრეფია. დაბერტყვაც შეიძლება, მაგრამ ასე ნაყოფი ზიანდება და მხოლოდ ზეთის წარმოებისთვის გამოიყენება.

- რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

- კახეთის რეგიონში სხვადასხვა ფირმას 300 ჰექტარი პლანტაცია აქვს გაშენებული. აქედან ჩვენი 80 ჰექტარია. 15-კაციანი ბრიგადა გვყავს, რომელიც მუდმივად მუშაობს. ჩვენ პირველი მერცხლები ვიყავით. პროფესიით აგრონომი ვარ, მაგრამ ზეთისხილი ჩემთვისაც უცხო კულტურა იყო, ამიტომ თავიდან რამდენიმე თვე ტრენინგებზე დავდიოდი. შემდეგ ეს 15 მუშაც მოვამზადეთ და ხელშეკრულება გავუფორმეთ. თუმცა სეზონზე 15 კაცი საქმეს ვერ აუდის და მუშებს ვიმატებთ. შარშან, მაგალითად, 60 ადამიანი გვყავდა დასაქმებული.

გაისად დაიწყება ზეთისხილის გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ვაპირებთ სანერგე მეურნეობის გაკეთებასაც და სხვადასხვა ჯიშის ზეთისხილის აქვე გამოყვანას. მერე აღარ დაგვჭირდება თურქეთიდან ნერგების ჩამოტანა, გავყიდით კიდეც. ეს ყველაფერი რომ ამუშავდება, 100 კაცზე მეტს დავასაქმებთ.

მარი ჯაფარიძე