მსხალივით პამიდორი და ტკბილი კარტოფილი ჩვენთანაც გაიხარებს?! - კვირის პალიტრა

მსხალივით პამიდორი და ტკბილი კარტოფილი ჩვენთანაც გაიხარებს?!

ყვითელი და მსხლისფერია, მაგრამ არც მსხალია და არც რამე ხილი - როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ეს პამიდორი გახლავთ. ის საქართველოში, საცდელ ნაკვეთში მოჰყავთ. მასთან ერთად მოჰყავთ ბატატიც, ანუ ტკბილი კარტოფილი. დავინტერესდით, რა მიზანს ემსახურება ასეთი იშვიათი ჯიშის კულტურების ჩვენში დანერგვა. გვესაუბრება საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობის წევრი ანდრო ხეთერელი:

- საცდელ ნაკვეთზე უპირველესად ახალ კულტურებს ვცდით, ვამოწმებთ მათ ადაპტაციას ჩვენს პირობებთან და საქართველოს ბაზარზე დანერგვის პერსპექტივებს ვსწავლობთ. საუბარია როგორც ჩვენთვის ახალ კულტურებზე, რომლებიც საქართველოში არ მოჰყავთ, აგრეთვე, ჩვენში უკვე არსებული კულტურების იშვიათ ჯიშებზე. წლეულს პამიდვრის ოთხი და ბატატის (ტკბილი კარტოფილი) ერთი ჯიში მოვიწიეთ.

- თესლი ადგილობრივია?

- სათესლე მასალა ადგილობრივი არ არის. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია წარმოებული. ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე შევიძინეთ, ნაწილი უცხოელმა კოლეგებმა გვაჩუქეს, ნაწილი - გამოვიწერეთ...

- ეს უცხო მოყვანილობის პამიდორი მსხალს ჰგავს, ფერითაც ყვითელია...

- ეს ყვითელი პამიდორი მსხლისებრი ფორმისაა. მისი სათესლე მასალა მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, არსებობს მისი რამდენიმე ჯიში. ადგილობრივ ბაზარზე, პრაქტიკულად, ასეთი ფერისა და ფორმის პამიდორი არ გვქონია. ალბათ, ქართველი ფერმერებისთვის საინტერესო იქნება, რადგანაც თუ ჩვეულებრივი პამიდვრის 1 კილოგრამის ფასი 1-დან 2 ლარამდე მერყეობს, ამ პამიდვრის ფასი შესაძლებელია 5 ლარი და მეტიც იყოს...

- უჩვეულო ფორმის პამიდორს მოვლა ჩვეულებრივი უნდა?

- დიახ, მოვლა განსხვავდება ჩვეულებრივი პამიდვრისგან, თუმცა, წარმოების წესები, პრაქტიკულად, იგივეა.

- ბატატზე რას გვეტყვით?

- ბატატი შემწვარი ან მოხარშული გამოიყენება - ხილფაფის, ტკბილი სუპების, სხვა კერძების მოსამზადებლად, აგრეთვე, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში. ბატატის მიწისზედა ნაწილები (ღერო და ფოთოლი) საუკეთესო საკვებია პირუტყვისთვის - როგორც მწვანე, ისე დასილოსებული. ბატატის წარმოებისთვის კვლევა საქართველოში 80-იან წლებში ჩატარდა. მისი მოყვანა შესაძლებელია ყველა იმ რეგიონში, სადაც უყინვო პერიოდი 6 თვეს ან უფრო მეტხანს გრძელდება. წლეულს მისი წარმოება გამოცდის მიზნით ჩვენც დავიწყეთ.

- საცდელად გასაგებია, მაგრამ მისი მასობრივად დათესვა-გამრავლება ჩვენში რამდენად რეკომენდებულია?

- ჩვენი ბუნებრივ-კლიმატური პირობები ამ კულტურის წარმოების საშუალებას იძლევა. ეს პროდუქტი უცხოეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირიც ღირს. კარგი იქნება, თუ ქართველი ფერმერები ამ კულტურით დაინტერესდებიან.

- მოსავალს როდის იღებთ?

- თუ ბატატის შენახვას არ ვაპირებთ, მოსავლის აღება უნდა დაიწყოს მაშინვე, როგორც კი კარტოფილის ბოლქვები სათანადო ზომას მიაღწევს. შესანახი ბატატის მოსავალი კი უნდა ავიღოთ მხოლოდ სრულად მომწიფების შემდეგ. სიმწიფის დასადგენად ბოლქვს დანით სერავენ. თუ გადანაჭერი მალე გაშრა, ე.ი. მომწიფებულია, თუ არ გაშრა და გაშავდა კიდეც, ეს ნიშნავს, რომ  მოუმწიფებელია.

მოსავლის აღებამდე 1-2 დღით ადრე საჭიროა ბატატის მიწისზედა მასის მოთიბვა და ნაკვეთიდან გატანა. მიწიდან ამოღებული ბატატი კი ნაკვეთზე გასაშრობად 1-2 საათს უნდა დარჩეს.

- მსხლისებრი პამიდორი და ბატატი სათბურში მოგყავთ თუ ღია გრუნტში?

- საცდელი ნაკვეთი ამ ეტაპზე ღია გრუნტშია და მას შესაბამისი კომპეტენციის ორი ადამიანი უვლის. ახლა გვაქვს პამიდვრის რამდენიმე სახეობა და ბატატი. მომავალში სხვა ერთწლიანი კულტურების იშვიათი ჯიშების წარმოებასაც ვგეგმავთ.

ლალი ფაცია