ათასად ჟოლო დაფასდა...
01-09-2014
ათასად ჟოლო დაფასდა...
"ჩვენი ერთ-ერთისიამაყე ყვითელიჟოლოა, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატიც აქვს და ათჯერ უფრო გემრიელია, ვიდრე ჟოლოს სხვა ჯიშები"

"ბუჩქს ე.წ. ძირგანახლების საშუალებას თუ მისცემთ, ერთი ბუჩქი 10-15 წელიწადისა და მეტი ხნის განმავლობაშიც მოგცემთ ნაყოფს"


ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჟოლო, რომლის მურაბა გაცივების დროს უებარ საშუალებად მიიჩნევა, ვარდისებრთა ოჯახის წევრია. გემრიელი, არომატული ნაყოფი საქართველოში ძირითადად საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ, არადა, ამ კენკრაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე იზრდება.
კასპის მიმდებარედ ჟოლოს სანერგე მეურნეობაა. კენკრის ჯიშები საგანგებოდ ადგილობრივი
კლიმატისთვის შეარჩიეს და იტალიიდან ჩამოიტანეს. ორ წელიწადში ჟოლოს 700 ნერგი 5 ათასად იქცა. ყველაზე მეტად აქ ყვითელი ჟოლოთი ამაყობენ, რომელიც, სხვა სახეობის კენკრასთან შედარებით გემრიელი და არომატულია.



გიორგი ნაცვლიშვილი, ფერმერი:

- ამ რაიონში კენკროვანების პლანტაციის გაშენების იდეა ჯერ კიდევ 30 წლის წინ გაჩნდა. აქვე მახლობლად
მეცხოველეობის ფერმა იყო. ზაფხულში, როცა პირუტყვი იალაღზე იყო გასული საბალახოდ, ფერმაში დასაქმებულ ქალებს საქმე მხოლოდ დილა-საღამოს ჰქონდათ, როცა ძროხების მოწველის დრო დგებოდა. ფერმის მესვეურებმა მაშინ იფიქრეს, რომ კარგი იქნებოდა კენკროვანების პლანტაციის გაშენება. მის ნაყოფზე მოთხოვნა დიდია, მოვლა კი ნაკლებ ადამიანურ რესურსს მოითხოვს და სხვა საქმიანობასთან ერთადაც შესაძლებელია.

იდეის ავტორებმა იმ დროს კენკროვანთა სანერგე მეურნეობას ყირიმში მიაკვლიეს, მაგრამ ბარიერების გამო ნერგების საქართველოში ჩამოტანა ვერ შეძლეს, თუმცა 28 წლის შემდეგ იდეა მაინც აქციეს რეალობად და რამდენიმე ჯიშის კენკროვანი მცენარის ნერგები საქართველოში იტალიიდან ჩამოიტანეს. ახლა ამ სანერგე მეურნეობას მე და ჩემი მეგობარი გიორგი ებანოიძე ვუვლით. ჩემთვისაც და მისთვისაც ეს სანერგე მეურნეობა დამატებითი საქმიანობაა. მე ბანკში ვმუშაობ, მაგრამ სოფლის მეურნეობა ბავშვობიდან მაინტერესებს. პაპამ შემაყვარა სოფელი და სხვადასხვა დროს მქონდა ქერის, ლობიოს ყანები, კაკლის წარმოებასაც კი მივდევდი.

- ამბობთ, რომ ჟოლოს მოვლას დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ რა აუცილებელი პირობა უნდა გავითვალისწინოთ ამ კენკროვანის მოყვანისას?
- თუ ჟოლოს გააშენებთ, სასურველია, წვეთოვანი სარწყავი სისტემა მოაწყოთ. ხშირად უნდა მორწყათ, ოღონდ ყოველ ჯერზე ცოტა წყლით.

მავნებლებიდან ჟოლოს ყველაზე ხშირად ბუგრი უჩნდება, ამიტომ ორი-სამი ე.წ. ცისფერი წამლობა სპილენძის შემცველი პრეპარატებით აუცილებელია. ჟოლოსG "გამოკვებაც" სჭირდება და თუ წვეთოვან სარწყავ სისტემასთან ერთად სასუქსაც წვეთოვანი სისტემით მიაწვდით, საუცხოო შედეგს მიიღებთ.
პირველ წელს ჟოლოს ნერგი აუცილებლად უნდა გადაჭრათ ნიადაგიდან დაახლოებით 5-10 სანტიმეტრის სიმაღლეზე, რათა ახალი ამონაყარი-აღმონაცენი ამოვიდეს. ახალი ამონაყარის შემდეგაც უნდა გამოხშიროთ, რომ ყოველ აღმონაცენს შორის მანძილი 8-10 სმ იყოს. დროდადრო ბუჩქს ძველი, ხმელი და სუსტი ძირები უნდა გამოაცალოთ და ძლიერი ძირები დატოვოთ. მუდმივი განახლება ჟოლოსთვის სასურველია.

- ასეთ პირობებში რამდენი წელია ჟოლოს ერთი ბუჩქის სიცოცხლისუნარიანობა?
- თუ ყველა ამ პირობას დაიცავთ და ბუჩქს ე.წ. ძირგანახლების საშუალებას მისცემთ, ერთი ბუჩქი 10-15 წელიწადისა და მეტი ხნის განმავლობაშიც მოგცემთ ნაყოფს.
ჟოლოსა და ზოგადად, კენკროვანებზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ცოტა ხნის წინ ებრაელ ბიზნესმენებს შევხვდით, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, საქართველოდან ქილებში მოთავსებული კენკრის ასორტი გაიტანონ. რა თქმა უნდა, საქართველოში ამ რაოდენობით კენკრა არ მოჰყავთ, რაც ძალიან საწყენია. ადგილობრივ სუპერმარკეტებში ძირითადად იმპორტირებული - თურქული და პოლონური გაყინული კენკრა იყიდება და საკმაოდ ძვირიც ღირს. კარგია, რომ დასავლეთ საქართველოში დაიწყეს ლურჯი მოცვის წარმოება, მაგრამ თუ ლურჯი მოცვი მხოლოდ კონკრეტულ მიკროზონაში, ჩაის პლანტაციების ნიადაგზე მოდის, ჟოლოს ან მაყვლის მოყვანა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება.

საქართველოში ჟოლოზე აქამდე შედარებით მცირე მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა მომხმარებელმა გააცნობიერა, რომ ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა. გარდა ამისა,
ჟოლო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. მაგალითად, ვაშლს ზოგჯერ 14-15 წამლობა სჭირდება, ჟოლოს კი 2-3 წამლობაც შველის და თან შესაძლებელია ამისთვის ე.წ. ბიოპრეპარატების გამოყენებაც.

- თუკი ჟოლოსა და სხვა კენკროვანებზე მოთხოვნა იზრდება, სანერგე მეურნეობასთან ერთად პლანტაციის გაშენებას არ გეგმავთ?

- პლანტაციას მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი სჭირდება, სანერგეს კი მხოლოდ ორნი ვუვლით. თუმცა სამომავლოდ, თუ ხელშეწყობა გვექნება, ვაპირებთ როგორც ჟოლოს, ასევე სხვა სახეობის კენკროვანების, მათ შორის - მოცხარის, ხურტკმლის, მაყვლის პლანტაციის გაშენებას.

- მეურნეობაში რამდენი სახეობის ჟოლოს ნერგი გაქვთ?
- გვაქვს ჟოლოს რემონტატიული ჯიშები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივად, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ჰქონდეს ბაღში ჟოლოს ნაყოფი. მაგალითად "ზეფა" ადრე გაზაფხულზე ყვავილობს და მოსავალი ადრეული აქვს, "ფარგოტი" კი მოგვიანებით, შემოდგომით ისხამს. ჩვენი ერთ-ერთი სიამაყე ყვითელი ჟოლოა, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატიც აქვს და ათჯერ უფრო გემრიელია, ვიდრე ჟოლოს სხვა ჯიშები. შავი ჟოლოც გვქონდა, მაყვლისა და ჟოლოს ერთგვარი ჰიბრიდი იყო, მაგრამ ჩვენს კლიმატურ პირობებს ვერ შეეგუა.

- როდის არის სასურველი ჟოლოს ნერგის დარგვა?
- ყველაზე კარგი დრო გვიანი შემოდგომაა - ნოემბრის თვე. თუმცა მანამდე სასურველია, ასე, ერთი კვირით ადრე, ნერგებისთვის ორმოების მომზადება. გვიან შემოდგომით გადარგული ნერგი უფრო ხარობს, ვიდრე ადრეულ გაზაფხულზე.

ჟოლოს ნერგი პირველივე წელს ყვავილობს, მაგრამ პირველი ყვავილი აუცილებლად უნდა გავაცალოთ, თუ გვინდა, რომ მეორე წელს კარგი მოსავალი მივიღოთ. თუ პირველივე მოსავალს აიღებთ, შემდეგი წლისთვის მცენარე შეიძლება დასუსტდეს და წვრილი ნაყოფი მოგვცეს.
ემზარი სუყაშვილი
22 ივლისი 2016 16:38
მე ვცხოვრობ ჰერეთში,აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,ქ.კახში.მინდა მოვაშენო ჯოლოს,რემონტატული ჯიშის ჟოლო,განსაკუთრებით მინდა მქონდეს ყვითელი ჟოლოს ნერგები.ჩემი ტელეფონის ნომერია790 34 45 05,მაგთიფიქსია.მხოლოდ ამ ნომრით შეგიძლიათ დაკავშირება აზერბაიჯანში.რადგან ნერგების გადმოტანა აკრძალულია აზერბაიჯანში,მინდა მცირეოდენის შეძენა.ძალიან გთხოვთ,რომ დამეხმაროთ ჟოლოს შეძენაში და დამიკავშირდეთ ამ ნომერზე,ან თქვენი ტელეფონის ნომერი გადმომცეთ.პატივისცემით,ემზარი სუყაშვილი.
ვანო
25 ოქტომბერი 2015 22:32
სად არის ეს მეურნეობა და თუ შეიცლება ნერგის ყიდვა?ჩემი ნომერი 599911426

ილია
10 მაისი 2015 23:24
მინდა მოვაშენო მისამართი ან ტელეფონი ვიყიდი ნერგს

597169438 ეს ჩემი ტელეფონია

რედაქტორის რჩევით