გამოყვანილია საქართველოში: თუშური და იმერული
08-09-2014
გამოყვანილია საქართველოში: თუშური და იმერული
რით არის ქართული ცხვრის ორი ძირითადი ჯიში უნიკალური

თუშურ ცხვარს დიდ მანძილზე გადაადგილება არ უჭირს - წელიწადში ის 4 ათასამდე კილომეტრს გადის


ადამიანმა ცხვრის მოშინაურება უხსოვარი დროიდან დაიწყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მეცხვარეობას ქართველური ტომებიც უძველესი დროიდან მისდევდნენ. მითური არგონავტებიც ხომ კოლხეთში ოქროს საწმისის, ანუ მოოქრული ცხვრის ტყავის წასაღებად ჩამოვიდნენ... ქართული ცხვრის ჯიშებსა და თავისებურებებზე საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი მოგვითხრობს:

- საქართველოში გამოყვანილია ორი ადგილობრივი ჯიშის ცხვარი: თუშური და
იმერული. უფრო მეტად გავრცელებულია თუშური, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.

ჩვენებური ცხვარი ზაფხულობით, ძირითადად, ბალახით იკვებება, ხოლო ზამთარში, ბალახის ნაკლებობისას, დამატებით საკვებსაც ვაძლევთ - ეს შეიძლება იყოს 300-350 გრამი ქერი და 1,5-2 კგ მშრალი თივა. ძალიან კარგია ამ დროს სველი საკვების, ანუ სილოსის მიცემა, თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში
ამგვარი საკვები ცოტაა. ზაფხულში კი, როცა ბალახი ბევრია, ქართულ ცხვარს დამატებითი საკვები არ სჭირდება.

- რა არის ადგილობრივი ჯიშების გამორჩეული თვისება?
- ქართული ცხვრის მთავარი ღირსება ის არის, რომ ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე ბალახობს. მას დამატებით საკვებსაც არ აძლევენ, ამიტომ ეს, პრაქტიკულად, ბიოცხვარია. ქართულ ცხვარს აქვს თავისი ნიშა ბაზარზე. ის კარგად არის შეგუებული ადგილობრივ პირობებსა და კლიმატს. მისი ხორციც ეკოლოგიურად სუფთაა და ძალიან გემრიელი, ოღონდ თუ საჭირო კლიმატურ პირობებში ვამყოფებთ. განსაკუთრებული პირობების შექმნა ქართულ ცხვარს არ სჭირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუშურ ცხვარს ნესტიანი ჰავის გამო ძალიან უჭირს დასავლეთ საქართველოში გაძლება, იმერული ჯიშის ცხვარი კი მთაში ვერ ძლებს. ორივე თავის კლიმატს არის შეგუებული.

განსაკუთრებული მოვლა არც ერთ ჯიშს არ სჭირდება, მაგრამ რამდენიმე წესის დაცვა მაინც არის საჭირო. მაგალითად,თუ ზაფხულში თუშურ ცხვარს ბარში დატოვებთ, მას გაუჩნდება დაავადება, რომელსაც ხალხში ნაბარევს ეძახიან. ამ დაავადების წინააღმდეგ სპეციალურ პრეპარატებს იყენებენ,
რომელთაც პროფილაქტიკის მიზნით ვუკეთებთ. ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო, რომ ფარას ეს დაავადება არ მოერიოს. მისი სიმპტომები ასეთია: ცხვარს ეწყება ციებ-ცხელება, აღარ ჭამს, უხასიათოდ არის და ეტყობა, რომ რაღაც აწუხებს. სხვათა შორის, ნაბარევი დასავლეთ საქართველოში არ გვხვდება და ის იმერულ ცხვარს არ უჩნდება...
ისევე, როგორც ნებისმიერ ჯიშს, ჩვენებურ ცხვარსაც სჭირდება ჭიაზე აცრა და თურქულზე დამუშავება.

- გვალვას როგორ იტანს ცხვარი? ალბათ, ბატკნებს განსაკუთრებით უჭირთ...

- გვალვის დროს ბალახი ხმება და მთავარი პრობლემაც ეს არის. ახლაც გვალვაა და ბალახი ძალიან გვიჭირს. თუ ცხვარი კარგად ვერ ჭამს და ისედაც სუსტია, შეიძლება უჭმელობისგან დაიღუპოს. რამდენიმე ცხვრის ოჯახურ პირობებში მოვლა ადვილია, მაგრამ როცა იალაღებზე მიგვყავს, საკვების პრობლემა ექმნებათ. ეს ნაკლებად შეეხება ბატკნებს, რომლებსაც დედა ცხვარი ზრდის. ბატკანი ჯანმრთელი რომ იყოს, მშრალ ადგილას უნდა გყავდეს. მას ჩალასა და თივას ვუფენთ. თუმცა ბატკნებიც იხოცებიან. თუშურ ცხვარში 10-20%-ია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მიზეზი სხვადასხვაა: ზოგიერთი ბატკანი სუსტი იბადება, ზოგს დედა ვერ აჭმევს და ა.შ.

- ყველაზე მეტი ცხვარი რომელ ქვეყანაშია?
- კავკასიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, ცხვარი ჩვენზე მეტი ჰყავთ და მეტადაც მოიხმარენ, რადგან იქაურები, ძირითადად, ცხვრის ხორცს იყენებენ საკვებად. მსოფლიოში კი ყველაზე ბევრი ცხვარი ჩინეთშია - საშუალოდ 180 მილიონამდე. 70 მილიონი სულია ავსტრალიაში, სადაც მეცხვარეობა ძალიან განვითარებულია. შემდეგ მოდის ახალი ზელანდია და დიდი ბრიტანეთი (განსაკუთრებით, ირლანდია). უნდა ვახსენოთ ურუგვაიც - ამ ქვეყნებში ცხვარი ფართოდ არის გავრცელებული.

ჩვენ საშუალოდ 800 ათასი სული ცხვარი გვყავს. საბჭოთა პერიოდში მეცხვარეობა უფრო განვითარებული იყო, რადგან მაშინ მეტი საძოვარი გვქონდა, ქართველი მეცხვარეები დაღესტნის საძოვრებსაც იყენებდნენ, ახლა კი მხოლოდ ადგილობრივი საძოვრები დაგვრჩა. მოთხოვნაც არ არის დიდი - ცხვრის ხორცს საკვებად მარტო აღმოსავლეთ საქართველოში იყენებენ.


იმერული ცხვარი

იმერული ცხვარი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. უხეშმატყლიანია. მეცნიერთა ვარაუდით, წარმოიშვა კოლხური ნაზმატყლიანის შეჯვარებით სხვა ჯიშის უხეშმატყლიან ცხვართან. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს, 11-14 თვის თოხლი უკვე ბატკანს იგებს. სხვა ჯიშებთან შედარებით, მისი მაკეობის პერიოდი მოკლეა - 137-143 დღე.  თუშური ცხვრის წილი მთელი პოპულაციის 85-90%-ია, იმერულისა - 10-15%. იმერული ჯიშის ცხვარი უფრო ე.წ. საოჯახო დანიშნულებისაა. ოჯახში 3-5 სული ჰყავთ, სამაგიეროდ, ძალიან პროდუქტიულია - ერთ მოგებაზე საშუალოდ 2-3 ბატკანს იგებს, ხანდახან - 4-5-საც, თანაც - წელიწადში ორჯერ. ზოგიერთს შეუძლია, წელიწადში ხუთჯერაც მოასწროს მოგება. იმერული ცხვარი ძალიან სწრაფად მრავლდება, თუმცა წონით პატარაა - ყველაზე დიდი 50 კგ-ს იწონის. იმერულ ცხვარს არ აქვს ცხიმკუდი ანუ დუმა, თუშურს კი აქვს. გასულ საუკუნეში სცადეს ახალი ჯიშების გამოყვანა, რომელიც ამ ორი ქართული ჯიშის საუკეთესო თვისებებს გააერთიანებდა. ეს სელექცია ახლაც მიმდინარეობს.

თუშური ცხვარი

თუშური ცხვარი - ნახევრად დუმიანი ცხვრის ჯიშია. გამოყვანილია აღმოსავლეთ საქართველოს მომთაბარე მეურნეობის პირობებში, მრავალწლიანი ხალხური სელექციის გზით (XIII-XIV სს.) ქართული ცხვრების შეჯვარებით სხვა უხეშმატყლიან ჯიშებთან. თუშური ცხვარი კომპაქტურია, მაგარი აღნაგობისა, იტანს დიდ მანძილზე გადარეკვას და კარგად იკვებება მეჩხერ საძოვრებზე. აქვს კარგი ხარისხის ხორცი და თეთრი, ელასტიკური, მბზინავი მატყლი, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის ხალიჩებს ქსოვენ.

მოზარდი თუშური ცხვრის საშუალო წონა 30-დან 40 კგ-მდეა, ნერბისა - 45-დან 60 კგ-მდე, ხოლო ვერძისა - 65-დან 80 კგ-მდე. თუშური ცხვარი მომთაბარეა - ზამთარში ბარშია, ზაფხულობით კი ალპურ ზონაში, იქაურ იალაღებზე იკვებება. თუშურ ცხვარსაც ცვალებად კლიმატთან ადვილად შეგუების უნარი, სტრესის მიმართ მდგრადობა და ძლიერი ხასიათი აქვს. ეს თუშურ ცხვარს დიდ მანძილზე გადაადგილებას უადვილებს - წელიწადში ის 4 ათასამდე კილომეტრს გადის. ზაფხულში ცხვრის მთაში აყვანა აუცილებელია, რათა ის ძლიერი და ჯანმრთელი იყოს. იქ ბალახიც უკეთესია, თან მთაში ყოფნა ცხვარს დაავადებებისგან იცავს.

ხათუნა ჩიგოგიძე
lasha
15 სექტემბერი 2014 05:26
სტატიაში ნახსენები ე.წ. იმერული ჯიშის ცხვარი საგარეჯოში ჩამოიყვანეს, 45 სული იქნებოდა. ყველა ერთიანად გაწყდა. კლიმატს ვერ გაუძლო, თუ დაავადება შეხვდათ რამე...
არ ვიცი, რაშია საქმე
Heraclius
10 სექტემბერი 2014 20:21
ისე რა სირცხვილია; აზერბაიჯანელებს ცხვარი რათუნდაათ? ისინი თურქული მოდგმის ხალხია,(მესაქონლეობას მისდევდნენ მეცხვარეობას არა) ამაზე მეტყველებს ისიც რომ მუსლიმები არიან..არ აქვთ შეხება კავკასიის ალბანელებთან...ან ბრიტანელებს რად უნდათ ცხვარი, ახალ ზელანდიელებს, ჩინელებს კიდევ შეიძლება, ან ურუგვაელებს მითხარი რად უნდათ!
რეალურად კახელებს, ქართველებს უფრო გვჭირდება, როგორც დედამიწის ყველაზე ძველ ერს. აზერბაიჯანელებს ცხვარი მეტი ქონდეთ, გავს იმას რომ სპორტულად ვიტყვი; ს უ მ ო საქართველოში უფრო განვითარებული იყოს, ვიდრე იაპონიაში.
ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა მიპყრობს.
კახელები, თუშ-ფშავ-ხევსურები გამოირჩეოდნენ მეცხვარეობით.. სამწუხაროდ ახლა კომპიუტერმა შთანთქა ჩვენი გონება..ცოტა აზრზე მოვიდეთ, მეცხვარეობა მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის...მე გაცილებით მეტი ცხვარი მეგონა
იყო საქართველოში....ცხვარი ჩვენ გვჭირდება ვიდრე აზერბაიჯანელებს...
heraclius
10 სექტემბერი 2014 20:12
ჯერ ერთი, არგონავტების ბერძნები არ იყვნენ; იაზონი ქართველი ტომიდან იყო, ორფეოსიც, და აქა-იქა. არგონავტების დროოს საერთოდ საბერძნეთი, და ბერძნები არ არსებობდნენ, ჩამოყალიბებულებიც არ იყვნენ...
ეხლა რაც შეეხება ”ოქროს საწმისს”.ძალიან მოკლედ ვიტყვი; ოქროს საწმისში არ იგულისხმებოდა; არც პირდაპირი გაგებით ოქროს ვერძი, არც ოქრო ვერცხლი. არამედ იგულისხმებოდა მისტერიული სიბრძნე, ცოდნის მიდანი..არგონავტებმა ის მოიპოვეს!
მაგალითად; ბერძნები წერე; მთელს სამყაროში მხოლოდ ქართველები მკურნალობდნე ბალახებით გურიისკენო..აი ესეც შედის ოქროს საწმისის მოპოვებაში. შედის აგრეთვე ოქროებიც, მითებიც, მისტიკებიც, და ა.შ.
ოქროს საწმისი, კავკასიიდან წაიღეს; ქართველური მოდგმის შუმერებმა, ეგვიპტელებმა,(ძველი ეგვიპტელები, ამბობენ რომ კოლხები იყვნენ. ამაზე ეგვიპტური მითებიც მეტყველებს) წაიღეს არგონავტებმაც....
ვიცი რომ, ამ თემასთან შეხება არ აქვს ჩემს დაწერილს, მარა აუცილებელია სიმართლე იცოდეთ!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა