თხილის გაყოფას გამრავლება ჯობია! - კვირის პალიტრა

თხილის გაყოფას გამრავლება ჯობია!

"ჩვენთან დაბალპროცენტიანი სესხების გაცემამაინც უნდა მოხერხდეს, რომ გლეხებმა თხილი გააშენონ"

"როცა თხილი მიწაზე ყრია, ხარისხი უფუჭდება, ჩამბარებელს კი ხარისხიანი თხილის გული აინტერესებს "

ჩვენი ქვეყნის მადლიან მიწაზე არაერთი სასარგებლო, ხვავისა და ბარაქის მომტანი მცენარე ხარობს, მათ შორის ერთ-ერთი თხილია. ის უმეტესწილად სამეგრელოსა და გურიაში მოჰყავთ.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის მრჩეველს, ჯაბა ჭეიშვილს ოზურგეთის რაიონში თხილის მოზრდილი პლანტაცია აქვს.

- საქართველოში თხილის უამრავი ჯიში ხარობს, მათ შორის საუკეთესოა თხილი, რომელსაც გურიაში "ხაჭაპურას" ეძახიან, ძალიან გემრიელია "დედოფლისთითა", ე.წ. ბერძნული თხილი, ველური თხილი, რომელსაც "ტყიურას" უწოდებენ, ის ძნელად გასატეხია, მაგრამ ცხიმიანობით გამოირჩევა; არის "გულშიშველა", "ჩხიკვისთავა" და სხვ.

ბოლო წლებში თხილის პლანტაციები მომრავლდა, ბევრი ახლაც რგავს, მაგრამ  ჩვენი მეურნეები თხილს ისე ვერ უვლიან, როგორც საჭიროა, არადა, თუ ფერმერი თავიდანვე ყველა წესს დაიცავს,  გაცილებით მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებს.

თხილის პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის სრული ანალიზი - ფერმერმა უნდა იცოდეს, ნიადაგი რა ნივთიერებებს შეიცავს, რომელი ორგანული ან ქიმიური სასუქით უნდა გაამდიდროს თავისი მიწა. დიდი მნიშვნელობა აქვს დარგვასაც. თხილს ხშირად ქაოსურად რგავენ: არეულია მწკრივები, რიგები და არახელსაყრელი გარემო იქმნება ნერგის გასახარებლად.

ქართველ მეურნეებს ვურჩევდი, თხილი 7/1 მეტრის სქემით დარგონ - ეს ნიშნავს, რომ მწკრივში ნერგებს შორის მანძილი 1 მეტრი უნდა იყოს, ხოლო რიგებს შორის - 7 მეტრი. თუმცა, თხილი 5-4 მეტრის დაშორებითაც კარგად ხარობს.

აუცილებელია ხარისხიანი ნერგის დარგვა კარგი ფესვითა და ღეროთი. არ შეიძლება 1 ორმოში 2 ან მეტი ნერგის ჩარგვა. ნერგი გადავჭრათ 0,80-1 მეტრ სიმაღლეზე და ისე დავრგოთ. სასურველია ორმოების წინასწარ მომზადება და ნაკელით ან მინერალური სასუქებით განოყიერება.

თხილის მწკრივებს შორის თუ სიმინდს, სოიას, ლობიოსა და გოგრას დავთესავთ, ეს თხილს წაადგება, რადგან ყანის დამუშავება ხელს უწყობს მიწის აერაციას, უფრო სწრაფად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა ნიადაგში. თუ არაფერს დავთესავთ, მაშინ ნერგს აუცილებლად ირგვლივ უნდა შემოვუთოხნოთ 4-5 წლის განმავლობაში, ოღონდ მსუბუქად, ფესვები რომ არ დაუზიანდეს. როცა თხილი წამოიზრდება, 3-4 წლის შემდეგ, ბაღში სიმინდის დათესვა სასურველი აღარ არის. კარგი იქნება სოიის დათესვა, რომ ნიადაგი აზოტით უფრო გაჯერდეს.

- მავნებლები თხილსაც ეყოლება...

- სადაც თხილი მასობრივად არის დარგული, მავნებლებიც ჩნდებიან. უმთავრესი მავნებელი არის კვირტიტკიპა, რომელიც მაისის შუა რიცხვებიდან თხილის კვირტში ძვრება. 50%-ით ამცირებს მოსავლიანობას, თანაც ძალიან სწრაფად ვრცელდება. მეტად საშიშია  თხილის ცხვირგრძელა, რომელიც თხილის ნაჭუჭს ხვრეტს და კვერცხს დებს. გამოჩეკილი მატლი გულს ამოჭამს და ფერმერს ცარიელი, გაფუჭებული თხილი რჩება.

მავნებლების საწინააღმდეგოდ არსებობს როგორც ქიმიური, ასევე ბიოპრეპარატებიც.  მე ყველას ბიოპრეპარატების გამოყენებას ვურჩევდი: ის გარემოს არ აბინძურებს და ყველა მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე დაჰყავს.

თხილის პლანტაცია აუცილებლად უნდა დამუშავდეს 2-პროცენტიანი ხსნარით, შევურიოთ ერთმანეთს ბიოკატენა, აგროკატენა, ბოვერინი, ორგანიკა, ლეპიდინი და ფიტოკატენა. დამუშავება საჭიროა წელიწადში 3-ჯერ. ხსნარი თხილის ბუჩქებს უნდა მოვასხუროთ დილით ადრე ან საღამოს.

სამეგრელოში გავრცელებული ამბროზიის ხოჭო თხილის ღეროებს ხვრეტს და გულს ჭამს, თხილი ხმება და ბაღი ნადგურდება. ამ მავნებელთან ბრძოლა უფრო ძნელია და მის დასამარცხებლად სპეციალისტის კონსულტაციაა საჭირო - ფერმერებს კავშირი უნდა ჰქონდეთ აგრონომებთან, რომლებიც ასწავლიან ჯანსაღი მოსავლის მოწევას.

საჭირო აპარატია თხილის შემგროვებელი მანქანა, რომელიც თხილს ბუჩქიდან შეაგროვებს და გადაარჩევს კიდეც. როცა თხილი მიწაზე ყრია, ხარისხი უფუჭდება, ჩამბარებელს კი ხარისხიანი თხილის გული აინტერესებს.

არსებობს თხილის საშრობი მანქანები, რომლებიც თხილის შენახვას აადვილებს, მაგრამ ყოველივე ამას სახსრები სჭირდება.

ჩვენი ფერმერები თხილს  არასწორად აშრობენ. ჩამოყრილ თხილს მიწაზე დიდხანს აჩერებენ, ელოდებიან, ბოლომდე როდის ჩამოცვივდება, თან ჯიშებიც ქაოსურად აქვთ გაშენებული. ჯობს, მარტო ერთი ჯიშის შერჩევა - ისეთის, რომელიც ადრე მწიფდება და ნაკლები ჩენჩო მოჰყვება.

საადრეო ჯიშები ადრე შემოდის და კარგი ფასიც აქვს, მაგრამ ჩვენთან ყველა ჯიში ნაკლებად მოსავლიანია იმიტომ, რომ არც სასუქს აძლევენ, არც კომპოსტს და არც დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებს. წესით, ნაკვეთმა ყოველ წელიწადს უნდა მოგვცეს მოსავალი და ფერმერმა წინასწარ უნდა იცოდეს, რამდენს მიიღებს. შეგროვილ თხილს   პლასტმასის ან რკინის ჭურჭელში ინახავენ, თხილი ვეღარ სუნთქავს და ობდება. ყველაზე კარგია კალათი, ასევე ტომრებიც ბუნებრივი ქსოვილისგან.

ჩვენთან 1 ჰექტარზე საშუალოდ 1-დან 3 ტონამდე თხილს იღებენ, კარგი დაგეგმვითა და მოვლით კი თხილმა 5-დან 10 ტონამდე მოსავალი უნდა მოგვცეს.

თუკი სწორად მოვუვლით, 4-5-ჯერ მეტ მოსავალსაც მივიღებთ. თურქეთში 1 ძირი თხილიდან 5 კილოგრამზე ნაკლებ მოსავალს რომ მიიღებენ, უკმაყოფილო რჩებიან. იქ კი ოღონდ ფერმერს თხილი ჰქონდეს, ახალი ბაღები გააშენოს და საკმაო თანხას აძლევს სახელმწიფო. ჩვენთან დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა მაინც უნდა მოხერხდეს, რომ გლეხებმა თხილი გააშენონ.

- ქართული თხილი გემოთი გამოირჩევა.

- საქართველოში რომ თხილი მოდის, ისეთი გემრიელი არსად გვხვდება. სხვათა შორის, თურქეთშიც თხილი ჩვენს ყოფილ ტერიტორიებზე მოდის. იქ ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ არც ჩვენი ფერმერები არიან ნაკლებად მშრომელნი. ჩვენს მეურნეებს სულ ცოტა სტიმული და ინფორმაცია უნდათ, რომ ამ საქმით მეტად დაინტერესდნენ.

ასე სასარგებლო თხილი

თხილის ნაყოფის გული 58-71% ცხიმს, 14-18% ცილებს, 2-5% საქაროზას, B და E ჯგუფის ვიტამინებსა და რკინას შეიცავს. გამოიყენება საჭმელად უმად ან მისგან ამზადებენ კანფეტებს, კრემს, შაქარლამას, საუცხოოა თხილის ჩურჩხელა. დანაყილ თხილის გულს მცირე რაოდენობით წყალს ურევენ და მიიღება თხილის რძე, რომელიც ძალიან ყუათიანია და რეკომენდებულია ავადმყოფობით დასუსტებულთათვის.

მოხალული გულისგან მზადდება ყავის მსგავსი სასმელი, ფართოდ გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში, თხილის ზეთი არომატული და სასიამოვნო გემოსია, მას, გარდა კვების მრეწველობისა და საღებავების, პარფიუმერიაში, საპნის წარმოებაში იყენებენ. ზეთის გამოხდის შემდეგ ნარჩენი მასა ჰალვის დასამზადებლადაც გამოიყენება.

მერქანს იყენებენ წვრილმან სახელოსნო საქმეში, ყლორტებისგან წნავენ კალათებს, მსხვილი ღეროებისგან აცლილი ტკეჩისგან წნავენ მსუბუქ და გამძლე კალათებსა და გოდრებს. შეფოთლილი ყლორტებით ამზადებენ ვიტამინიზებულ მწვანე ნეკერს, რომელსაც ზამთარში ყველა სახის რქოსანი საქონელი ხალისით ჭამს.

ხათუნა ჩიგოგიძე