საყვარელი იხვის ჭუჭულები - კვირის პალიტრა

საყვარელი იხვის ჭუჭულები

მათ, ვისაც "მახინჯი იხვის ჭუჭული" წაუკითხავს, იხვის ჭუჭულები უნახავადაც ეყვარება. თუმცა, ისინი რეალობაშიც ლამაზები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყელმოღერებული მიდიან გუბურებისა თუ რუებისკენ. ამ დროს მათ ცქერას არაფერი სჯობს. გარდა ამისა, მათ მართლაც ნოყიერი ხორცი აქვთ, ფასი კი - მომგებიანი.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სოფელ კოდაში, იქ, სადაც წიწილებს ზრდიან, იხვებსაც აშენებენ. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ბუნებრივი წყაროები და არხის წყალი ჩამოდის - იხვს ხომ ძალიან უყვარს წყალი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სადაც წყალია, იხვის გაზრდა ყველგან შეიძლება. მიხეილ ალადაშვილიც ზრდის იხვის ჭუჭულებს კოდაში. გამრჯე ქართველი კაცი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ მისი ოჯახი ფეხზე იდგეს. იხვების გაყიდვით ოჯახს საარსებო თანხა შემოსდის, იხვის გემრიელ კერძებს კი ბატონი მიხეილის შვილიშვილები სიამოვნებით მიირთმევენ.

-  კოდა ცნობილია ქათმებით. ზოგიერთ წელიწადს 2-3 ათასი ფრთა წიწილაც მყოლია, მაგრამ ქათამთან შედარებით იხვი თითქოს ადვილად იზრდება და მომგებიანიც არის. იხვს თავისით მჭამელ ფრინველსაც ეძახიან - წყალზე რომ გარეკავ, თავადვე პოულობს საკვებს.

ჩემმა ძმამ რამდენიმე კვერცხი მომიტანა, მოვსინჯოთ,  გამოვაჩეკინოთ და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვაო.  იხვის ჭუჭულის გამოჩეკას 28 დღე სჭირდება. გამოჩეკილმა იხვის ჭუჭულებმა მომდევნო წელიწადს უკვე 120 ცალი კვერცხი დადეს და ასე დავიწყეთ მეიხვეობა...

იხვის ჭუჭულები გამოჩეკიდან ორი კვირა ძალიან მოსაფრთხილებლები არიან  - კარგად არ აქვთ ცხიმოვანი ჯირკვლები ამოქმედებული და არ უნდა დასველდნენ, თორემ დაიხოცებიან. არადა, წყალს დასალევად რომ დაუდგამ, თავით ეშვებიან! მოკლედ, ან თავზე უნდა დაადგე, ანდა ისე უნდა მოუწყო წყლის დასალევი ადგილი, რომ არ დაიხრჩონ. ორი კვირის შემდეგ კი გაცურვა შეუძლიათ.

სოფელში წყალი კი ჭირს, მაგრამ, საბედნიეროდ, ალგეთის არხი ძალიან გვშველის. თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხანდახან წყალში ნაჭყუმპალავები იხვები ბალახს კორტნით გაჰყვებიან და სადღაც შორს აღმოჩნდებიან ხოლმე. ამიტომ არხის ნაწილი მავთულის ბადით მაქვს შემოღობილი და როცა იქ იხვები ჩამყავს, კარს ვკეტავ, რომ არ დამეკარგონ. ჩემს პატარა შვილიშვილებს კი ჭუჭულების მოფერება უყვართ და პატარებს ხელში ხშირად იყვანენ ხოლმე, მე კი ვუშლი, - მართლა ძალიან საყვარელი და ფუმფულები არიან, მაგრამ ხელში ხშირად თუ აიყვან, ამან შეიძლება ავნოთ.

- შინაური იხვების ისეთი ჯიში არ არსებობს, რომელიც ცაში ახლაც დაფრინავს?

- მთლად გარეული იხვების მსგავსად არა, მაგრამ ახლა კოდაშიც ჰყავთ ინდური ჯიშის იხვები, რომლებსაც 100-იდან 300 მეტრამდე გადაფრენა შეუძლიათ. სხვათა შორის, მეც ვცადე მათი გამრავლება და ერთ მშვენიერ დღეს, როცა  გადამიფრინდნენ, ვთქვი, ამათ აღარ მოვაშენებ-მეთქი. კიდევ კარგი, თვალი მივადევნე და მივხვდი, სად დაფრინდნენ და გამოვრეკე, თორემ ვეღარასოდეს ვნახავდი. ახლა ჩვეულებრივი იხვები მყავს, რომლებიც არსად გადაფრინდებიან და საღამოს შინ ბრუნდებიან. სხვათა შორის, იმ მფრინავ იხვებს იმიტომ აშენებენ, რომ მამალი იზრდება ძალიან დიდი და ბევრ ხორცს იძლევა. თუმცა, არც ჩემი იხვები იძლევიან ცოტა ხორცს - თუ მოუვლი და კარგად კვებავ, მათმა წონამ შეიძლება ორ კილოგრამსაც მიაღწიოს.

- მაგრამ პატარებს, ალბათ, დიდი ზრუნვა სჭირდებათ, რომ ამ წონამდე მიაღწიონ...

- არა მხოლოდ იხვის ჭუჭულს, საერთოდ, ყველა ფრინველს უნდა მოფრთხილება. პირველ რიგში, გამოჩეკისთანავე, მშრალი ადგილი უნდა დახვდეთ და ასევე სიმშრალეში გაიზარდონ. სასურველია, თუკი პატარა ჭუჭულებს ნახერხს დავუყრით და გამოვუცვლით. ასევე სასურველია, მეორე დღესვე სპეციალური ვიტამინები მისცეთ - სამწუხაროდ, ეკოლოგიურმა პირობებმა ეს აუცილებელი გახადა. ადრე სოფელებში ისე ზრდიდნენ იხვებს, ვიტამინები არ სჭირდებოდათ.  მე იხვის გაზრდამდე საქმე არ მიმყავს. რამდენიმე ათეული ფრინველი მყავს და როცა მათი დადებული კვერცხებიდან ჭუჭულებს გამოვაჩეკინებ, მაშინვე ვყიდი. სამწუხაროდ, ინკუბატორი არ მაქვს. კი მინდა, მაგრამ ძვირია და  ვერ ვყიდულობ, ამიტომ კვერცხი გამოსაჩეკად იმ ადამიანთან მიმაქვს, ვინც ამ საქმიანობას მისდევს.

100 კვერცხიდან მხოლოდ 60-მდე ჭუჭული შეიძლება გამოიჩეკოს, მაგრამ ჩემთვის ესეც მოგებაა, დაიბადებიან თუ არა, ერთი ან 2 დღისას ვყიდი, თითოს - 2 ლარად. მოზრდილი იხვი კი 10-12 ლარი ღირს.

ხანდახან იმდენი მყიდველი მყავს, იხვი რომ აღარ მრჩება, მეუხერხულება კიდეც, მაგრამ რა ვქნა, იხვი ასეთია - კვერცხის დებას Yთებერვლიდან იწყებს და ივნისში ამთავრებს, ჭუჭულები კი უკვე აგვისტოს ბოლოს გაზრდილი არიან... დაახლოებით 60-მდე კვერცხისმდებელი იხვი მყავს და მას შემდეგ, რაც ჭუჭულების გამოსაჩეკად კვერცხებს გადავდებთ, ჩემი ოჯახი იხვის კვერცხს გემრიელად მიირთმევს. ეს ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო ცილებით სავსე პროდუქტია. ამას შეწვის დროსაც შეატყობ - დაკვირვებული ვარ,

როცა მაღაზიაში ნაყიდ კვერცხს წვავენ, როგორ აფუშფუშდება ტაფის სახურავამდე, მერე კი წამში თხელ ფირფიტად იქცევა. შინაური ფრინველის კვერცხს კი ასე არ ემართება, რადგან ის ჯანსაღი პროდუქტია...

- ალბათ, საკვებსაც ჯანსაღს აჭმევთ?

- აბა, რა. იხვის საჭმელი რომ ვიყიდო, მოგება არ დამრჩება. ამიტომაც თავად ვთესავ ჩემი ფრინველების საკვებს. შარშან, მაგალითად, ორი ტონა ქერი მოვიყვანე, შესაძლოა სიმინდიც დავთესო და ასე...

- ბატონო მიხეილ, გულწრფელად მითხარით, ოჯახში ასე ეგზოტიკურად ცნობილი იხვის ტოლმა თუ გაგიკეთებიათ?

- არა მგონია, მაგის გაკეთება მიუღწეველი რამ იყოს. ჩვენს ოჯახში იხვისგან მაგაზე უკეთესი კერძები მზადდება. მაგალითად: შემწვარი იხვი, ჩახოხბილი იხვი და იხვის საცივი...