კითხვა-პასუხი - კვირის პალიტრა

კითხვა-პასუხი

გოგრა მითესია ნახევარ ჰექტარზე. შარშან მოსავალი რომ ავიღე, 2 თვეში დამილპა.  მაინტერესებს, რაიმე დავაკელი? ან წყალი ხომ არ მომივიდა ბევრი?

ნიკო არინდაული, ახმეტა, ზემო ალვანი

- გოგრა სხვა კულტურებთან შედარებით ტენის ნაკლებად მომთხოვნია. სადაც კულტურა გეთესათ, იქ თუ პერიოდულად წვიმდა, მორწყვა არ არის საჭირო. გოგრას მხოლოდ გვალვების დროს რწყავენ. არ არის გამორიცხული, მორწყვას ევნო თქვენი მოსავლისთვის. აზოტოვანი სასუქი საერთოდ არ გააკაროთ. სასუქებიდან უხდება გადამწვარი ნაკელი და ხის ნაცარი, კარგია მზესუმზირის ნაცარიც.

სად შევიძინოთ ვაზის შესაფრქვევი გოგირდი?

ავთანდილ ოდიშვილი, წილკნის დევნილთა დასახლება

- გოგირდი, მცენარეთა ყოველგვარი დაცვის საშუალება, სასუქები და სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყო-იარაღი, თესლები შეიძინეთ მემამულეთა კავშირის მაღაზიაში, სამთო ქიმიის შენობაში.

ოთახის პირობებში ვზრდი ფორთოხალს. ყვავილობს, ნაყოფი გამოაქვს, მაგრამ ნაყოფი არ რჩება - ყვითლდება და სცვივა. უხმება ფოთოლიც. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, რა ვუშველო?

მამუკა გოგოჭური, თბილისი

- თქვენს ფორთოხალს ეგ მრავალი მიზეზის გამო შეიძლება სჭირდეს - ნიადაგის უვარგისობა, ქოთნის ზომა, სასუქების ნაკლებობა, ტემპერატურა, ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა. თუ ესენი ყველაფერი ნორმაშია, შეიძინეთ ბიოენერგოაქტივიზატორი "ბიორაგი" დავით აღმაშენებლის #20-ში არსებულ მაღაზიაში - აგროინვესტი.