დამბალხაჭოს ძეგლის სტატუსი მიენიჭა - კვირის პალიტრა

დამბალხაჭოს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

დამბალხაჭო ტრადიციული ფშაური საკვებია, უცხო გემოთი გამოირჩევა და ძალიან სასარგებლოა

ფშავური კვერები ცხვა...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დამბალხაჭოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. დამბალხაჭო (დამბალი ხაჭო) - ტრადიციული ფშაური საკვებია, რომელსაც კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი დოს ხაჭოსგან ამზადებენ. ფშაური დელიკატესი ერთი შეხედვით თაფლაკვერს მოგაგონებთ, თუმცა რძის ეს პროდუქტი, უცხო, საინტერესო გემოთი გამოირჩევა და ძალიან სასარგებლოა.

დამბალხაჭოს დამზადების ტრადიცია ფშავსა და ფშავლებით დასახლებულ რეგიონებშია შემორჩენილი. ზოგი კი დამბალხაჭოს გასაყიდადაც აწარმოებს. ცნობისთვის, სხვა საგზალთან ერთად, ის ფშავ მეომრებს საკვებად მიჰქონდათ - მსუყეც არის და კარგადაც ინახება.

ფშავლები დამბალხაჭოს დამზადებას მაისში იწყებენ, როცა წველა-დღვება იზრდება. მოწველილ რძეს წურავენ, ასხამენ დიდ ჭურჭელში. გაცივებისას რძის ზედაპირზე ნაღები ჩნდება, რომელსაც ხდიან და ემალის ჭურჭელში აგროვებენ, ვიდრე მოხდილი რძის მოცულობა 20-25 ლიტრს არ მიაღწევს. კიდევ რამდენიმე დღით გაჩერება შედედებისთვის არის საჭირო. მერე რძე დაბლა შრატს გაიჩენს. შრატის მოშორების შემდეგ შედედებულ მასას ასხამენ ჩხუტში (ხის პატარა კასრი) და ბარნელით (ხის ჯოხი, რომლის ბოლოზეც არის 4 ფრთა) დღვებენ. თითქმის საათ-ნახევრის უწყვეტი მოძრაობის შემდეგ ეს მასა კარაქს გაიჩენს. შედღვებილი მასა სულ უფრო მსუბუქდება. კარაქის გუნდები ერთ მთლიან მასად შეიკვრება, რომელიც ფრთხილად უნდა ამოვიღოთ და ცივ, გამდინარე წყალში გავრეცხოთ.

დარჩება დო, რომელსაც ცალკე ჭურჭელში გაწურავენ და ნელ ცეცხლზე დგამენ. გათბობის შედეგად დო ახაჭოვდება. მიღებულ მასას ნაჭრის ქისაში გაწურავენ, რომელსაც პირს შეუკრავენ და დაახლოებით 12 საათს ჩამოკიდებულს ტოვებენ. შემდეგ ხაჭო გადააქვთ თასში, აყრიან მარილს და ხელით ნახევარ საათს ზელენ. მიღებულ მასას აგუნდავებენ, აძლევენ მრგვალ ფორმას (დიამეტრი დაახლოებით 10 სმ), აწყობენ ე.წ. ძობანში (წვრილი წნელებისგან მოწნული ჭურჭელი) და გასაშრობად ისეთ ადგილზე ტოვებენ, სადაც მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება, რათა კვერები არ დასკდეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, როცა კვერები კარგად გაშრება, აწყობენ თიხის ქოთანში ან ემალის ჭურჭელში. გამოსაშრობად ფშავლები ცეცხლსაც იყენებენ - კვერებს დააწყობენ ლასტზე, ქვეშ ნელ ცეცხლს შეუნთებენ, ისე, რომ ბოლავდეს. გამოშრობის შემდეგ სათითაოდ რეცხავენ, რათა კვერს ბოლის სუნი და გემო არ დაჰყვეს. გარეცხილ კვერებს ისეთ ჭურჭელში ალაგებენ, რომ ჰაერი არ შეუვიდეს და დაახლოებით 1-1,5 თვეს ტოვებენ. ჰერმეტულობისა და მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ქოთანი შეიძლება მიწაში დაიფლას. კვერები გარედან "კეთილშობილ ობს" იკიდებს, რომელიც გემრიელიც არის და სასარგებლოც. ობიანი კანის შიგნით ხაჭოს კვერები ლბება და სასიამოვნო ოქროსფერს იღებს.

დამბალხაჭო ჭამამდე უნდა გაფხიკო და ობი გააცალო. ის შეგიძლიათ პურთან ერთად მიირთვათ ყველის მსგავსად. მისგან ხაჭოერბოსაც აკეთებენ.

კვერებს რგოლებად ჭრიან. ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე ჯერ ერბოს აცხელებენ, შემდეგ კვერის ნაჭრებს დააწყობენ და ურევენ, რომ არ მიიკრას. როცა მასა ერთგვაროვან სახეს მიიღებს, კერძიც მზად არის. გემოვნების მიხედვით, ზოგი მასში პურის ნატეხებსაც ყრის.