ნატანებში 45 წლის აგავა აყვავდა
04-08-2014
ნატანებში 45 წლის აგავა აყვავდა
დღეგრძელი მცენარის "გედის სიმღერა"

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, ნანული ლომთათიძისაE და ელგუჯა თავაძის ოჯახში საოცრება მოხდა - 45 წლის ვერცხლისფერი დეკორატიული მცენარე, აგავა აყვავდა. ამის შესახებ დიასახლისმა, ქალბატონმა ნანულიმ თავად გვაცნობა.


ნანული ლომთათიძე: - მე და ჩემი მეუღლე 30 წლის წინ დავქორწინდით. თავიდან ჩემი მეუღლის მშობლების სახლში ვცხოვრობდით, რომლის ეზოშიც ჩემი დედამთილის დარგული 15 წლის ტყუპი აგავა ხარობდა.

- სად შეუძენია?
- ერთხელ კოლმეურნე ქალები გრიგოლეთში აბრეშუმის ჭიისთვის თუთის მოსატანად
წასულან და ჩემს დედამთილს იქ ერთი რუსი ქალბატონის ეზოში უცხო მცენარე უნახავს, მოსწონებია და მასაც ორი ძირი მიუცია. წამოუღია და ეზოში დაურგავს. უკვე მათ ოჯახში ვიყავი, როცა მამამთილმა თქვა - რაკი უფროსი ვაჟი (ჩემი მეუღლე) დასასახლებელი გვყავს, ავიღებ აგავას ერთ ძირს და მის მომავალ კარმიდამოზე
დავრგავო. ასეც მოიქცა... იმ მცენარის სიახლოვეს მალე საძირკველი ჩავყარეთ და სახლიც ავაშენეთ. მას შემდეგ აგავასთვის ხელი არ გვიხლია.

- რამხელაა თქვენი მცენარე?

- შეიძლება ითქვას, გიგანტური, თუმცა გადარგვამდე პატარა იყო. ახალმა ადგილმა, როგორც ჩანს, მეტი სტიმული, გასაქანი მისცა და კარგად გაიზარდა.  ყვავილები ძალიან მიყვარს, ბევრ მცენარეს ვუვლი და ჩემი ხელი აგავასაც მოუხდა... ცოტა ხნის წინ მისი ფოთლები გავზომეთ, თითოეული 2 მეტრია, მცენარის გარშემოწერილობა კი სამი მეტრი გახლავთ.

- აყვავება როდის და როგორ დაიწყო?
- ახლა უკვე ფოთლები ჩამოყარა. ასეთი მცენარეა, აყვავების შემდეგ მალე კვდება. ახლა, შეიძლება ითქვას, სიკვდილის პირასაა...

- მისი ყვავილობა "გედის სიმღერასავით" ყოფილა - ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ყვავის...

- კი, ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად...  აპრილში დაიწყო აყვავება. ბაღში საზაფხულო სამუშაოებისთვის რომ გავედი, რას ვხედავ - გულში წვრილი, კონუსისებრი რაღაც ჰქონდა წამოზრდილი და ერთდროულად ბევრი ფოთოლი ამოდიოდა. გამიკვირდა, რატომ დაიწვრილა ასე ფოთლები-მეთქი? კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, რაღაც განსხვავებული ამოდიოდა და ყვავილობას იწყებდა. იმის ნაცვლად, რომ ეს სასწაული გამხარებოდა, მეწყინა. ოჯახის წევრებს ამის შესახებ რომ ვუთხარი, ყველას სინანულის შეძახილი აღმოხდა, რადგანაც ვიცოდით, რომ ეს მის დასასრულს მოასწავებდა.

- ისე ჰყვებით, მეც გული დამწყდა...
- ამ მცენარის ყიდვა არაერთ ადამიანს უნდოდა, შემოგვთავაზეს თანხა, ავტომობილი "ნივაც" კი, მაგრამ ორი ბიჭი მყავს და მათ არ ქნეს, გვინდა, მისი აყვავება ვნახოთო. მართლაც, აყვავდა. გვიხარია, რომ არ გავყიდეთ.
- კარგად ვუვლიდი და გაზრდაში ხელი შევუწყვეო, ბრძანეთ. რას უკეთებდით?
- ვუყრიდი მინერალურ და ორგანულ სასუქს. როცა იზრდებოდა და ფოთლებს იცვლიდა, ძველებს ვაჭრიდი, ეს აუცილებელია. ზამთარში გულში რომ არ ჩაყინულიყო, ცოცხით თოვლსა და ყინულს ვფერთხავდი. იმხელა გაიზარდა, ზამთარში ვერც ვფუთავდი. თუმცა შეფუთვა უარესიცაა, შეფუთულს რომ დაათოვოს, გააფუჭებს.
ასე რომ, ახლა ჩვენს ეზოში სიცოცხლეს ვერცხლისფერი აგავა ემშვიდობება, რომელიც ამ წლების განმავლობაში ყინვასა და თოვლს უძლებდა. 1985 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ხანგრძლივი და სუსხიანი ზამთარი ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ მისთვის არაფერი დაუზიანებია. თუკი სადმე დასავლეთში აგავა იყო, ლამის ყველა ნანახი მაქვს და ამაზე დიდი ხნის არსად მეგულება...

- ცალკე ღერო მხოლოდ ყვავილობისთვის ამოვიდა?

- დიახ, ულამაზესია, სიმაღლით 8 მეტრი, სახლის სახურავსაც ასცდა. აპრილიდან რომ დაიწყო, ორი თვე იზრდებოდა, შემდეგ ერთი თვე კვირტებს იკეთებდა. ივლისის დასაწყისამდე ასე იყო დაკვირტული და ზემოთ მიმართული ვარჯით. შუა ივლისში აყვავება დაიწყო.
აგავა მექსიკური მცენარეა, უდაბნოს ყვავილი, მაგრამ გურიაში ამდენ ხანს სუბტროპიკულ ზონაში იყო. ჩანს, აქაურ პირობებს კარგად შეეგუა, იმიტომ, რომ უდაბნოში ცხოვრებისას, როგორც ვიცი, მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში გამოაქვს ღერო და ამ პერიოდშივე ყვავის. ჩვენთან ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვფიქრობ, აგვისტოს შუა რიცხვებამდე თუ მიაღწევს.

ყვავილი ჯერ ღეროს ქვედა ნაწილში გამოიტანა, მერე ყვავილმა ნელ-ნელა სართულებად დაიწყო ზემოთ ასვლა, ქვედა ყვავილები კი ამასობაში ჩამოჭკნა. ასე, სართულ-სართულ ჭკნება. ამაში ამინდმაც "შეუწყო" ხელი - წვიმები იყო, მერე კი მთელი დღის განმავლობაში მცხუნვარე მზე... ჩემი აზრით, ჩვენი აგავა რამდენიმე დღეში დაასრულებს "სიმღერას".

- ახლის გახარებას აპირებთ?
- ეზოში კიდევ მაქვს ორი ძირი, ოღონდ - 20 წლის, ამის "შვილები" არიან. 50 წლის ვარ და კიდევ მინდა აგავის აყვავებას მოვესწრო... მინდა, ჩემმა შვილიშვილებმაც ნახონ ეს სასწაული...

- იმ თქვენი აგავის ტყუპისცალს რა ბედი ეწია?

- ის ჩემმა მაზლმა გააჩუქა. ამ მცენარემ კი მე და ჩემს მეუღლეს ქორწინების 30 წლისთავზე  სიურპრიზი მოგვიწყო...


აგავა ერთხელ ყვავის

აგავა ამარილისისებრთა ოჯახის მცენარეა (ზოგი მეცნიერი აგავისებრთა ოჯახს აკუთვნებს). აქვს მოკლე ღერო და როზეტისებრად შეკრული დიდი, ხორციანი, ზოგიერთ სახეობას - ეკლიანი და ჭრელი ფოთლები. ყვავის ერთხელ, ჯიშების მიხედვით, 6-15 წლის ასაკში, მაისიდან აგვისტომდე. ეზრდება 10-12 მეტრი სიმაღლის ყვავილედის ყუნწი და უხვად გამოაქვს ყვავილი (17 ათასამდე). ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო კვდება. ცნობილია ამ მცენარის სამასამდე სახეობა. ველურად ის მექსიკაში ხარობს.


როგორ მოვუაროთ აგავას


სინათლე არ უნდა მოაკლდეს მთელი წლის განმავლობაში. ზამთრის დაბალ ტემპერატურას, 5-6 გრადუსსაც კი იტანს, მთავარია, მშრალ ადგილას იყოს.
აქტიური ზრდის პერიოდში მორწყვა მუდმივად უნდა, ოღონდ მორწყვიდან მორწყვამდე მიწას ოდნავ შეშრობა დააცადეთ. ზამთარში ყურადღების მიქცევაა საჭირო, რომ მიწა მთლიანად არ გამოშრეს.
განსაკუთრებული პირობები მცენარეს არ სჭირდება. ზოგი სახეობის აგავას წვეტიანი წვეროები შეიძლება სახიფათო იყოს ბავშვისთვის, ამიტომ მაკრატლით დაამოკლეთ. ტრანსპორტირებისას შეგიძლიათ შეფუთოთ - ფოთლები მალევე გადაიშლება და გასწორდება. თუ ქოთანშია, მშრალ ადგილას დადგით.

ლამაზიც, სასარგებლოც


აგავის ბევრი სახეობის ფოთლებისგან იღებენ ბოჭკოს და ამზადებენ თოკებს, ჯაგრისებსა და უხეშ ქსოვილს. ნარჩენებისგან მზადდება შესაფუთი ქაღალდი. მისი შაქრიანი წვენისგან ალკოჰოლიან სასმელს ამზადებენ. სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლების წვენი, რომლებიც თვისებებით ალოესას ჩამოჰგავს. აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ამოსახველებელი და სხვ. დანიშნულება. გამოიყენება შინაგანად და გარეგანადაც. მისი ერთი სახეობა (აგავე ატტენუატა) გამოიყენება ჰომეოპათიაშიც.

ლალი ფაცია
gogi
04 აგვისტო 2014 21:51
ზუგდიდში აყვავებული აგავა ამაზე ბევრად დიდი იყო

რედაქტორის რჩევით