"პატარა აფხაზეთი" გლდანში
25-08-2014
"პატარა აფხაზეთი" გლდანში
თუ გული გულობს, ბაღ-ბოსტანი მრავალსართულიან კორპუსთანაც გაშენდება

"70-ზე მეტი სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ყვავილი მაქვს, ფოთლოვანიც, ყინვაგამძლეც"


გულნაზი თუთისანისა და უშანგი გიორგობიანის ოჯახი დღეს თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ცხოვრობს. ერთ დროს კი აფხაზეთში, ახალ კინდღში, უზარმაზარი სახლ-კარი ჰქონდათ და ნამდვილ წალკოტში იყვნენ.

მათი ბინა პირველ სართულზეა და ფანჯრების წინ, კორპუსის ორივე მხრიდან, მიწის პატარა ნაკვეთი  დაამუშავეს. გულმოდგინე შრომამ ნაყოფი გამოიღო და დღეს იქ ბაღნარია. ხარობს როგორც ყინვაგამძლე, ფოთლოვანი, წიწვოვანი, ასევე
ქოთნის ყვავილები (ბალბა, ბედნიერების ხე, აზალია, ვარდი, ბეგონია, გვიმრა, პატარძალა, კაქტუსი, ია, ხვიარები) და ეს ყველაფერი კორპუსში, იქ, სადაც ადამიანები ეზოების მოვლა-გალამაზებას დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

გიორგობიანებს შინ ვესტუმრეთ და მათი ეზო-კარის ხილვით ნასიამოვნები დავრჩით.


გულნაზი თუთისანი: - ეს მშვენიერი არსებები დიდ ენერგიას მაძლევენ. ყვავილებთან
რომ ვფუსფუსებ, ყველაფერი მავიწყდება.

- უამრავი ქოთნის ყვავილი გაქვთ და თითოეული საუკეთესოდ არის მოვლილი...
- დიდ დროს ვუთმობ მცენარეებს, ყურადღებას არ ვაკლებ. მათ დეპრესიისგან მიხსნეს, თან ისეთი ხელი მაქვს, ქოთანში ყვავილი უკუღმა რომ ჩავრგო, წაღმა ამოდის და ხარობს. სათითაოდ ყველას ვეფერები, ველაპარაკები. შვილებივით მყავს. შვილიშვილები რომ მოდიან, ვეხვეწები, - ხელი არ მოჰკიდოთ, არ მოწყვიტოთ, ესენი ცოცხლები არიან, მათზე უნდა იზრუნოთ-მეთქი.

თავისუფალ დროს ჩემს მცენარეებს თავს დავტრიალებ.
კორპუსის უკან, ჩვენივე ფანჯრების წინ, პატარა მიწის ნაკვეთია და იქ ბოსტანი გავაშენეთ, ყველანაირი მწვანილი მომყავს, გუშინ კიტრიც კი დავკრიფე და ნესვის დამწიფებასაც ველოდები.
ქინძი, ოხრახუში, პიტნა, რეჰანი თუ ვინმეს სამეზობლოში სჭირდება, მომაკითხავს ხოლმე.

- საკვირველია, რომ ეს ყველაფერი 9-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ხდება...

- როცა ბაღისა და ეზოს გაკეთება გადავწყვიტეთ, შემოვსაზღვრეთ და აივნის მოშენება დავიწყეთ, მეზობლებს არ მოეწონათ. ახლა კი უხარიათ, ასე მოვლილ ეზოსა და ბაღს რომ უყურებენ.
მეუბნებიან, ზემოდან რომ ვიყურებით, გვსიამოვნებსო. არიან ისეთებიც, რომლებსაც მაინც არ მოსწონთ. ცოტა ხნის წინ ერთმა მითხრა, მოარღვიე ღობე, ყვავილებიც მოაშორე და აქ მანქანები კარგად დაეტევაო.
საერთო საცხოვრებელში რომ ვცხოვრობდით, ყვავილებს იქაც ვუვლიდი. აქ რომ გადმოვედით, 90 ქოთანი ია მოვიტანე. ყველანაირი ფერისა და ჯიშის მქონდა და იმ წელს, ბედად, ისეთი ყინვები დაიჭირა, რომ ყველა გამიფუჭდა. ახლა ისევ მოვამრავლე...
ჩვენი კორპუსის უკან ტერიტორია სარეველასა და ნაგავს მიაქვს. არადა, ხელს თუ გაანძრევ და მიწას დაამუშავებ, იქაურობას წალკოტად აქცევ.

- ბევრს მოუბაძავს თქვენთვის და სახლის წინ რამდენიმე მოსახლეს ბაღი გაუშენებია.
- სხვებმაც მომბაძეს, გაალამაზეს და გააკოხტავეს. ახალი მეზობელი გადმოვიდა და მითხრა, ისე მომწონს თქვენი ეზო, ზუსტად ასე უნდა გავაკეთოო და მეც მივეხმარე. ჩემმა ქმარმაც დააკვალიანა.

- მცენარეებს ყოველდღიურად უვლით?
- საღამოს ვრწყავ. ზოგჯერ ქარი ძალიან ამტვერიანებს ნარგავებს და ყოველ ფოთოლს ვრეცხავ... ამავდროულად მიწას გაფხვიერებაც უნდა და გამოცვლაც.

- მიწას რამდენ ხანში ერთხელ უცვლით?

- ყოველ წელს ცოტ-ცოტა მიწას ყველა ქოთანს ვაყრი და სამ წელიწადში ერთხელ მთლიანად ვუცვლი. კარგია, ჩარგვამდე ქოთანში კენჭების ჩაფენა... ასეთ დროს მიწა არ იტკეპნება, თან დრენაჟიც აქვს.

- რამდენი დასახელების მცენარე გაქვთ?
- 70-ზე მეტი სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ყვავილი მაქვს, ფოთლოვანიც, ყინვაგამძლეც. ზამთარში ქოთნის ყვავილები შინ შემომაქვს და სათბურს ვუწყობ კორიდორში. ვზრუნავ, რომ არ გამიხმეს.

- ზამთარში რამდენჯერ რწყავთ?
- ზამთარში მორწყვა ხშირად არ უნდა. ზოგიერთი ერთ-ორ კვირასაც რომ არ მორწყა, არაფერი უჭირს, ზოგისთვის კი წყალი სამ-ოთხ დღეში ერთხელ აუცილებელია.

- ნიადაგს რით ანოყიერებთ?
- ყოველ გაზაფხულზე ჩემს მეუღლეს ნაკელი მოაქვს. ისე, აქ ცუდი და ჭიებით სავსე მიწაა, ყველას უკვირს, რომ აქ ასეთ ყვავილებს მაინც ვახარებ.

- გავიგე, თქვენს ეზო-კარს "პატარა აფხაზეთსაც" ეძახიან...
- მეც ხშირად მსმენია, აფხაზეთივით მოგიწყვიათო. ერთი კვირის წინ ვიღაც კაცმა გამოიარა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი სილამაზისთვისო. ევროპა შემოვლილი მაქვს და იქაც ასეთი პატარა ეზოები, ღობეები იციან, იქაურობა მწვანეშია ჩაფლული...

კინდღში საოცარი ბაღი მქონდა, ყველანაირი ჯიშის ვარდი და კამელია ხარობდა.

- დასასრულ, რას ურჩევდით კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს?
- მოამრავლონ ქოთნის ყვავილები, ამით გუნება-განწყობასაც გამოიკეთებენ და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებენ. მიხედონ მათ წინ არსებულ პატარა ნაკვეთებს. ყველამ უნდა შევიყვაროთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, რათა მეტი სიამოვნება მოგვანიჭოს.

ლალი ფაცია
qqq
28 აგვისტო 2014 23:43
კახეთისნაირი მოუვლელი ეზოები არსად მინახავს. საღორე საქათმე ყველაფერი ერთ ეზოში აქვთ
tbilisi
28 აგვისტო 2014 10:28
ნინო ისე გირჩევ დასავლეთ საქართველოს გარდა საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოხვდე,ნუ ჩარჩები ერთ ადგილას დარწმუნებული ვარ გავლითაც არ ხარ ნამყოფი არსად შენი სოფლის გარდა:)
mziko
26 აგვისტო 2014 12:02
მართალია, სულაც არ არის რთული მიბაძონ ამ ქალბატონს სხვებმაც! განსაკუთრებით ქალაქებში იქნება კარგი და სასიამოვნო ! არ დაგეთანხმებით @ნინო , მე კახეთიდან ვარ და ჩვენთან უყვართ ეზოების მოწესრიგება, ყვავილებით გამშვენება! მე თვითონ ბევრი ყვავილები მაქვს ეზოში . :)

რედაქტორის რჩევით